LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აჭარა სოფლის ტურიზმის ფესტივალს უმასპინძლებს

82

5-6 ოქტომბერს, ბათუმი სოფლის ტურიზმის ფესტივალს „განდაგანა“ უმასპინძლებს. ორი დღით, აჭარული სოფლები თავისი ტრადიციებითა და დამახასიათებელი თავისებურებებით  ევროპის მოედანზე იქნება წარმოდგენილი, რაც სტუმრებს საშუალებას მისცემს აჭარულ სოფლებში ქალაქიდან გაუსვლელად იმოგზაურონ.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, სოფლის პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა, მხიარული შეჯიბრებები, მასტერკლასები და ფოლკლორი შოუ – მცირე ჩამონათვალია იმ ღონისძიებებისა, რასაც ფესტივალი სტუმრებს სთავაზობს. ორი დღის განმავლობაში, მთიანი აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტი მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი პროდუქტებით, ხილით, ტკბილეულით, ხელნაკეთი ნივთებითა და ტრადიციებით ბათუმში იქნება  წარმოდგენილი.

დეპარტამენტის ცნობითვე, სოფლის ტურიზმის ფესტივალ „განდაგანა“-ს მიზანი მთიანი აჭარის პოპულარიზაცია და წარმოჩენაა. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება თემატური კუთხეები – ღვინის, რძის პროდუქტების, ხილის, ბოსტნეულის, ტკბილეულისა და ხელნაკეთი ნივთების. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, ჩაერთონ მხიარულ შეჯიბრებებსა და მასტერკლასებში: განდგანას ცეკვისა და კულინარიული მასტერკლასი, ჩურჩხელის ამოვლება, ჭაჭის გამოხდა, სოფლის ბოულინგი გოგრებით, შეშის დაჩეხვა, სინორისა და ბორანოს მომზადება. საინტერესოა ფესტივალის მუსიკალური პროგრამაც, რომელშიც ძირითადად, ადგილობრივი ფოლკლორული ბენდები ჩაერთვებიან.

ფესტივალი 2015 წლიდან, რეგიონში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით იმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები