LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აჭარის 2018 წლის ბიუჯეტი 44 მილიონით იზრდება

32

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2018 წლის ბიუჯეტი 44 მლნ 800 ათასი ლარით გაიზრდება.  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, აჭარის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 351 მლნ ლარით განისაზღვრა, რაც 44 მლნ 800 ათასი ლარით მეტია 2017 წლის რეგიონის ბიუჯეტის შემოსულობების მაჩვენებელთან.

2017 წლის 30 ოქტომბერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის ხელმძღვანელობით, მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა.

დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო სამი საკითხი: 2017 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის სამი კვარტლის შესრულების მიმოხილვა, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2018-2021 წლების პრიორიტეტის დოკუმენტი. ზურაბ პატარაძემ ისაუბრა იმ პრიორიტეტულ საკითხებზე, რომლებიც 2018 წლის ბიუჯეტშია ასახული, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ტურიზმისა და საგზაო ინფრასტრუქტურული მიმართულებით გაზრდილ ბიუჯეტზე.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ისაუბრა იმ მეგაპროექტებზე, რომლებიც აჭარაში ხორციელდება. მისი თქმით, დაწყებულია მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების პროექტი, დასრულების ეტაპზეა ქობულეთი-ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა, ასევე მიმდინარეობს გონიოსა და მახოს ხიდების დამაკავშირებელი შემოვლითი გზის მშენებლობა, გამოცხადებულია ტენდერი სტადიონის მშენებლობაზე, სულ მალე დაიწყება ბათუმის ესტაკადას მშენებლობა, რომელიც მნიშვნელოვანწილად განმუხტავს ქალაქის შემოსასვლელში გადატვირთულ საგზაო მოძრაობას.

მთავრობის სხდომაზე 2017 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის სამი კვარტლის შესრულება მიმოიხილა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ბიუჯეტის შესრულების ნაწილი ყველა მიმართულებით დადებითი მაჩვენებლებით გამოირჩევა.

რამაზ ბოლქვაძემ სხდომაზე წარადგინა „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტი, რომელიც აჭარის მთავრობის მხარდაჭერის შემდეგ განსახილველად და დასამტკიცებლად აჭარის უმაღლეს საბჭოს გადაეგზავნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები