LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აჭარიდან 16 300 ტონა სტანდარტული მანდარინია ექსპორტირებული

80

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ციტრუსის საწარმოები დაათვალიერა.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, პატარაძემ დაბა ჩაქვში ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელ საწარმო დაათვალიერა და ციტრუსის ჩაბარების და გადამუშავების პროცესს ადგილზე გაეცნო. მისი თქმით, ციტრუსის სეზონი დასასრულს უახლოვდება. შეუფერხებლად მიმდინარეობს როგორც სტანდარტული, ისე არასტანდარტული მანდარინის ჩაბარების პროცესი. დღეის მდგომარეობით, რეგიონიდან უკვე ექსპორტირებულია 16 300 ტონა სტანდარტული მანდარინი. რაც შეეხება არასტანდარტულ მანდარინს, უკვე მიღებული და გადამუშავებულია 4 700 ტონა.

ჩაქვის ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმო მიმდინარე წელს გეგმავს 700 ტონამდე ციტრუსის ნაყოფის მიღებას. დღეის მდგომარეობით, 440 ტონამდე ციტრუსი უკვე ექსპორტირებულია.

ზურაბ პატარაძემ ასევე ქობულეთის მუნიციპალიტეტში ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმოები, TCF GEORGIA და არასტანდარტული ციტრუსის საკონსერვო ქარხანა Georgian industrial Asset Management Groupდაათვალიერა.

TCF GEORGIA მიმდინარე წელს გეგმავს 1000 ტონამდე ციტრუსის მიღებას. საწარმომ უკვე 300 ტონა ციტრუსის ექსპორტირება მოახდინა რუსეთისა და პოლონეთის მიმართულებით. საწარმო ასევე, სეზონზე მიიღებს და გადაამუშავებს 4000 ტონამდე არასტანდარტულ მანდარინს, რომლისგანაც დაამზადებს კონცენტრირებულ წვენს. ციტრუსისგან დამზადებული წვენი მოხმარდება როგორც ადგილობრივ ბაზრებს, ასევე ექსპორტირებული იქნება რუსეთში, უკრაინასა და ყაზახეთში. რაც შეეხება Georgian industrial Asset Management Group-ს, იგი შეუზღუდავი რაოდენობით მიიღებს არასტანდარტულ მანდარინს. წარმოებული იქნება ციტრუსის კონცენტრატი, რომლისგანაც დამზადებული წვენი ექსპორტირებული იქნება აზიისა და ევროპის ქვეყნებში. საექსპორტო ბაზრებზე კონკურენტუნარიანი და მაღალხარისხიანი ციტრუსის მიწოდების მიზნით, მიმდინარე წლის სეზონზე მოქმედებს ციტრუსის 30–მდე მიმღებ შემფუთავი საწარმო, სადაც ხდება ევროპული სტანდარტების შეფუთვა და ექსპორტირება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები