LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ბიუჯეტი 1 მლნ ლარით გაიზრდება

92

აჭარაში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ბიუჯეტი შესაძლოა, 1 116 200 (+15%) ლარით გაიზარდოს.

2018 წლის პროგრამულ ბიუჯეტში ტურიზმის განვითარების ხელშემწყობი ღონისძიებების განსახორციელებლად ჯამში 8 557 800 ლარის დახარჯვა იგეგმება. მიმდინარე წელს,  დეპარტამენტის ბიუჯეტი 7 441 800 ლარს შეადგენს.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის 2018 წლის პროგრამული ბიუჯეტის პირველადი პროექტის საჯარო განხილვა დეპარტამენტში დღეს გაიმართება. განხილვას ტურიზმის რეგიონალურ მრჩეველთა საბჭოს წევრები, არასამთავრობო და სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლები დაესწრებიან.  

2018 წლისთვის, აჭარაში შიდა და უცხოელი ტურისტების მოზიდვის მიზნით განხორციელებულ სარეკლამო და პიარ კამპანიებში 6 094 700 ლარი დაიხარჯება. სარეკლამო ბიუჯეტის გაზრდა შემდეგი წლისთვის 929 700 ლარით (+18%) იგეგმება. აქედან, რეგიონის ტურისტული შესაძლებლობების 16 სამიზნე ქვეყანაში რეკლამირებისთვის 5 594 700 ლარი დაიხარჯება, ქვეყნის შიგნით რეკლამირებისთვის კი 500 000 ლარი. შემდეგი წლისთვის, სარეკლამო კამპანიებისას ძირითადი აქცენტი ონლაინ რეკლამის გაძლიერებაზე გაკეთდება.

დეპარტამენტი 2018 წელს რეგიონში სერვისის გაუმჯობესების მიზნით 195 000 ლარს დახარჯავს.

შემდეგ წელს გაგრძელდება პროექტები „ტურიზმის განვითარების სკოლა“, „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ და საუკეთესი სერვისის მქონე ტურისტული ობიექტების დაჯილდოება „მაგნოლია 2018“.  აღნიშნული პროექტები აჭარაში ტურისტულ სექტორში დასაქმებული კადრების გადამზადებას, სერვისის გაუმჯობესებას, წახალისებასა და ზოგადად, ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს.

2018 წელს, ისევ ამოქმედდება პროექტი „იდუმალი სტუმარი“, რომლის ფარგლებშიც დადგინდება რეგიონში მომსახურების ხარისხის დონე. შემდეგი წლისთვის სიახლე იქნება სასწავლო ვიდეო რგოლების შექმნა კვებისა და განთავსების ობიექტებისთვის.

2018 წელს, ასევე გაგრძელდება კვლევები და სტატისტიკა დარგის საჭიროებებისა და განვითარების პოტენციალის მიმართულებით, რაც განთავსების არარეგისტრირებული სექტორის კვლევასა და შიდა ტურისტების საჭიროებების კვლევას ითვალისწინებს. 2018 წლისთვის დეპარტამენტი ასევე გამოიკვლევს აჭარაში მყოფ უცხოელ ტურისტებს  და დაადგენს მათი საჭიროებების, კმაყოფილებისა თუ რეგიონში ყოფნისას შექმნილი პრობლემების დონეს.  სულ, აღნიშნული კვლევებისთვის ბიუჯეტიდან 275 000 ლარის გამოყოფა იგეგმება.

დეპარტამენტი 2018 წელს, ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს მიერ მაღალმთიანი აჭარის ტურისტული პროდუქტებისა და მარშრუტების განვითარების მიზნით 517 000 ლარს დახარჯავს. სააგენტო შემდეგ წელსაც ჩაატარებს სოფლის ტურიზმისა და ფრინველების ფესტივალებს, ასევე მონაწილეობას მიიღებს ტურისტული სეზონის გახსნის ღონისძიების ორგანიზებაში.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის 2018 წლის პროგრამული ბიუჯეტის პირველადი პროექტის საჯარო განხილვა დეპარტამენტში დღეს გაიმართება. განხილვას ტურიზმის რეგიონალურ მრჩეველთა საბჭოს წევრები, არასამთავრობო და სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლები დაესწრებიან.