LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

8 ივლისამდე ამინდის მკვეთრი გაუარესებაა მოსალოდნელი

47

საქართველოში 8 ივლისამდე ამინდის მკვეთრი გაუარესებაა მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული  სააგენტოს ინფორმაციით, ნავარაუდევია დროგამოშვებით წვიმა ელ-ჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერებაც.

ამასთან, სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა, შესაძლებელია, საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება გამოიწვიოს, მცირე მდინარეებზე კი – წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესები გააქტიურდეს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 5 ივლისს, ღამის საათებში, მდინარე ნენსკრას აუზში, სავარაუდოდ, უხვი ატმოსფერული ნალექის შედეგად ადიდდა მდინარე ნენსკრა, რამაც ღვარცოფული პროცესების განვითარება გამოიწვია.

სოფელ ჭუბერში მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, სტიქიის ზონაში მცხოვრები ყველა მოქალაქე არის უსაფრთხო ადგილზე და მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

უხვი ნალექის შედეგად, სოფელ ჭუბერში მთის ნაწილის ჩამოშლამ მდინარე ნენსკრას ადიდება გამოიწვია. სოფელი ჭუბერი და კიდევ რამდენიმე დასახლება გარესამყაროსაა მოწყვეტილი. მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლის გამო, დაიტბორა მიმდებარე ტერიტორია. ჩამოწოლილმა მეწყერმა და მოვარდნილმა ღვარცოფმა სოფლებთან დამაკავშირებელი ხიდები და ორი სახლი წაიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები