LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აღმაშენებლის გამზირის, მშრალი ხიდის, ღვინის აღმართისა და გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაცია წელს დასრულდება

184

თბილისის მერია,  თბილისის განვითარების ფონდთან ერთად, მასშტაბური პროექტის –  „ახალი ტფილისი“ განხორციელებას იწყებს. პროექტის პირველი ეტაპი პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თბილისის მერთან, დავით ნარმანიასთან ერთად საზოგადოებას  ილიას ბაღში, „გარდენ ჰოლში“ წარუდგინა.

პროექტი „ახალი ტფილისი“ გულისხმობს ქალაქში ახალი მასშტაბური საზოგადოებრივ-რეკრეაციული სივრცეების გაჩენას, ახალი ტურისტული მარშრუტის შექმნას, მოედნების, გალერეების მოწყობას, ისტორიული უბნების არქიტექტურული იერსახის შენარჩუნებასა და განვითარებას.

პროექტის პირველ ეტაპზე განხორციელდება შემდეგი უბნების რეაბილიტაცია:
• მშრალი ხიდის მიმდებარე არეალი
• დავით აღმაშენებლის გამზირი (მარჯანიშვილის მოედნიდან ზაარბრუკენის მოედნამდე)
• ღვინის აღმართი
• გუდიაშვილის მოედნის მიმდებარე არეალი

დავით აღმაშენებლის გამზირზე განხორციელდება 45 მისამართზე მდებარე შენობა-ნაგებობების სრულფასოვანი გამაგრება და რესტავრაცია/რეაბილიტაცია;  მთლიანად განახლდება ყველა ტიპის საკომუნიკაციო და საინჟინრო ქსელები; განახლდება გამზირის იერსახე – საფეხმავლო და სამანქანო სავალი ნაწილის საფარი, მოეწყობა გადასასვლელები;  ტერიტორია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სრულად ადაპტირებული გახდება; მოპირკეთდება ქუჩა, დამონტაჟდება ახალი განათება, მანიშნებლები, გამწვანდება ტერიტორია.

მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე:

  • კეთილმოეწყობა 9 მარტისა და დედა ენის სახელობის ბაღები და მიმდებარე ტერიტორია;  
  • 9 მარტის და დედა ენის სახელობის ბაღებს შორის მოეწყობა მიწისქვეშა საფეხმავლო გადასასვლელი – გალერეა, რომელშიც განთავსდება ტურისტული და ჰიგიენური დანიშნულების ფართები;
  • მოეწყობა სავაჭრო დახლები, ტერასა და მოწესრიგდება სავაჭრო საფეხმავლო ზონა.

სამუშაოების განხორციელების შემდეგ ტერიტორია სრულად ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.

როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, პროექტის განხორციელება გამოიწვევს ტურისტული ნაკადების ზრდას, რაც ქალაქის ეკონომიკური სიძლიერის გარანტია.

პროექტი „ახალი ტფილისი“-ს პირველი ეტაპი 2016 წლის ბოლომდე დასრულდება. პროექტის ღირებულება 21 მილიონი ლარია.

 

10291844_1253280774688520_7876766458283950292_n

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები