LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აეროსმიტი“ საქართველოში თავისი ბოლო ტურნეს ფარგლებში ჩამოდის – ჯგუფის ვიზიტის დეტალები

84

20 მაისს როკის მოყვარულებს გრანდიოზული სანახაობა ელოდებათ. ამერიკული როკ-ჯგუფი, რომელსაც გამოჩენის დღიდან მსოფლიო ჰიტები არ მოჰკლებია, შეკვეთილში მდებარე „ბლექ სი არენის“ მეორე სეზონს გახსნის. ასეთ გახსნაზე, ალბათ, უამრავი მელომანი იოცნებებდა.

ჯგუფმა უკვე მონიშნა საქართველო, ბათუმი, თავის ოფიციალურ საიტზე. მსოფლიო ტურნე, რომელსაც სიმბოლური სახელი „Aero-vederci, baby“ ჰქვია, ჯგუფისთვის ბოლო იქნება. როგორც სტივენ ტაილერმა „როლინგ სთოუნსთან“ ინტერვიუში განაცხადა, ამ ტურნეთი ისინი მსმენელს დაემშვიდობებიან. ასე რომ, მათ კონცერტზე დასწრება ყველა მათი თაყვანისმცემლისთვის ორმაგად მნიშვნელოვანი იქნება.

ტურნე 17 მაისს ისრაელში გაიხსნება, შემდეგ ჯგუფის სრული შემადგენლობა ბათუმში ჩამოფრინდება და 20-ში „ბლექ სი არენაზე“ გამარტავენ კონცერტს, ამის შემდგომ ისინი მოსკოვში გაემგზავრებიან. ბოლო თარიღი 5 ივლისია, როცა ისინი შვეიცარიელი მაყურებლის წინაშე წარდგებიან.

„ბლექ სი არენას“ მხრიდან ჯერჯერობით ოფიციალური კომენტარი არ კეთდება. ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ დარბაზი უკვე ემზადება გრანდიოზული გახსნისთვის. ჯგუფის მოთხოვნებიც უკვე მიღებული აქვთ. „აეროსმიტი“ მსმენელს გულს არ დასწყვეტს და ყველა იმ ჰიტს შეასრულებს, რომლითაც მსოფლიოში გაითქვა სახელი.

„გრემიზე“ 17-გზის ნომინირებულ ჯგუფს, უამრავი პრესტიჟული ჯილდო აქვს მიღებული, „აეროსმიტის“ ცნობილი სიმღერა ფილმიდან „არმაგედონი“ „ოსკარზე“ გახლდათ ნომინირებული.

„აეროსმიტი“ წლებია ინარჩუნებს პოპულარობას და ახალ თაობისთვისაც აქტუალური და საინტერესოა საკუთარი მუსიკალური მიდგომების გამო. საქართველოში ჯგუფს თაყვანისმცემელთა მთელი არმია ელოდება, ასე რომ, წინ ნამდვილად მდიდარი მუსიკალური სეზონია. სახელდება კიდევ რამდენიმე მსოფლიო ვარსკვლავი, რომლებიც საქართველოში ჩამოსასვლელად ემზადებიან. მათ შესახებ „ფორტუნა“ ეტაპობრივად მოგაწვდით ინფორმაციას.

ნინო მურღულია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები