LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

7 თვიანი ხმაური, საპროტესტო აქციები და პიკეტირებული კორპუსები – რა ხდება თსუ-ში

90

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში „აუდიტორია 115“-ის პროტესტი გრძელდება. უკვე მეექვსე დღეა სტუდენტებს  დაკავებული აქვთ უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსი. მათი მთავარი მოთხოვნა თვითმმართველობის არსებული მოდელის გაუქმება და საფაკულტეტო საბჭოში სტუდენტების პირდაპირი არჩევის წესი.

29 ნოემბერს შეხვედრა გაიმართა განათლების და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარეს მარიამ ჯაშსა და სტუდენტებს შორის. თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის წევრებსა და მარიამ ჯაშს შორის შეხვედრა 1 საათს გრძელდებოდა, ხოლო „აუდიტორია 115“ და კომიტეტის თავმჯდომარე 3 საათნახევრის განმავლობაში აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს. როგორც შეხვედრის დროს მარიამ ჯაშმა აღნიშნა, რთული საკითხები ჰქონდათ გადასაწყვეტი. შეხვედრის დასრულების შემდეგ განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ შეთანხმება 5 ძირითად პუნქტად ჩამოყალიბდა.

mariamjashiii-cr-739x428

„პირადად მე, მარიამ ჯაში ვიზიარებ 2 ძირითად პრინციპს. ეს არის: უფრო თანაბარი უფლება ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით სტუდენტებისთვის და გარკვეული ცვლილებების განხორციელება, რომლებიც სტუდენტებს უფრო თანაბარ შესაძლებლობებს მისცემს სტუდენტური ცხოვრების პროცესში. რამდენადაც ეს ორი ინიციატივა იწვევს დღეს არსებულ რეგულაციებში არაერთ ცვლილებას, ჩვენ გვჭირდება უფრო ფართო ფორმატში სამუშაო პროცესის დაწყება. აღნიშნული ფართო ფორმატი უზრუნველყოფს არამხოლოდ ერთი ან მეორე მხარის მონაწილეობას, არამედ ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობას. მე მზად ვარ მედიატორის როლი შევასრულო. პირველი შეთანხმება უკვე მიღწეულია და 5 დეკემბერს ჩვენ გაფართოებული ფორმატში კომიტეტის წევრებთან ერთად მოვისმენთ „აუდიტორია 115“-ის და სხვა მხარეების პოზიციებს. ჩვენ დავიწყებთ საკანონმდებლო ინიციატივის განხილვის პროცედურას და რეალისტური იქნება თუ კონკრეტული ცვლილებები საგაზაფხულო სესიისთვის გვექნება მზად,“ – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

თუმცა საკანონმდებლო ცვლილებების გაზაფხულის სესიამდე გადატანას არ ეთანხმება „აუდიტორია 115“. როგორც აუდიტორიის წევრი ლევან ლორთქიფანიძე „ფორტუნასთან“ საუბარში ამბობს, ისინი უკვე 7 თვეა აწარმოებენ მოლაპარაკებებს და გადადების დრო აღარ არის. ასევე, არ პირებენ 5 დეკემბრამდე საპროტესტო ტალღის შეწყვეტას და კვლავ რჩებიან თსუ-ს მეექვსე კორპუსში.

 „მეექვსე კორპუსის დაკავების დრო ვთქვით, რომ ან შეასრულონ, რასაც  დაგვპირდნენ 7 თვის წინ , ან – აქ დავრჩებით მანამ, სანამ შეგვიძლია. ჯერ-ჯერობით, ვრჩებით აქ. მარიამ ჯაშთან ერთადერთ რამეზე შევთანხმდით : 5 დეკემბერს განათლების და მეცნიერების კომიტეტი გამართავს გაფართოებულ სხდომას, რომელზეც მოისმენს სტუდენტური მმართველობის შესახებ სხვადასხვა ინიციატივებს. ჩვენ შევეცდებით, ჩვენი საკანონმდებლო ინიციატივა დავასაბუთოთ და დავარწმუნოთ კომიტეტის წევრები, რომ ეს ცვლილებები სასწრაფოდ არის მისაღები,“ – ამბობს ლევან ლორთქიფანიძე.

კითხვაზე, რა გეგმები აქვთ იმ შემთხვევაში, თუ საკანონმდებლო ცვლილებები გაზაფხულის სესიამდე გადაიდება, „აუდიტორია 115“-ის წევრი აცხადებს, რომ ამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებენ და შემდეგ გადაწყვეტენ თუ რას გააკეთებენ.
რაც შეეხება მეორე მხარეს, სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ბახვა კვირიკაშვილი აცხადებს, რომ ისინი მზად არიან ნებისმიერი ადამიანთან საქმიანი დიალოგისთვის, რომლის მიზანი იქნება შედეგზე ორიენტირებული სამომავლო საქმიანობა და არა პოპულიზმი.

„მარიამ ჯაშთან ჩვენ წარვადგინეთ ჩვენი წარსული საქმიანობა და პოზიტიური ცვლილებები, რომლებიც უკვე განვახორციელეთ და ასევე ვესაუბრეთ შემდგომი განვითარების გეგმებზე, რომლემსაც განვახორციელებთ მეექვსე მოწვევის სტუდენტური თვითმმართველობის ფარგლებში. ძალიან კარგი იქნება თუ გავითვალისწინებთ ერთ მომენტს, როდესაც გვინდა ცვლილება და კონკრეტული შედეგი, შეიძლება უფრო მარტივი გზებით დადგეს, არ უნდა ვეძებოთ რთული გზა“, – განაცხადა ბახვა კვირიკაშვილმა.

12722649_1137880969556261_765156961_o-e1458062051797

სტუდენტები, რომლებიც არცერთი მხარის წარმომადგენლები არ არიან, აცხადებენ, რომ უნივერსიტეტში რეფორმების გატარებას მხარს უჭერენ, მაგრამ გამოხატვის ფორმებს არ ეთანხმებიან.

„მომხრე ვარ, რომ უნივერსიტეტში ყველა სტუდენტი უნდა სარგებლობდეს თანაბარი უფლებებით, მეტი თანხა უნდა ჩაიდოს მეცნიერების განვითარებაში, თუმცა გამოხატვის მსგავსი ფორმა მიუღებელია. პირადად მე მეექვსე კორპუსში მიტარდება ლექციები და იმიტომ რომ შენობა დაკავებული აქვთ აუდიტორიის წარმომადგენლებს, მიწევს მაღლივში სიარული, რაც ჩემთვის დიდი დისკომფორტია. სწავლის პროცესს ხელი არ უნდა შეეშალოს,“ – აცხადებს „ფორტუნასთან“ საუბარში მეოთხე კურსის სტუდენტი ცოტნე ტაბატაძე.

იგივე პოზიცია აქვთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორების ნაწილსაც. როგორც თამარ ბელქანიამ აღნიშნა, იმ ცვლილებების მომხრეა, რასაც „აუდიტორია 115“ ითხოვს, თუმცა გამოხატვის ეს ფორმა მისთვისაც მიუღებელია.

„დავიწყებ იმით, რომ აუდიტორია 115-ის მოთხოვნებს აბსოლუტურად ვეთანხმები. უნდა მოხდეს განათლებაში მეტი თანხის ჩადება, უფრო ლიბერალური უნდა გახდეს სტუდენტური გაერთიანებები. დავატებდი იმას, რომ ინფრასტრუქტურა უფრო უნდა გაძლიერდეს უნივერსიტეტში. რაც შეეხება გამოხატვის მსავს ფორმას, როგორც თავად ამბობენ, ოკუპირებული მეექვსე კორპუსი, ჩემთვს ეს არის მიუღებელი,ზოგადად რადიკალიზმის წინააღმდეგი ვარ, მე ვარ დიალოგის მომხრე, ეს არ არის მხოლოდ მათი ექსკლუზიური იდეა, მაგ იდეაზე ვართ ჩვენც, ამიტომ შენობის და იდეის მონოპოლიზებით მიმაჩნია, რომ უბრალოდ თანამოაზრეებს კარგავენ და არ მინდა რომ იდეა დაიკარგოს, რადგან რეფორმები უნივერსიტეტში არის აუცილებელი, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ უნივერსიტეტში ბევრი რამ კეთდება.“

რაც შეეხება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს გიორგი შარვაშიძეს, მისი თქმით, მთავარი პრინციპია, რომ ყველა სტუდენტის უფლება უნდა იყოს დაცული.

„პრინციპების დონეზე შეთანხმება ძალიან ადვილია. პრინციპი არის ერთი და ს პრინციპი არის შეუვალი, ყველა მხარე თანხმდება, რომ სტუდენტების უფლებები უნდა იყოს რეალიზებული და ყველა სტუდენტს უნდა ჰქონდეს თანაბარი უფლება, რაც შეეხება იმას თუ როგორ ვაკეთებთ ამ ყველაფერს, ეს საკითხი გადადის სხვა ფორმატში და ეს ფორმატი იქნება საკომიტეტო მოსმენების და მაქსიმალური ცართულობის ფორმატი, „ – განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.

15232184_643671352482022_2539842168017648549_n

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაპირისპირება უკვე 7 თვეა გრძელდება. სტუდენტების გაერთიანება „აუდიტორია 115“ მარტის თვეში ჩამოყალიბდა. მაშინ სტუდენტები აპროტესტებდნენ უნივერსიტეტის კანცლერობის კანდიდატად გიორგი გაფრინაშვილის წარდგენას და უნივერსიტეტში ე.წ. „ოდეერის“ სამსახურის არსებობას. გიორგი გაფრინდაშვილმა პრემიერ-მინისტრის თხოვნის საფუძველზე მოხსნა თავისი კანდიდატურა, თუმცა სტუდენტების პროტესტი ამით არ დამთავრებულა. მათ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს წარუდგინეს მოთხოვნები:  განათლების სისტემაში ძირეული რფორმები, რაც გულისხმობს, ფუნდამენტური მეცნიერების წინ წამოწევას, თვითმმართველობის სტრუქტურის გაუქმებას და სტუდენტების წარმომადგენლობით საბჭოებში პირდაპირი წესით არჩევას, ე.წ. „ოდეერების“ გამოვლენას და მათ მიერ უნივერსიტეტების დატოვებას.
როგორც სტუდენტებთან შეხვედრის შემდეგ გიორგი კვირიკაშვილი აცხადებდა, ის მიესალმებოდა სტუდენტების ამ ინიციატივას, თუმცა ამბობდა იმასაც, რომ ამ რეფორმების გატარება გარკვეულ დროს მოითხოვდა. სწორედ ამ პერიოდში გადადგა რექტორის თანამდებობიდან ვლადიმერ პაპავა, მის გადადგომას ითხოვდა თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობა, მოგვიანებით, როგორც აღმოჩნდა, „აუდიტორია 115“-იც მიესალმებოდა ვლადიმერ პაპავას გადაწყვეტილებას რექტორობიდან წასვლის თაობაზე. 23 სექტემბრიდან უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძეა. მარტის თვიდან დღემდე პერიოდულად იმართება აქციები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. „აუდიტორია 115“-ის მოთხოვნები უცვლელია. ყველა მხარე თანხმდება, რომ უნივერსიტეტში რეფორმები საჭიროა, თუმცა ვერ თანხმდებიან რეფორმების გატარების გზებზე.

 

ავტორი გვანცა ბზიავა