LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

99 წლის მარტოხელა მოხუცს სოციალური დახმარება შეუწყდა: სოციალური მომსახურების სააგენტოში მიზეზებზე საუბრობენ

105

ჭიათურაში მცხოვრებ 6 ოჯახს სოციალური დახმარების მიღება შეუწყდათ – ვიდეო სოციალურ ქსელში ვრცელდება. ჭიათურის მაცხოვრებლები გაუსაძლის საცხოვრებელ პირობებზე საუბრობენ და სახელმწიფოსგან იმ მიზეზების ახსნას ითხოვენ, რის გამოც მათ სოციალური დახმარება აღარ აქვთ.

99 წლის ეკატერინე ბარათაშვილი ჭიათურის სოფელ ქვაციხეში მარტო ცხოვრობს და სახელმწიფოსგან მხოლოდ პენსიას იღებს. ეკატერინე ბარათაშვილმა სოციალური დახმარების მოთხოვნით სააგენტოს პირველად 2006 წელს მიმართა, თუმცა დახმარება ვერ მიიღო, მიზეზად კი სარეიტინგო ქულების საკმარისზე მეტი რაოდენობა დასახელდა. ბარათაშვილი სახელმწიფოსგან დახმარებას მხოლოდ 2007 და 2012 წლებში იღებდა. მას შემდეგ დახმარება აღარ მიუღია.

”ფორტუნა” სოციალური მომსახურების სააგენტოს დაუკავშირდა. როგორც სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ტატა გამყრელიძე აცხადებს, ეკატერინე ბარათაშვილი საკმაოდ ნორმალურ პირობებში ცხოვრობს, მონაცემებში არ ფიქსირდება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები და გამყრელიძის თქმით, ის პენსია, რასაც სახელმწიფოსგან იღებს მარტო მცხოვრები 99 წლის მოხუცისთვის წესით საკმარისი უნდა იყოს.

”როდესაც საუბარი ეხება 99 წლის ქალს, რომელიც არ იღებს სოციალურ დახმარებას, ბუნებრივია, ყველა შემთხვევაში, სახელმწიფო გამოჩნდება დამნაშავედ და ამის საპირისპირო არგუმენტების ლუსტრაცია რთულია, მაგრამ ვიდეოშიც კარგად ჩანს, რომ ნორმალურ სახლში ცხოვრობს, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები არ აქვს, შესაბამისად სერიოზულ მედიკამენტურ მკურნალობასაც არ საჭიროებს. შესაძლებელია სჭირდებოდეს იაფფასიანი წნევის წამლები. გარდა ამისა, ჰყავს გერი, რომელიც ზრუნავს მასზე. ვცდილობ დავანახო საზოგადოებას, როგორ აფასებს სარეიტინგო პროგრამა ამ ქალბატონის მონაცემებს და რატომ ანიჭებს მას ისეთ ქულას, რაც საარსებო შემწეობას არ ითვალისწინებს” – განმარტავს ”ფორტუნასთან” ტატა გამყრელიძე.
[fbvideo link=”https://www.facebook.com/Chiaturis.saati/videos/982132361920505/?hc_ref=SEARCH” width=”500″ height=”400″ onlyvideo=”1″]

 

სოციალური დახმარების შეწყვეტის ერთი კონკრეტული მიზეზი არ არსებობს

ეკატერინე ბარათაშვილის მსგავსად სახელმწიფოსგან დახმარების მიღება შეუწყდა ჭიათურაში მცხოვრებ 5 ოჯახს. სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, ამ ოჯახებს დახმარება დიდი ხანია შეწყვეტილი აქვთ, ზოგიერთი მათგანი საარსებო შემწეობას 2014 წლის შემდეგ აღარ იღებს.

სააგენტოში დახმარების შეწყვეტის ძირითად მიზეზებად, ოჯახის მონაცემებში დაფიქსირებული მიწის ნაკვეთები და მაღალი კომუნალური გადასახადები სახელდება, რაც ხელს უშლის სახელმწიფოსგან მათთვის საარსებო შემწეობის გადაცემას.
როგორც სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ”ფორტუნასთან” აღნიშნავს, ერთი კონკრეტული მიზეზი, რატომ არ აქვთ ამ ოჯახებს სოციალური დახმარება, არ არსებობს, რადგან ამას წყვეტს არა სოციალური აგენტი, არამედ სპეციალური სარეიტინგო პროგრამა.

”ერთი კონკრეტული მიზეზის გადაჭრით თქმა შეუძლებელია. უზარმაზარი ფორმულა, რასაც ჩვენ მეთოდოლოგიას ვეძახით, თავად განსაზღვრავს ვის უნდა დაენიშნოს სოციალური დახმარება. შეიძლება ეს პროგრამა იდეალური არ არის, მაგრამ გარკვეულ ლოგიკას ბუნებრივია მიჰყვება” – აცხადებს ტატა გამყრელიძე.


რა შემთხვევაში იღებს ოჯახი სოციალურ დახმარებას

სოციალური დახმარების ქულათა სისტემა 2005 წელს დაინერგა. 2005 წლიდან 2015 წლამდე სოციალურ დახმარებას იღებდნენ ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულაც 57001-ზე ნაკლები იყო. 2015 წლიდან კანონში ცვლილებები შევიდა. ცვლილებების მიხედვით სარეიტინგო ქულის ზღვარმა 65000-მდე აიწია, გარდა ამისა, ისეთი ყოველდღიური მოხმარების საგნები, როგორიც არის ტელევიზორი, გაზქურა, მაცივარი და ა.შ. აღარ ითვლება ფუფუნების საგნად და ოჯახში მათი არსებობა საარსებო შემწეობის მიღება/არ მიღებას აღარ განსაზღვრავს. თუმცა, როგორც ირკვევა, დღევანდელი სარეიტინგო პროგრამა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს უძრავი ქონებასა (მაგალითად, მიწის ნაკვეთებს) და კომუნალურ გადასახადებს. რაც ნიშნავს, რომ შესაძლოა, სოციალური დახმარების შეწყვეტის მიზეზი ყოველთვიურად დაფიქსირებული მაღალი კომუნალური გადასახადებიც გახდეს.

”2015 წელს სოციალური დახმარების დანიშვნის მეთოდოლოგია შეიცვალა. ტელევიზორი, მაცივარი და სხვა ყოველდღიური მოხმარების ნივთები ფუფუნების საგნად აღარ ითვლება, თუმცა ყურადღება ექცევა სპეციალურ დეკლარაციაში დაფიქსირებულ მიწის ნაკვეთებსა და კომუნალურ გადასახადებს. გარდა ამისა, სოციალური აგენტის შეფასება აღარანაირ გავლენას აღარ ახდენს, ჩვენ რაიმეს სუბიექტურად შეცვლა არ შეგვიძლია” – აცხადებს ”ფორტუნასთან” ტატა გამყრელიძე.

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ოჯახი სახელმწიფოსგან სოციალურ დახმარებას იღებს, თუ მონაცემები დაფიქსირებულია სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში და ოჯახის სარეიტინგო ქულა 65001-ზე ნაკლებია.

გვანცა ბზიავა