LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

8 წლის გოგონას მამამ მაღაზიაში არასწორად ნაყიდი სიგარეტის გამო სცემა – მშობელი დაიჭირეს

83

მამამ, რომელიც შვილის ცემის გამო დააპატიმრეს,  მცირეწლოვან ბავშვს ჯერ ცემისგან ბეჭები დაუსია, შემდეგ კი ცხვირზე უკბინა – ამის შესახებ 8 წლის გოგონას ადვოკატმა რადიო “ფორტუნასთან” განაცხადა.

რა გახდა შვილის სასტიკი ცემის მიზეზი

24 იანვრის დილას, მამამ 8 წლის გოგონა მაღაზიაში თამბაქოს საყიდლად გაგზავნა, ბავშვმა კი შემთხვევით სხვა სიგარეტი შეიძინა. სახლში დაბრუნებულს მამა გაუბრაზდა და ხელმეორედ გაუშვა მაღაზიაში სიგარეტის გამოსაცვლელად, თუმცა გამყიდველმა გაყიდული სიგარეტი უკან აღარ დაიბრუნა.  ამის გამო კი შვილს მამა სასტიკად გაუსწორდა.

ბავშვის ადვოკატი იოსებ ნატროშვილი გოგონას მოყოლილს იხსენებს და ამბობს, რომ ბავშვს სასტიკად მოპყრობის კვალი სხეულზე ეტყობოდა.

”მაღაზიიდან შეცდომით ამოტანილი სიგარეტი გახდა მიზეზი იმისა, რომ მამამ გოგონას სასტიკად სცემა. როგორც ბავშვმა მითხრა, სიგარეტის კოლოფი გზაში დაუვარდა, კოლოფი დაზიანდა, გამყიდველმა კი უკან აღარ დაიბრუნა. მამა გაბრაზდა და სცემა. ცემისგან ბეჭები ჰქონდა დასიებული და ცხვირზე ნაკბენიც ეტყობოდა” – იხსენებს ”ფორტუნასთან” ბავშვის ადვოკატი.

სამართალდამცველებს დედამ შეატყობინა

8 წლის გოგონა მოძალადე მამისგან დედამ იხსნა და აღნიშნულის შესახებ სამართალდამცავებს შეატყობინა. მოძალადე მშობელი დაიჭირეს, სასამართლო პროცესზე მთავარ მოწმედ კი გოგონას დედა წარსდგა, რომელიც, მცირეწლოვან შვილთან ერთად ითხოვდა მოძალადის მთელი სიმკაცრით დასჯას.

”გოგონას მშობლებს ხელი მოწერილი არ აქვთ. საერთო შვილი ჰყავთ და ერთად ცხოვრობდნენ. დედა იყო ფაქტის შემსწრე და თვითმხილველი. დედაც და ბავშვიც მომხრეები იყვნენ, რომ ამ კაცს დანაშაულზე პასუხი ეგო. როგორც ვიცი, სხვა დროს ძალადობის მსგავს ფორმას ოჯახში ადგილი არ ჰქონია” – აცხადებს ”ფორტუნასთან” იოსებ ნატროშვილი.

მამას თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით მიესაჯა

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ვ.ლ. შემთხვევის ადგილზე დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126/1 – მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, ჩადენილი არასრულწლოვნის მიმართ, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) წარედგინა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ვ.ლ. სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით განუსაზღვრა.

 

გვანცა ბზიავა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები