LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აეროსმიტის“ ფოიერვერკული 90 წუთი „ბლექ სი არენაზე“ – ფანტასტიკური მუსიკოსების ბათუმური ვოიაჟის ყველა დეტალი

182

ლეგენდარული როკჯგუფის გამოსამშვიდობებელი ტურნეს ერთ-ერთი კონცერტის მსმენელები „ბლექ სი არენას“ დამსახურებით, ჩვენც გავხდით. 20 მაისს არენამ ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან როკბენდს უმასპინძლა. კონცერტის მოსამზადებელი პერიოდი არენის ხელმძღვანელობამ რამდენიმე კვირით ადრე დაიწყო. ჯგუფის მენეჯმენტისგან მოვიდა საკმაოდ რთული ტექნიკური რაიდერი, ანუ მოთხოვნათა ჩამონათვალი, რომლის შესრულებაც, კონცერტის დღისთვის, „ბლექ სი არენას“ დაევალა.

ერთი დღით ადრე, სანამ თავად ჯგუფის წევრები ჩამოფრინდებოდნენ, შეკვეთილში მდებარე 10 000-კაციან არენას მათი მენეჯერი ეწვია, რომელმაც შესრულებული სამუშაოთი აღფრთოვანება გამოთქვა. მან „აეროსმიტის“ ოფიციალურ გვერდზე გააზიარა რვაწუთიანი ვიდეო, სადაც დეტალურად გამოაჩინა, როგორ არის კეთილმოწყობილი არენა მუსიკოსებისთვის, აჩვენა ვიაიპი გასასვლელი მათთვის, რომელსაც სცენასთან მივყავართ, ტექნიკური აღჭურვილობა და თავად სცენაც. ვიდეოს ათიათასობით ნახვა ჰქონდა.

ანი კავლელიშვილი, „ბლექ სი არენა“:

ერთი დღით ადრე კონცერტამდე ჩამოფრინდა მათი მენეჯერი, რომელმაც შეამოწმა ყველა ტექნიკური მონაცემი, გაოცებული იყო. მოიხიბლნენ არენით. სად არ ვყოფილვართ და მსგავსი სწორად გათვლილი და მოხერხებული არენა არ მინახავსო. მოიხიბლნენ კონცერტამდე მოსამზადებელი პერიოდით, რამდენად სწორად და კარგად იყო დაგეგმილი. ყველაფერი იყო მზად, ტექნიკური რაიდერებით მოთხოვილი ყველა პირობა დახვდათ შესრულებული უმაღლეს დონეზე.

აღსანიშნავია, რომ „აეროსმიტის“ ოფიციალური გვერდი „ფეისბუქზე“ საქართველოში ყოფნისას ძალიან აქტიური იყო, მათ გააზიარეს მოსამზადებელი პერიოდის რამდენიმე ვიდეო, ასევე ფოტოები და კონცერტის დასაწყისი ორი მუსიკალური ნომერი.

ჯგუფის წევრებმა პიაცაზე გაისეირნეს, დააგემოვნეს ქართული კერძები და მოიხიბლნენ ქალაქით. ისინი ძალიან კეთილგანწყობილნი იყვნენ ქუჩაში ხალხის მიმართ და მათთან ფოტოების გადაღებაც არ დაიზარეს მიუხედავად იმისა, რომ წინასწარ საკმაოდ მკაცრი უსაფრთხოების ზომები მოითხოვეს. არ იყვნენ თანახმა არც ინტერვიუებზე, თუმცა სტივენ ტაილერმა „შერატონთან“ შეკრებულ ჟურნალისტებს გული არ დასწყვიტა და ინტერვიუ მისცა.

მუსიკოსები „შერატონში“ დაბინავდნენ. როგორ ანი კავლელიშვილი გვიყვება: „მიუხედავად იმისა, რომ უამრავ ქვეყანაში არიან ნამყოფი, საუკეთესო სასტუმროებში, ძალიან მოეწონათ ბათუმის „შერატონი“. სტივენ ტაილერს სასტუმრომ საპრეზიდენტო აპარტამენტები გამოუყო, რომელიც ბოლო სართულზე მდებარეობს. ტაილერი გამასპინძლებით ძალიან კმაყოფილი დარჩა. ჩვენ მას სასტუმროში დავახვედრეთ გაშლილი სუფრა, ევროპული და ქართული კერძებით, რომლებიც სიამოვნებით დააგემოვნა. მანამდე მათი თხოვნა იყო, რომ მათთვის ნაცნობი საკვები დახვედროდათ, თუმცა მოთხოვნილთან ერთად, ჩვენ ქართული კერძებიც დავახვედრეთ. ჯო პერიმ პიაცაზე გაისეირნა და მოხიბლული დარჩა ქალაქით. პიაცაზე ფოტოც გადაიღო ქანდაკებასთან. ძალიან გახსნილები იყვნენ საზოგადოებასთან ურთიერთობისას“.

„აეროსმიტის“ წევრები შეხვდნენ ქართულ ჯგუფს „ჯეო ფოლკი“, რომელმაც კონცერტამდე გარკვეული პერიოდით ადრე მათი ერთ-ერთი ცნობილი სიმღერა „Dream On“ ხმებში გაშალეს. ჯგუფი მოიხიბლა ქართული პოლიფონიით და კომპოზიციის ასეთი გადაწყვეტით, მათ ქართველი მუსიკოსები შეაქეს.

20 მაისის საღამოს „ბლექ სი არენას“ კარები საღამოს შვიდ საათზე გაიღო სტუმრებისთვის. 10 000-ზე მეტი გაყიდული ბილეთი და ნამდვილი მუსიკალური საოცრების მოლოდინი ყველა მსმენელს აერთიანებდა.

კონცერტი საღამოს ათ საათზე დაიწყო. „საქართველო, მზად ხარ, მოუსმინო „აეროსმიტს“? ამ ფრაზის გაჟღერების შემდეგ, დარბაზის აპლოდისმენტების ქვეშ, სცენაზე სტივ ტაილერი გამოჩნდა. ჯგუფის 69 წლის ფრონტმენი, ისევე, როგორც „აეროსმიტის“ დანარჩენი წევრები, შესაშურ ფორმაშია, როგორც ფიზიკურად, ასევე ვოკალური თვალსაზრისითაც. 90 წუთზე მეტი მან და მისმა კოლეგებმა სცენაზე ისე გაატარეს დრო, ვერავინ იტყოდა, რომ ისინი თავიანთ სასცენო მოღვაწეობას ამთავრებენ.

მოგეხსენებათ, ჯგუფი რამდენიმე ათეული წელია, არსებობს და ამ წლების განმავლობაში უამრავი ჰიტი აქვთ შექმნილი. რასაკვირველია, ყველა მათგანს შეკვეთილის არენაზე ვერ მოვისმენდით, რადგან ჰიტების რიცხვი საკმაოდ დიდია, თუმცა „აეროსმიტის“ მსმენელი უკმაყოფილი ნამდვილად ვერ დარჩებოდა, მან ყველა ის კომპოზიცია მოისმინა, რომელიც უყვარს და თანაც, ნახა შოუ, რომელსაც სტივენ ტაილერი ჯო პერისთან და ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად ქმნის.

მსმენელი ძალიან დიდი აღფრთოვანებით შეხვდა სიმღერებს: „Crazy“, „Cryin’“, „Don’t Wanna Miss a Thing“, „Jaded“, „Walk This way“, „Dream On“ – ეს კომპოზიცია, რომელიც თეთრ როიალზე სტივენ ტაილერმა დაუკრა, კონცერტის ყველაზე შთამბეჭდავი მომენტი იყო. სიმღერა ახლახან გარდაცვლილ კოლეგას, კრის კორნელს მიუძღვნეს. ჯო პერი როიალზე ავიდა, სადაც თავისი სოლო შეასრულა, სტივენ ტაილერი ასევე აღმოჩნდა ინსტრუმენტის თავზე…

ასეთი დონის არტისტებისგან არ უნდა გაგვიკვირდეს, მაგრამ აღსანიშნავია, პირველივე წამიდან როგორ აიყვანა ხელში დარბაზი, აბსოლუტურად ყველა მსმენელი, ჯგუფის ლიდერმა და ბოლო წამამდე შეინარჩუნა ყველა ჩვენგანის ყურადღება.

როგორც „ფორტუნამ“ შეიტყო, „აეროსმიტის“ წევრებმა კონცერტის დასრულების შემდეგ აღნიშნეს, რომ ქართული პუბლიკის წინაშე გამოსვლა მათთვის ძალიან სასიამოვნო იყო… ის სიამოვნება კი, რომელიც თითოეული სიმღერის შესრულებისას მაყურებელმა მიიღო, ენით აუწერელია.

„აეროსმიტის“ კონცერით „ბლექ სი არენას“ მეორე სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. მაისის ბოლოს არენის ხელმძღვანელობა ოფიციალურ ლაინ-აფს გამოაქვეყნებს, სადაც ქართველ და უცხოელ არტისტებს ვიხილავთ. ერთ-ერთი კონცერტის შესახებ უკვე გახდა ცნობილი. 26 აგვისტოს არენა გორან ბრეგოვიჩს უმასპინძლებს.

პ.ს. კონცერტის ფოტოები ეკუთვნის Shermazana-ს.

ნინო მურღულია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები