LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადვოკატი: თამთა ჯანჯღავა ფსიქოტროპულ პრეპარატებს ექიმის დანიშნულებით მოიხმარდა

191

მომღერალ ირაკლი ნოზაძის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ თამთა ჯანჯღავას ადვოკატი ადასტურებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ფსიქოტროპულ პრეპარატებს მოიხმარდა. თუმცა,  არჩილ შაბაშვილი განმარტავს, რომ ჯანჯღავას, მსგავსი სახის პრეპარატები, ჯანმრთელობის პრობლემებიდან გამომდინარე, ექიმის დანიშნულებით ჰქონდა გამოწერილი. მისი თქმით, პროკურატურა არ დაინტერესებულა იმით, თუ რის გამო მოიხმარდა ჯანჯღავა პრეპარატებს.

“შესაძლოა, მკურნალობის დროს ადამიანმა მოიხმაროს ფსიქოტროპული საშუალებები, ექიმის დანიშნულებით, უბრალოდ ამით სახელმწიფო ბრალდება არ დაინტერესებულა. ჯანჯღავას დღეის მდგომარეობით ფილტვების ანთება და ჯანმრთელობის სხვა პრობლემები აქვს, რაზეც საუბრისგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებ. დანაშაულის მოხდენისას ის არ იყო ფსიქოტროპული პრეპარატების ზემოქმედების ქვეშ”, – განაცხადა არჩილ შაბაშვილმა.

რაც შეეხება თამთა ჯანჯღავასთვის შეფარდებულ აღკვეთის ღონისძიებას, ადვოკატის თქმით, მისი გასაჩივრების საკითხს ჯანჯღავასთან კონსულტაციის გავლის შემდეგ გადაწყვეტს.

შეგახსენებთ, რომ საქმის პროკურორის განცხადებით, ირაკლი ნოზაძის დაჭრის საქმეში ბრალდებულებს – თამთა ჯანჯღავას და ნათია თოფურიას ნარკოტიკული საშუალების მოხმარება დაუდგინდათ.

ნოზაძის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ თამთა ჯანჯღავასთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების თაობაზე დღეს მიღებული გადაწყვეტილება მოსამართლემ განმარტა. როგორც  გიორგი კერატიშვილმა აღნიშნა, თამთა ჯანჯღავას ქცევა მიანიშნებს, რომ ის არაკანონმორჩილი პიროვნებაა და შესაძლებელია განაგრძოს დანაშაულებრივი საქმიანობა.ამასთან, მოსამართლემ მხედველობაში მიიღო ის გარემოებაც, რომ ჯანჯღავამ სავარაუდო დანაშაულის ჩადენის შემდეგ საქმისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებების განადგურებაც სცადა.

“როგორც საქმის გარემოებებიდან იკვეთება, ბრალდებული თამთა ჯანჯღავა შეეცადა და მოიშორა კიდეც საქმისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები თავიდან, ვგულისხმობ, დანას. მან ასევე გამოიცვალა ის მაისური, რომელიც ეცვა სავარაუდო დანაშაულის ჩადენის დროს. გარდა ამისა, მოწმეებთან, ვინც არიან დაკითხულები და შემდეგ სასამართლოზეც უნდა დაიკითხონ, აქვთ ახლო ურთიერთობები ორივე ბრალდებულთან და აქედან გამომდინარე, არსებობს მათზე ზემოქმედების რეალური საფრთხეები. სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს ასევე თამთა ჯანჯღავას ქცევაზე, სავარაუდო დანაშაულის ჩადენამდე. როგორც იკვეთება საქმეში არსებული ინფორმაციიდან, სავარაუდოდ, იგი უგულებელყოფდა საზოგადოებაში დამკვიდრებულ ნორმებს. ეს გარემოება, სხვა სეგმენტებთან ერთობლიობაში, მიანიშნებს, რომ თამთა ჯანჯღავა არაკანონმორჩილი პიროვნებაა და შესაძლებელია, მან განაგრძოს დანაშაულებრივი საქმიანობა, მით უფრო, როგორც ამ ეტაპზე დგინდება, კონფლიქტი ჯერჯერობით ამოწურული არაა”, – განაცხადა მოსამართლემ.

ამასთან, გიორგი კერატიშვილმა განმარტება გააკეთა თამთა ჯანჯღავას მცირეწლოვან შვილებთან დაკავშირებითაც.

“რაც შეეხება თამთა ჯანჯღავას შვილებს, სასამართლომ იმსჯელა დაცვის მხარის არგუმენტაციასთან დაკავშირებით. ახლა ისინი იმყოფებიან ნათესავებთან. ბრალდების მხარეს დაევალა შესაბამისი რეაგირების მოხდენა. იგი შეადგენს დოკუმენტალურად ოქმებს. თუ რომელიმე ნათესავი აიღებს თავის თავზე მზრუნველობის გაწევას მცირეწლოვან ბავშვებზე, ბავშვები მასთან დარჩებიან, თუ არა და სახელმწიფო მოიძიებს შესაბამის დაწესებულებას, სადაც უზრუნველყოფილი იქნება ამ მცირეწლოვანი ბავშვების ნორმალური განვითარება და აღზრდა”, – განმარტა გიორგი კერატიშვილმა.

შეგახსენებთ, აღნიშნულ საქმეზე  წინასწარი პატიმორბა შეეფარდა დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულ ნათია თოფურიას.

პოპულალურები