LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

9 წელი აგვისტოს ომიდან: გოგიაშვილების ოჯახის ემოციური ისტორია (ვიდეორეპორტაჟი)

დამწვარი სახლი, დაზიანებული კოტეჯები და ფსიქოლოგიური პრობლემების გამო მიტოვებული კრივი – აგვისტოს ომის შემდეგ გოგიაშვილები ყოველდღიურად ამ პრობლემებს უყურებენ.

გოგიაშვილების ოჯახი გორის რაიონის სოფელ კარალეთში ცხოვრობს. ომარ გოგიაშვილი ომის დროს ამავე სოფლის საჯარო სკოლას დარაჯობდა, როცა პირველი ტყვიების ხმა მოესმა და ოჯახისა და მეზობლების დახმარებას შეეცადა. როგორც თავად ამბობს, სკოლა დაიცვა, სახლი კი – ვერა. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს გოგიაშვილებს სახლი მთლიანად დაეწვათ. წლების შემდეგ ადგილობრივმა თვითმმართველობამ ოჯახს 21,420 ლარი გამოუყო და საკუთარ ეზოში ორი კოტეჯიც აუშენა.

გოგიაშვილები ყვებიან, რომ კოტეჯების აშენებიდან რამდენიმე წლის შემდეგ პრობლემებმა იჩინა თავი, კერძოდ, ერთ-ერთ კოტეჯში იატაკი ჩაინგრა. ოჯახში ამბობენ, რომ აღნიშნული პრობლემით გამგეობას არაერთხელ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.

კიდევ ერთი მწვავე პრობლემა გოგიაშვილებისთვის ერთ-ერთი ვაჟის – გურიკას სპორტული კარიერის დასრულებაა. ომარ გოგიაშვილმა “ფორტუნას” უამბო, რომ მისი ვაჟი ომამდე კრივის ჩემპიონატის გამარჯვებული არაერთხელ გახდა. ფსიქოლოგიური და ეკონომიკური პრობლემების გამო გურიკა სპორტის ამ სახეობას ჩამოშორდა და დღეს ახალგაზრდა დაუსაქმებელია.

აგვისტოს ომიდან 9 წელი გავიდა, ემოციებმა კი ჯერ არ გაიარა – რა პირობებში ცხოვრობს გოგიაშვილების ოჯახი სოფელ კარალეთში, “ფორტუნას” სიუჟეტიდან შეიტყობთ.

 

თათია კაკიაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები