LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აჭარის ტურისტულ პოტენციალს პოლონეთში გაეცნენ

50

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტული პოტენციალი ვარშავის 24-ე ტურისტულ გამოფენაზე „TT WARSAV” წარადგინა.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, გამოფენაზე დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და ტურისტულ სააგენტოებთან ერთად იყო წარმოდგენილი. სამი დღის განმავლობაში, საქართველოს სტენდთან მისულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, რეგიონის ტურისტული პროდუქტებისა და შესაძლებლობების შესახებ მომზადებული სარეკლამო-საინფორმაციო მასალებს გასცნობოდნენ და დეპარტამენტის წარმომადგენლისგან მიეღოთ დეტალური ინფორმაცია აჭარაში არსებული ტურიზმის სახეობების შესახებ.

„მსგავს ტურისტულ გამოფენებში მონაწილეობა კიდევ ერთი შესაძლებლობაა დეპარტამენტისთვის რეგიონს გაუწიოს პოპულარიზაცია და დაამყაროს საქმიანი ურთიერთობები სხვადასხვა კომპანიებთან, რომლებიც მსგავს გამოფენებში მრავლადაა წარმოდგენილი. მიმდინარე წელს, დეპარტამენტმა მთლიანობაში 16 ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა. მათ შორის რეგიონი წელს პირველად იყო წარმოდგენილი დუბაის, ჩინეთის, სამხრეთ კორეისა და იაპონიის ტურისტულ გამოფენებზე. ახალი ბაზრების მოსინჯვა აუცილებელია იმის გასაანალიზებლად თუ სად ღირს რეგიონის რეკლამირება და სად არა. რაც შეეხება პოლონეთს, ვიზიტორების რაოდენობა ამ ქვეყნიდან საქართველოში მზარდია. მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით, ქვეყანას 41, 926 პოლონელი საერთაშორისო მოგზაური ესტუმრა, რაც 5,5-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდს“, – განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარემ მამუკა ბერძენიშვილმა.

ცნობისთვის, ვარშავის ტურისტული გამოფენა ერთი-ერთი მასშტაბური გამოფენაა მსოფლიოში, სადაც მიმდინარე წელს 40-მდე ქვეყნის 1200-ზე მეტი ტურისტული კომპანია თუ ტურიზმის ბიზნესში მოქმედი ორგანიზაცია მონაწილეობს. ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენელმა გამოფენის ფარგლებში საქმიანი შეხვედრები გამართეს პიარ კომპანიებისა და ავიკომპანიების წარმომადგენლებთან სამომავლო თანამშრომლობის დაგეგმვის მიზნით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები