LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

800 თეთრი კორპუსი – ახალი არტ ინსტალაცია იპოდრომზე

ეს არც საფლავებია და არც ახალი მშენებლობა (ჯერჯერობით) – ყოფილ იპოდრომზე ეს თეთრი ფიგურები ვახო ბუღაძისა და კოტე ჯინჭარაძის ლენდ-არტია სახელწოდებით „800 თეთრი კორპუსი“.

ინსტალაცია საბჭოთა პერიოდის იპოდრომის ნანგრევებზე მინიმალური ჩარევითაა წარმოდგენილი და ის დღეს გაიხსნა.

ქალაქის ორი რაიონის გამყოფ ერთ-ერთ ფერდობზე არსებული  ტრიბუნა ჩაცვენილი ასფალტის საფეხურებით, გაურკვეველი სტატუსის მქონე მყოფ დიდ მინდორს გადაჰყურებს. მას მოპირდაპირე მხარეს კი ახალაშენებული, მრავალსართულიანი კორპუსები ემიჯნება.

„800 თეთრი კორპუსი“ ხელოვნების რეფლექსიაა ისტორიაზე, ქალაქზე, დროზე და მის ეფემერულობაზე…

„მეგაპოლისის გზაზე დამდგარ ქალაქში, ჯერჯერობით შენარჩუნებული, დაკონსერვებული და თვითდინებაზე მიშვებული ეს რეკრეაციული ზონა, ქვეყნის არაოფიციალური მმართველის, ოლიგარქის საკუთრებაა. არავინ იცის თუ რა ბედი ეწევა მას უახლოეს მომავალში“, – სწორედ ეს გაურკვევლობა ასახეს ხელოვანებმა ინსტალაციაში.

©მაგდა გურული

თბილისის იპოდრომის ტრიბუნები თავისი ფუნქციით და ისტორიით, სპორტული სანახაობების, მაყურებლის სპონტანური ემოციების ღია გამოხატვის ადგილი, დღეს თავისი დანიშნულების საპირისპიროდ გამოიყურება და მდუმარე ამფითეატრს მოგვაგონებს.

© მაგდა გურული

 

იპოდრომის უახლესი წარსული და აწმყო

საზოგადოების დიდი ნაწილი ძველ იპოდრომზე, ქალაქის ცენტრალური პარკის გაშენებას ითხოვდა, თუმცა მერიამ მოთხოვნის პასუხად განაცხადა, რომ ის კერძო მფლობელის საკუთრებაშია და ამის გამო, ადგილზე სარეკრეაციო პარკის გაშენება დედაქალაქის მთავრობის მიერ შეუძლებელი იყო.

თუმცა,  ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ  ძველ იპოდრომთან ესტაკადის მოწყობაზე ტენდერი გამოცხადდა.

პროექტი ცინცაძე-კარტოზიას ქუჩების გადაკვეთაზე სატრანსპორტო კვანძის მოწყობას გულისხმობს. შედეგად, ცინცაძის (ყოფილი საბურთალოს) ქუჩიდან თამარაშვილის მიმართულებით გადაადგილება ესტაკადით იქნება შესაძლებელი. შეფერხების გარეშე განხორციელდება მოძრაობა ყაზბეგის გამზირიდან ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის (საბურთალოს ახალი გზა) მიმართულებით.

იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე ესტაკადის მშენებლობის წინააღმდეგ პეტიცია შეიქმნა.

აღსანიშნავია, რომ ადგილზე ესტაკადა 2016 წელს უნდა აშენებულიყო, თუმცა იმის გამო, რომ ტერიტორია კერძო მესაკუთრის მფლობელობაში იყო, პროექტი შეფერხდა.

მშენებლობებიც, რომელიც ადგილზე შეჩერებული იყო, პერიოდულად ახლდება და ყოფილ იპოდრომზე კორპუსების რაოდენობა თანდათან მატულობს.

თბილისის იპოდრომი ადრე

და ახლა

თამთა უთურგაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები