LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ADB: მზად ვართ, საქართველოში გავზარდოთ ფინანსური მხარდაჭერა

39

აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ რეგიონული განვითარებისთვის გამოყოფილ 700 მლნ დოლარის ოდენობის პროექტზე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა და აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა იეშიმ ელჰან-კაიალარმა რეგიონებში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს, რაც მნიშვნელოვანია ტურისტული პოტენციალის, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების კუთხით.

,,ვფიქრობ, რომ ურთიერთანამშრომლობის ძალიან დიდი პოტენციალი გვაქვს. მაგალითად, ზუგდიდი-მესტიის, თელავი-ახმეტის მიმართულებით, თბილისში, როგორც რეგიონული განვითარების ცენტრში. ეს თანამშრომლობა ხელს შეუწყობს, როგორც ტურიზმის, ისე აგრობიზნესის განვითარებას,“-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

იეშიმ ელჰან-კაიალარმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობასთან მჭიდრო პარტნიორობის ფარგლებში, ბანკი გააფართოვებს პორტფელს, რაც ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების გაჩენას შეუწყობს ხელს.

სამინისტროს ინფორმაციით, აზიის განვითარების ბანკის დახმარების პროექტი საქართველოს ინტეგრირებულ ურბანულ განვითარებას და ინვესტირების პრიორიტეტული მიმართულებების შერჩევას ითვალისწინებს. იეშიმ ელჰან კაიალარმა განაცხადა, რომ ბანკი მზადაა გააგრძელოს საქართველოსთან თანამშრომლობა და გაზარდოს ეფექტიანი ინფრასტრუქტურული პროექტების ფინანსური მხარდაჭერა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები