LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

8 თებერვალს ახალი არასამთავრობო ორგანიზაციის პრეზენტაცია იმართება

47

8 თებერვალს, საღამოს 5 საათზე, ეროვნული ბიბლიოთეკის დიდ დარბაზში არასამთავრობო ორგანიზაცია – „დიპლომატები კულტურისთვის“ პრეზენტაცია გაიმართება. საღამოს თანაორგანიზატორია თურქეთის საელჩო საქართველოში, ღონისძიება იმართება საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ზექი ლევენთ გუმრუქჩუს უშუალო პატრონაჟით.

„დიპლომატები კულტურისათვის“  არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომლის მიზანია, შეიქმნას პლატფორმა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატებისთვის, სადაც ორგანიზაციის წარმომადგენლები საელჩოების კულტურის ატაშეებთან ერთად დაგეგმავენ და განახორციელებენ ერთობლივ კულტურულ ღონისძიებებს. ორგანიზაციის მიზნებშია ქართული კულტურის მხარდაჭერა და პოპულარიზაცია, აღიარებული ქართველი არტისტების გაერთიანება დიპლომატიური კორპუსის მიერ დაგეგმილ საღამოებში და ერთობლივი კულტურული ღონისძიებების გამართვა. ორგანიზაციის მოქმედი წევრები იქნებიან დიპლომატიური მისიების კულტურის ატაშეები. 8 თებერვალს დამსწრე საზოგადოება გაეცნობა ორგანიზაციის მიერ დაგეგმილ აქტივობებს, ისაუბრებენ ახალი პლატფორმის შექმნის იდეასა და მნიშვნელობაზე.

პრეზენტაციის დასასრულს საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი მაესტრო ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით, სიმფონიური მუსიკის კონცერტს გამართავს. შესრულდება: პიეტრო მასკანი – ინტერმეცო ოპერიდან „სოფლის ღირსება“; ჟორჟ ბიზე – სიუიტა N.1 ოპერიდან „კარმენი“; ბიძინა კვერნაძე – „ცეკვა-ფანტაზია“ სიმფონიური ორკესტრისათვის; იგორ სტრავინსკი – სიუიტა ბალეტიდან „ფასკუნჯი“, ფინალი. 

პრეზენტაციას დაესწრებიან საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები და კულტურის ატაშეები; ასევე, სახელოვნებო წრეებისა და მედიის წარმომადგენლები; საგარეო საქმეთა სამინისტროს, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ტურიზმის დეპარტამენტისა და თბილისის მერიის ოფიციალური პირები.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები