LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აფხაზეთში ტურისტების 80%-იანი კლებაა

655

ოკუპირებულ აფხაზეთში ტურისტული სეზონი ჩავარდნის პირასაა. როგორც აფხაზური ინტერნეტ-გამოცემები იუწყებიან, 2016 წელთან შედარებით, ტურისტების რაოდენობა 40-დან 80% -ამდე შემცირდა, რაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლებისა და მოსახლეობის შეშფოთებას იწვევს. აქ ტურიზმი ფინანსების მოზიდვისა და მოსახლეობის შემოსავლის ერთ-ერთი მთავარი წყაროა.

სააგენტო „აფხაზია-ინფორმის“ ცნობით, აფხაზეთში ბინის დაქირავების მსურველთა რაოდენობა 40-80%-ით არის შემცირებული, მიუხედავად იმისა, რომ საკურორტო ზონებში საცხოვრებელი ფართების ღირებულება ადგილობრივებმა 20%-ით შეამცირეს. 

ამავე გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში, ტურისტული სააგენტო “აფსუა-ტურის” დირექტორი ელიზავეტა მალანია აცხადებს, რომ ტურისტების კლების ტენდენცია უკვე აშკარაა და თითქმის ყველა კომპანიას შეეხო.

“ყველა ტუროპერატორმა აღნიშნა, რომ ტურისტული ნაკადი მკვეთრად შემცირდა. მაისში თითქმის არავინ ჩამოსულა. ივნისშიც ცოტა ვიზიტორი გვყავს. 2016 წელს ჩვენი კომპანია მოემსახურა 270 სტუმარს, ამჟამად კი – მხოლოდ 70-ს”, – ამბობს მალანია.

„აფხაზია-ინფორმის“ ინფორმაციითვე, ოკუპირებული აფხაზეთის ხელისუფლება სამუშაო ჯგუფის შექმნას გეგმავს. მათ დაევალებათ, გაარკვიონ, რამ გამოიწვია მიმდინარე წლის სეზონზე ტურისტების რაოდენობის მკვეთრი ვარდნა. ჯგუფს ასევე არსებული სიტუაციის გამოსწორების გზებზე მოუწევს მუშაობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები