LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

979 დღის შემდეგ, ქართველი მეზღვაური გაათავისუფლეს – სოსლან კაკაბაძის აფრიკული დრამა

143

დღეს ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლიში გამართულ სასამართლო პროცესზე, სასამართლომ საქართველოს მოქალაქის, მეზღვაურ სოსლან კაკაბაძის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.

979 დღის შემდეგ, ქართველი მეზღვაური თავისუფალია.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ლიბიაში საქართველოს ელჩი (ეგვიპტეში) ალექსანდრე ნალბანდოვი იმყოფება. მათივე ცნობით, ელჩმა მოინახულა დაკავებული ქართველი მეზღვაურები და შეხვედრებს მართავს ლიბიის საგარეო უწყებასთან.

გათავისუფლებული ქართველი მეზღვაური ლიბიას უახლოეს დღეებში დატოვებს.

 

კაკაბაძის დრამა

სოსლან კაკაბაძე მეზღვაურია. ბათუმში არსებული საკრუინგო კომპანია GeoBridge KA-ს მეშვეობით, 2015 წლის აგვისტოში, ის კოკის (მზარეულის) პოზიციაზე, ტოგოს დროშის ქვეშ მცურავ, მალტის მცირე ზომის სანავთობო ტანკერ Sovereign M-ზე დასაქმდა.

მალტურ ტანკერს ეგვიპტელი კაპიტანი მართავდა, ეკიპაჟი კი თითო ხორვატი, მალტელი და ეგვიპტელი მეზღვაურისგან შედგებოდა. ქართველი კაკაბაძე მათ 2015 წლის 12 აგვისტოს შეუერთდა. 24 აგვისტოს კი ლიბიის ქალაქ საბრათას პორტთან ახლოს, ცარიელი ტანკერი ადგილობრივმა დაჯგუფებამ დააკავა.

ლიბიური მხარის მტკიცებით, Sovereign M კონტრაბანდული ნავთობის გადაზიდვას დედაქალაქ ტრიპოლიში გეგმავდა. დაკავების დროს მესაზღვრეებმა ტანკერის ეკიპაჟის წევრები სასტიკად სცემეს, ხუთ დღეში კი ელ-ზავიას ციხეში გადაიყვანეს, რომელიც სისასტიკით, ჯერ კიდევ ლიბიის ყოფილი დიქტატორის მუამარ კადაფის მმართველობის დროიდან არის ცნობილი.

კაკაბაძე თავიდან, 60 პატიმართან ერთად ღია ცის ქვეშ, რკინის გალიაში, გაუსაძლის და აუტანელ პირობებში იყო გამოკეტილი. შემდეგ დაკავებულებს ადგილი რამდენჯერმე შეუცვალეს.

აღსანიშნავია, რომ ეს ქართველი მეზღვაურის ყველაზე ხანგრძლივი დაკავებაა.

ფოტო: აფხაზეთის ხმა

ცნობილია ასევე სხვა, ნაკლებად ხანგრძლივი დაკავებები:

  • სულხან ჯორბენაძე (ტანკერი African Pride, ნიგერია) – 767 დღე, 08/10/2003 – 14.12.2005
  • მემედ ზაქარაძე, შალვა ვერძაძე, თემურ ბედინაძე, თემურ მახარაძე, ანზორ ფართენაძე, დავით დევაძე, ზურაბ შერვაშიძე, გიორგი სირაძე, ჯაბა ქარჩავა, ნუკრი ჯიჯავაძე, ირაკლი ჯიქიძე, თემურ ვარშანიძე, ასლან დემურაძე, ჯიმშერ ასანიძე, გენადი ტიმოფეევი (ტანკერი OLIB G, სომალი) – 489 დღე, 08/09/2010 – 09/01/2012, მეკობრეებმა გაანთავისუფლეს გამოსასყიდის 3 000 000 აშშ დოლარის გადახდის შემდეგ
  • ივერი ყურაშვილი, გიორგი ყურაშვილი, ზურაბ გურალია, აკაკი ქაჯაია, ირაკლი დანელია (ტვირთმზიდი Vasilios N, ლიბია) – 324 დღე, 21/04/2010 – 10/03/2011, დაკავებულებმა გაქცევა მოახერხეს
  • არტურ არუთუნიანი, ზურაბ გიორგაძე, ნიკოლოზ პიჟოვი, ალექსანდრე ჩიჩაძე, ანატოლი არხანგოროდსკი, გულადი რუხაძე (ტანკერი Jenlil, სომალი) – 225 დღე, 30/07/2002 – 07/02/2003, მეკობრეების ტყვეობას თავი უპრეცედენტო გაქცევით დააღწიეს