LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

8 რამ, რისი გაკეთებაც ბავშვის თანდასწრებით არ შეიძლება

266

ბავშვის აღზრდა საკუთარი თავის აღზრდასაც ნიშნავს, რადგან ზოგჯერ იმას ვაკეთებთ, რაც ვიცით, რომ აკრძალულია, მაგრამ მაინც ჯიუტად ვაკეთებთ. დროა, განვთავისუფლდეთ მავნე ჩვევებისგან, რათა იგივე არ გაიმეორონ ჩვენმა შვილებმა!

გაჯეტებით სარგებლობა – „კომპიუტერს ზიანი მოაქვს, მულტფილმების ხშირად ყურება კი მავნებელია“, – ვამბობთ და თავად სულ კომპიუტერს, პლანშეტს ან მობილურ ტელეფონს ვართ მიჩერებული. მართალია, მუდმივად მიზეზს ვიგონებთ და თითქოს საქმით ვართ დაკავებული, მაგრამ ბავშვი ხედავს როგორი გატაცებით ვაშტერდებთ მონიტორს და რა გასაკვირია, რომ თვითონაც იგივეს იმეორებს?! ასე რომ, დროა საყვარელი გაჯეტები გვერდზე გადავდოთ და მეტი ყურადღბა მივაქციოთ რეალური ადამიანებს, პირველ რიგში საკუთარ შვილებს.

მეუღლესთან კამათი – ხშირია შემთხვევები, როცა მამა სჯის ან ჭკუას ასწავლის ბავშვს, დედა კი, პირიქით – მამას გადაჭარბებულ სიმკაცრეში ადანაშაულებს, ბავშვს კი, ზედმეტად ანებივრებს. ფსიქოლოგები გვირჩევენ თავი შვიკავოთ ამგვარი ქცევისგან და არასდროს ვეკამათოთ მეუღლეს ბავშვის თანდასწრებით, რათა არ დავამციროთ და შევარყიოთ მისი ავტორიტეტი. მარტო დარჩენილს კი, თავისუფლად შეგვიძლია მივუთითოთ შეცდომაზე და ვუთხრათ, რისი გაკეთება იქნება უკეთესი.

უცენზურო სიტყვები – ბოლო წლებში  ალბათ, თქვენი ლექსიკური მარაგიც სერიოზულად „დაბინძურდა“ ჟარგონით, მოდური, თუმცა ნაკლებად გასაგები ან უცენზურო სიტყვებით. დროა მოვუსმინოთ საკუთარ თავს და გავაკეთოთ შესაბამისი დასკვნები, რათა ჩვენი უყურადღებობით ბავშვი არ ვაზარალოთ და ადრეულ ასაკში არ „გავუფუჭოთ“ მეტყველება.

ყვირილი და ჩხუბი – ოჯახის წევრების ყვირილის და მუდმივი ჩხუბის შემყურე ბავშვი ყოველთვის ნერვიული და ადვილად აგზნებადია, რაც ისევ ჩვენი დანაშაულია, ამიტომ აუცილებელია ვისწავლოთ თავშეკავება, ემოციების მართვა და საკამათო საკითხების მშვიდობიანად მოგვარება.

ნაცნობების კრიტიკა – წყენით ან უსაქმურობით ხშირად განვიხილავთ ნაცნობებს და შესაძლოა, მოგვიანებით საკუთარი ნათქვამი ვინანოთ, მაგრამ უკვე გვიან იქნება. დროა გადავეჩვიოთ ჭორაობას და პირველ რიგში ბავშვების თანდასწრებით, რადგან ერთის მხრივ პატარას ყველაფერი ესმის და ყოველთვის თავისუფლად შეუძლია გადასცეს სხვას თქვენი ნათქვამი, მეორეს მხრივ კი, ის ყოველთვის მშობლების მოქმედებას იმეორებს და რა სასიამოვნოა, როცა ბავშვი „ჭორიკანა“ იზრდება.

მავნე ჩვევები – თუ ალკოჰოლზე ან თამბაქოზე ხართ დამოკიდებული ბავშვი კი, ყოველდღე აკვირდება თქვენს მავნე ჩვევებს, დიდი ალბათობით თვითონაც იგივეს გაიმეორებს, ამიტომ თუ საკუთარი ჯანმრთელობა არ გენანებათ, ბავშვი მაინც დაიცავით მსგავსი „სენისგან“.

სიცრუე – ბავშვისთვის მშობლები ყოველთვის ერთგვარი „უსაფრთხოების კუნძულია“, სადაც სანდო ადამიანების გარემოში მშვიდად და დაცულად გრძნობს თავს, ტყუილი კი, იდეალურ სამყაროს ანგრევს და პატარაც სამუდამოდ  კარგავს ადამიანების ნდობას.

უსაფრთხოების ნორმების უგულველყოფა – რა თქმა უნდა, ყველა მშობელი ასწავლის შვილს უსაფრთხოების წესების დაცვას – თუნდაც ქუჩაზე გადასვლიას, მერე კი, თვითონ არღვევს ყველა წესს, პატარა კი, არასდროს ითვალისწინებს მის რჩევას. საჭიროა, პირველ რიგში საკუთარ დისციპლინაზე ვიზრუნოთ და არ დავივიწყოთ, რომ სწორედ ჩვენ ვართ ჩვენი შვილების საუკეთესო მაგალითი!

 

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები