LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ADB-ს დელეგაციას საქართველოს ეკონომიკური ტენდენციები გააცნეს

60

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ჩერქეზიშვილი აზიის განვითარების ბანკის დელეგაციას შეხვდა, რომელთანაც მიმდინარე პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის ძირითადი ასპექტები განიხილა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ბანკის დელეგაციის შემადგენლობაში აღნიშნული საფინანსო ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი ჰელმუტ ფიშერი და ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის ხელმძღვანელი იეშიმ ელჰან-კაიალარი იყვნენ. შეხვედრას დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე და რომეო მიქაუტაძე, ასევე სს საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორი თორნიკე რიჟვაძე.

სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ვრცლად ისაუბრა საქართველოს ეკონომიკურ ტენდენციებზე, ლიბერალურ ბიზნეს გარემოსა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებზე, რომლებმაც საქართველოს ეკონომიკის მიმართ საერთაშორისო ინვესტორების ინტერესი გაზარდა.

უწყების ცნობითვე, ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს წარმატებებზე, მათ შორის, მსოფლიო ბანკის ავტორიტეტულ „ბიზნეს კეთების სიმარტივის“ 2018 წლის რეიტინგზე, რომლის თანახმადაც საქართველოს მე-9 პოზიცია უკავია. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებში არსებული ვითარება. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ენერგეტიკაზე, საფინანსო სექტორზე, აგრეთვე საგზაო ინფრასტრუქტურაზე, რომლის ერთ-ერთი მსხვილი დონორიც აზიის განვითარების ბანკია. მხარეებმა ასევე დადებითად შეაფასეს საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკის თანამშრომლობა CAREC – ის (ცენტრალური აზიის რეგიონალური თანამშრომლობის პროგრამა) ფორმატში.

შეხვედრის დასასრულს, მხარეები თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები