აღარაფრის საშუალება აღარ მაქვს, ყველაფერი გამინადგურდა…

54

„ბავშვთა სამყარო“ უკვე მეორე დღეა კვამლშია გახვეული: ხანძრის შედეგად დაზარალებულები შენობის წინ დგანან, შენობაში შესვლის ნებას მათ საპატრულო პოლიცია არ აძლევს. მიუხედავად ამისა, ისინი წასვლას არ აპირებენ. დაზარალებულების ნაწილი რკინის ბარიკადებთან დგას და კვამლში გახვეულ შენობას ცრემლიანი შეჰყურებს, ნაწილი კი იქვე მდებარე კაფეში ფურცლებით ხელში ზის და ზარალს ითვლის. თითოეული მათგანის დანაკარგი დიდია, მაგრამ აუნაზღაურდებათ თუ არა დანაკლისი, ამის მხოლოდ იმედს იტოვებენ. ზოგიერთი მათგანი ხანძრის გაჩენას განზრახ ჩადენილ დანაშაულს უწოდებს, ზოგიერთი კი მიზეზად ელექტროგაყვანილობას ასახელებს, თუმცა ვერცერთი მიზეზი დაზარალებულებისთვის არსებულ რეალობას ვერ ცვლის.

 

რას ყვებიან დაზარალებულები

მთავრობას და ოპოზიცია ერთმანეთს ეჯიბრებიან და ამ დროს არავის ვაინტერესებთ

„40 ათასის ღირებულების საქონელი დამეწვა. წლების განმავლობაში ნაშრომი, ამდენი წლის ნაწვალები ორშაბათ დილას მტვრად მექცა,“ – ამბობს „ფორტუნასთან“ დაზარალებული ნარგიზა მეგენეიშვილი.

65 წლის ქ-ნ ნარგიზა „ბავშვთა სამყაროს“ შენობაში ჩანთებს ყიდდა. ვაჭრობა მისი ოჯახისთვის შემოსავლის ერთადერთი წყარო იყო. ეს საქმე 20 წლის წინ დაიწყო, მას შემდეგ რაც სამსახური დაკარგა. თავდაპირველად გარეთ იდგა და ყველს ყიდდა, 6 წლის განმავლობაში ღია ცის ქვეშ მოუწია ვაჭრობა. 14 წელი კი „ბავშვთა სამყაროს“ შენობაში იყო შესული და ყოველთვიურად 960 ლარს იხდიდა ადგილის საფასურს. ქალბატონი ნარგიზასთვის დღემდე არ იყო ცნობილი, რომ საქონლის დაზღვევა შეეძლო. დღეს ის პასუხს „ბავშვთა სამყაროს“ ადმინისტრაციას სთხოვს.

„ყოველთვე რომ ამხელა თანხას მახდევინებდნენ, მოსულიყვნენ და ეთქვათ საქონლის დაზღვევა თუ შემეძლო, იქნებ თანახმა ვიყავი. ყველანაირ საყვედურზე ერთი და იგივე პასუხი ჰქონდათ: თუ არ მოგწონს, წადი სახლშიო. ახლა ხან თბილისის მერიის წარმომადგენლები მოდიან და დახმარებას გვპირდებიან და ხან ოპოზიცია მოდის. ერთმანეთს ეჯიბრებიან და ამ დროს ჩვენ არავის არ ვაინტერესებთ,“ – ამბობს მოვაჭრე.

 

ნარგიზა მეგენეიშვილს ორი ქალიშვილი და სამი შვილიშვილი ჰყავს. ერთ-ერთი ქალიშვილიც ამავე შენობაში მუშაობდა. შენობის ქვედა სართულზე სამკერვალო ჰქონდა გახსნილი და ჩანთებს კერავდა, ამას გარდა ზედა სართულზე ჯინსის შარვლებს ყიდდა.

„ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, ჩემი შვილი დილიდან ღამის 12 საათამდე ქუჩაში იყო, თავისი ხელით კერავდა ჩანთებს, ყიდდა შარვლებს, ყოველთვე 1130 ლარი ჰქონდა გადასახადი, ხშირად საქონელს ვალად იღებდა და ახლა მოვალეებზე მისაცემი თანხაც დაემატა.“

ჯანმრთელობის პრობლემები აქვს ქალბატონი ნარგიზას მეორე ქალიშვილსაც. ჯერ სიმსივნე ჰქონდა და ოპერაცია დასჭირდა, ახლა ყოველთვიურად ქიმიოთერაპიის კურსებს იტარებს, რაც დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული.

„მე როგორ უნდა დამეხმაროს ჩემი ქალიშვილი, როცა თავად არის დასახმარებელი. კიდევ კარგი ძიძად მუშაობს და ის ოჯახი ყველანაირად ეხმარება. მოგეხსენებათ, ქიმიოთერაპია რამხელა თანხებთან არის დაკავშირებული და ახლა მე აღარაფრის საშუალება აღარ მაქვს, ყველაფერი გამინადგურდა რაც გამაჩნდა, ამდენი წლის ნაწვალები წყალში ჩამეყარა.“

 

სანამ მოვედი, უკვე ყველაფერი ცეცხლში იყო გახვეული

ნარგიზა მეგენეიშვილის მსგავსად, ვაჭრობა შემოსავლის ერთადერთი წყარო იყო 33 წლის ლევანისთვისაც, რომელიც 2 წელია „ოქროს ბირჟაზე“ ვაჭრობს. სახლში წლინახევრის შვილი და დიასახლისი მეუღლე ჰყავს. ლევანი „ოქროს ბირჟაზე“ ვერცხლის ნაკეთობებს ყიდდა, სპეციალურად გაკეთებულ საცავებში მისი ძვირფასეულობა არ ინახებოდა, შესაბამისად საქონელი მთლიანად დაეწვა. სამი დახლი ჰქონდა აღებული და მისი ზარალი დაახლოებით 35 000 ლარს შეადგენს.

„ვერცხლს საცავში არავინ ინახავდა, ყველას დახლებზე გვქონდა დალაგებული. დილით ხანძრის შესახებ რომ გავიგე, მაშინვე გამოვვარდი სახლიდან. ლოტკინზე ვცხოვრობ და სანამ „ბავშვთა სამყარომდე“ მოვედი, უკვე ყველაფერი ცეცხლში იყო გახვეული. 35 000 ლარის ღირებულების საქონელი დამეწვა. გვეუბნებიან, რომ დაგვეხმარებიან და იმედს ვიტოვებ ზარალი აგვინაზღაურდება,“ – ამბობს „ფორტუნასთან“ მოვაჭრე.

 

დახლებში რაც მქონდა, ყველაფერი ფერფლად იქცა

ხელისუფლებისგან დახმარების იმედი აქვს ალვინა ტომასიანსაც, რომელიც „ბავშვთა სამყარო“ შენობის წინ სხვა დანარჩენებთან ერთად დგას და შენობაში შესასვლელად თავის რიგს ელოდება, რომ საცავებში შენახული და გადარჩენილი ძვირფასეულობა გარეთ გამოიტანოს. ქალბატონი ალვინა 12 წელია ოქროთი ვაჭრობს, მისი ზარალი რამდენს შეადგენს ზუსტად არ იცის, თუმცა, როგორც თავად აცხადებს, მთავარი მაინც სეიფში შენახული ძვირფასეულობის გადარჩენა იყო.

 

 

„დახლებში რაც მქონდა – ვერცხლის ნივთები, საბუთები ყველაფერი ფერფლად იქცა, აქ ვდგავარ რამდენი ხანია, რომ ის ოქრო, რაც საცავში მქონდა შენახული, გამოვიტანო. კიდევ კარგი ამხელა ზარალის შემდეგ, ეს მაინც გადარჩა“.

სხვებისგან განსხვავებით ვაჭრობა შემოსავლის ერთადერთი წყარო არ იყო ქალბატონი ალვინასათვის, ვაჭრობის პარალელურად ბუღალტრული საქმიანობით არის დაკავებული. ორი ქალიშვილი დ 10 შვილიშვილი ჰყავს და, როგორც მრავალშვილიანი ოჯახს, სახელმწიფო ეხმარება.

 

რა კეთდება დაზარალებულები დასახმარებლად

თბილისის მერიაში მომხდართან დაკავშირებით საკოორდინაციო თათბირი გაიმართა. როგორც თათბირზე თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა, „ბავშვთა სამყაროში“ ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებს სხვა ბაზრობებზე შეღავათიან რეჟიმში ვაჭრობის შესაძლებლობა ექნებათ. შეღავათიანი რეჟიმით სარგებლობა დაზარალებულებს 3-დან 6-თვემდე პერიოდში შეეძლებათ.
თბილისის მერიამ მომხდარ ხანძართან დაკავშირებით პასუხისმგებლობა „ბავშვთა სამყაროს“ ადმინისტრაციას დააკისრა.

გვანცა ბზიავა
ავტორის ფოტოები

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები