LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”8000 მოსავალი” – ადგილი, სადაც ყველა ღვინო ფარული დეგუსტაციის წესითაა შერჩეული

830

ღვინის მაღაზია-ბარი ”8000 მოსავალი” უცხოეთში გასვლას გეგმავს. ბაზარი, რომლის დაპყრობასაც ”ქართული ღვინის კოოპერაცია” აპირებს, შანხაია, მანამდე კი კომპანიაში არ გამორიცხავენ, რომ თბილისში კიდევ ორი მაღაზია გახსნან.

როგორც ”ფორტუნას” კომპანიის თანადამფუძნებელმა და მმართველმა დირექტორმა ირაკლი ჩხაიძემ განუცხადა, მაღაზია-ბარი, რომელიც ცინცაძის ქუჩაზე მდებარეობს, ერთგვარი სატეტსტო ვერსიაა, სადაც პრიორიტეტი ენიჭება ღვინის დაგემოვნების შესწავლას და ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაციას.

”ეს არის სატესტო პროექტი, სადაც ვსწალობთ როგორ უნდა იმართებოდეს ღვინის მაღაზია, რა მარკეტინგული ხელსაწყოები უნდა გამოვიყენოთ. ჩვენი პრიორიტეტია ქართული ღვინის პოპულარიზაცია და ყოველთვის კოოპერაციაში ვიქნებით მათთან, ვინც ღვინის დარგს გააუმჯობესებს,” – განუცხადა ”ფორტუნას” ჩხაიძემ.

მისივე თქმით, სწორედ ამ მიზნით შანხაში ორი მაღაზია გაიხსნება, ხოლო რაც შეეხება თბილისს, ”8000 მოსავლის” ობიექტები შარდენზე და ვაკეში განთავსდება.

”ტურისტულ სივრცეში ვხსნით იმიტომ, რომ იქ არსებული მაღაზიების თამასა ავწიოთ, რათა იმათაც კონკურენცია იგრძნონ, არ გაყიდონ ყველაფერი რაც ხელში მოხვდებათ და ამის გამო ქართული ღვინის იმიჯი არ დაეცეს” – ამბობს ჩხაიძე და აღნიშნავს, რომ თავიდანვე მაღაზია-ბარის კონცეფცია მორგებული იყო ადგილობრივ მოსახლეობაზე და არა ტურისტებზე, რაც სტრატეგიული გადაწყვეტილება იყო – ამით მენეჯმენტმა ერთგვარი გამბედაობა გამოიჩინა – თუ ქალაქის მოსახლეობა დაიწყებს ღვინის სწორად სმას, კომპანიაც იხეირებს და ქართული ღვინის წარმოების დარგიც.

რაც შეეხება მიზეზებს, თუ რატომ უნდა მივიდეს მომხმარებელი ”8000 მოსავალში”, ირაკლი ჩხაიძე განმარტავს:

”პირველი ის, რომ გაქვს ღვინოები, რომლებიც სომელიეების დეგუსტაციას გადის და მომხმარებელმა იცის, რომ ეს ღვინო არის უზადო, ანუ ჯანმრთელი, ორგანულად განვითარებული და ფერი, არომატი და გემო აქვს დახვეწილი. მეორე – თუ ღვინის დალევა გინდა, სადაც არ უნდა შეხვიდე, ნებისმიერ ბარში და რესტორანში, ღვინოზე ძალიან დიდი ფასნამატია – სამმაგი და ოთხმაგი. ჩვენთან ბარში კი ღვინოს თაროს ფასად ვყიდით,” – ამბობს ჩხაიძე.

რაც შეეხება ტრენდს, კომპანიის თანადამფუძნებელი იხსენებს, რომ თავდაპირველად მაღაზიას სტუმრობდნენ მომხმარებლები, რომლებიც არაყს, ჩამოსასხმელ ღვინოს ეძებდნენ.

”ვეუბნებოდით რომ ჩვენ მხოლოდ ბოთლის ღვინოს ვყიდით, რადგან ამ მიმართულების პოპულარიზაცია გვინდა. მათ უკვირდათ და ამბობდნენ, ბოთლის ღვინოს ვერ მოწრუპავდნენ – თუ არ მოვიყუდეთ ისე, ვერ დავლეთო. ის ადამიანებიც კი დღეს ჩვენ ისევ გვსტუმრობენ, ღვინოს წრუპავენ და ერთმანეთს ეკამათებიან – ღვინოს ჩირის არომატი აქვს, მსხლის თუ ატმის,” – იხსენებს მმართველი დირექტორი.

მაღაზია-ბარს უცხოელებიც სტუმრობენ, თუმცა, როგორც კომპანიაში განმარტავენ, მათ ყოველთვის თან ახლავთ ქართველი მასპინძელი -მაღაზია ქართველებისთვის სტუმრის მოყვანის ადგილი გახდა, სადაც უცხოელ სტუმარს ქართულ ღვინოს აცნობენ.

”სადაც ტურისტები დადიან, იმ ობიექტებს ადგილობრივები ნაკლებად სტუმრობენ. ტურისტულ ობიექტებში ყველამ ვიცით, რომ ფასი არის მაღალი და არ შეესაბამება ხარისხს, თანაც დიდი ნაკდების შემთხვევაში ხარისხს ვერ იჭერენ. თუმცა ვფიქრობთ, რომ ეს ადგილიც ტურისტებისთვისაც მიმზიდველია. უკვე TripAdvisor-ზეც გამოვჩნდით და City Sightseeing-თანაც ვთანამშრომლობთ. განსაკუთრებით მოსწონთ ღვინის კლასი, რომელიც ტარდება როგორც ქართულად, ასევე ინგლისურად და რუსულად,” – ამბობს ჩხაიძე.

მმართველი დირექტორი სიახლეებზეც გვესაუბრება. მისი თქმით, სექტემბრიდან გააქტიურდება კამპანია #აჩუქეღვინო, რაც ღვინის საჩუქრად გაცემის პოპულარიზაციას გულისხმობს, თანაც მაღაზიაში უამრავი სხვადასხვა სახეობის შესაფუთი მასალა აქვთ და ფიქრობენ, რომ განსაკუთრებით, ახალი წლისთვის ეს მიმართულება კარგად იმუშავებს. კომპანიამ კიდევ ერთი აქცია #აჩუქეღვინისკლასიმამას წამოიწყო, ”იმიტომ რომ ჩვენს მამებს ღვინის სმის სხვა კულტურა აქვთ. ღვინის სმა ვიცით გაჭყიპვით, ყანწით, რაც ღვინის შეურაცხყოფაა და ამ დროს გემოს, არომატს და ფერს არ აკვრიდებიან. გვინდა ეს თაობაც ჩავრთოთ,” – განუცხადა ”ფორტუნას” ჩხაიძემ.

მაღაზია-ბარში 306 სხვადასხვა  ღვინოა წარმოდგენილი. დეგუსტატორებმა ფარული დეგუსტაციით 752 ბოთლი ღვინო გასინჯეს და მათ შორის ეს რაოდენობა შეარჩიეს. ფასები 6 ლარიდან იწყება, ყველაზე ძვირიანი ღვინო კი 140 ლარი ღირს. ”ძალიან ძვირიან ღვინოებს, რომლებსაც არაადეკვატური ფასი აქვთ, არ ვეტანებით” – განმარტავენ კომპანიაში. ამასთან, მაღაზია-ბარში ღვინის მწარმოებლებს ახალი ღვინოები მიაქვთ, 100 ბოთლის დაგროვების შემდეგ მათ სომელიეები ამოწმებენ. მოწონების შემთხვევაში ღვინო მაღაზიის თაროზე ინაცვლებს.

”გამოგვიჩნდნენ კაფეები, რესტორნები, რომლებიც ამბობენ, რომ საშუალება არ აქვთ სომელიეს დაქირავების და სურთ რომ უკვე ჩვენი თაროდან შეისყიდონ ღვინო. ანუ დავიწყეთ საბითუმო გაყიდვები, ბოთლზე კი ჩანს სტიკერი ”შერჩეულია 8000 მოსავლის მიერ”. რაც ნიშნავს იმას, რომ ღვინო ბრმა დეგუსტაციით არის შერჩეული,” – ამბობს ირაკლი ჩხაიძე.

ამასთან, მისივე თქმით, კომპანიის წესდებაში ჩადებულია მუხლი, რომ ”ქართული ღვინის კოოპერაცია” არასოდეს დაიწყებს საკუთარი ღვინის წარმოებას, რადგან ეს ინტერესთა კონფლიქტში მოდის კომპანიის პრიორიტეტებთან – ასეთ შემთხვევაში ყოველთვის იარსებებს მოტივი, რომ შენი საკუთარი გაყიდო და ხელი შეუშალო კარგი ღვინის რეალიზაციას.

ღვინის მაღაზია-ბარი მაისში გაიხსნა. ღვინისა და სხვადასხვა სახეობის კერძების გარდა, ბარი მომხმარებელს ღვინის მასტერკლასებსაც სთავაზობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები