LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აჭარაში გიდების სერვისის გასაუმჯობესებლად ახალი პროექტები იწყება

73

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა მსოფლიოში გიდების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით რეგიონში მოქმედ გიდებს ახალი პროექტები გააცნო. გიდების პრაქტიკული სახელმძღვანელო, მაღალმთიანი აჭარის მარშრუტებზე გიდების გადამზადება და გიდებისთვის ხარისხის ნიშნის „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ მინიჭება – ის ახალი პროექტებია, რომელსაც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი და ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო წელს აჭარაში გიდების მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით განახორციელებს. პროექტის დეტალები და მიზნები დეპარტამენტის წარმომადგენლებმა გიდების გარდა პროფესიული და უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებს გააცნო.

 

ხარისხის ნიშნის მინიჭება „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“

 

პროექტის ფარგლებში  ქ. ბათუმის, მთიანი აჭარისა და დაცული ტერიტორიების გიდების მომზადება იგეგმება. პროექტში ჩართულ გიდებს სურვილის შემთხვევაში შეუძლიათ ტრენინგებში ჩაერთონ ან პირდაპირ გავიდნენ ხარისხის ნიშნის მისაღებ გამოცდაზე. გიდების განათლების დონე პროფილურ ტესტირებასა და პრაქტიკულ გამოცდაზე შემოწმდება. ისინი, რომლებიც ყველა გამოცდას წარმატებით გაივლიან გახდებიან ტურიზმის დეპარტამენტის მიერ რეკომენდებული გიდები. აღნიშნული პროექტი რეგიონში გიდების მომსახურების ხარისხის ამაღლებას ემსახურება.

გიდების გადამზადება

 

მაღალმთიანი აჭარის ცალკეული ტურისტული მარშრუტის მიმართულებით იგეგმება გიდების გადამზადება. დაინტერესებულ გიდებს შესაძლებლობა მიეცემათ  ტრენინგებზე გაიღრმავონ თეორიული და პრაქტიკული ცოდნა კონკრეტული ტურისტული მარშრუტების მიმართულებით. გასულ წელს, ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ გიდები მაჭახელასა და ქედის ტურისტული მარშრუტების მიმართულებით გადაამზადა.

 

გიდების პრაქტიკული სახელმძღვანელო

 

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონში გიდების მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით გარდა ტრენინგებისა, ასევე გეგმავს გიდების პრაქტიკული სახელმძღვანელოს შექმნას. სახელმძღვანელოში აღწერილი იქნება გიდის პროფესიისთვის აუცილებელი პრაქტიკული და თეორიული საკითხები, ინფორმაცია პრაქტიკული უნარ-ჩვევების შესახებ. ასევე აჭარაში არსებული ტურისტული ღირშესანიშნაობებისა და მარშრუტების ჩამონათვალი მუნიციპალიტეტების მიხედვით თავისი ლინკებითა და საძიებო სისტემებით. წიგნი იქნება პრაქტიკული გზამკვლევი. ის აჭარაში არსებულ ყველა იმ სასწავლებელში დარიგდება, სადაც გიდების გადამზადება ხდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები