LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აღშფოთებული ვარ, „რუსთავი 2“-ის ეთერში გასული სიუჟეტის გამო – მაკა ასათიანი განცხადებას ავრცელებს

69

შპს “აკა”-ს მფლობელი,  მაკა ასათიანი, ტელეკომპანია” რუსთავი 2-ის ეთერში გასულ სიუჟეტს  ეხმაურება, სადაც “მერსედესის” ყოფილი მეწილე მისი წილის ძალით დათმობასა და ამ საქმის “მაესტროს მეწილეებთან” კავშირზე საუბრობს. ის ბრალდებებს აბსურდულს,  ინფორმაციას კი ცილისმწამებლურს უწოდებს.

მაკა ასათიანის განცხადებას “ფორტუნა” უცვლელად გთავაზობთ :

“გამოვიყენებ კანონით მონიჭებულ ყველა უფლებას, რათა რუსთავი 2-მა პასუხი აგოს ცილისმწამებლური, ცრუ ინფორმაციის გაჟღერებისთვის!!!
სრულიად აღშფოთებული ვარ, გუშინ, „რუსთავი 2“-ის ეთერში გასული სიუჟეტის გამო, რომელიც ჩემი და ჩემი ოჯახის ღირსების შელახვას ემსახურებოდა.
სიუჟეტი აგებული იყო ადამიანზე, რომელიც თაღლითობის, შანტაჟის და დოკუმენტების გაყალბების გზით, რამდენიმე ათეული წელია ცდილობს მიითვისოს კომპანია “მერსედესის” (შპს „აკა“) წილი. არა ერთხელ გამიცხადებია, რომ ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის, თაღლითურად მითვისებული „მერსედესის“ წილის დაბრუნება, არა მხოლოდ ბიზნესის დაცვის, არამედ ღირსების საკითხია.
გადაცემა “პოსკრიპტუმში” გასული სიუჟეტი იყო სრულიად მიკერძოებული და ცრუ ფრაზებით გამყარებული. ცალსახაა, რომ „რუსთავი 2“ ამ პროცესში მხარეა, ამას კი ადასტურებს ის ფაქტი, რომ მათ და „მერსედესის“ “ვითომ” მოწილეს დ. ძოწენიძეს საერთო ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი ჰყავთ.
მიუხედავად ამისა, ძალიან გულდაწყვეტილი ვარ და მაინც არ ველოდი უშუალოდ ჟურნალისტებისგან დაუსაბუთებელი, ცრუ ინფორმაციის, ყოველგვარი გადამოწმებისა და ფაქტების გარეშე გაჟღერებას. მითუმეტეს, იმ ადამიანის სასარგებლოდ, რომელიც ეჭვმიტანილია თაღლითობასა და გაყალბებაში. ამას ფაქტობრივად ადასტურებს სასამართლოც, რის საფუძველზეც უკვე 6 წელია გამოძიება მიმდინარეობს.
აღარაფერს ვამბობ სრულიად აბსურდულ ბრალდებასა და უსუსურ მცდელობაზე, თითქოს ნათესაური კავშირებითა და მაესტროში მიმდინარე პროცესებით, მოეხდინათ კერძო სამართლებრივი დავის პოლიტიზირება.
წინა ხელისუფლების პერიოდში როგორც ჩემი, ისე სხვა უამრავი ოჯახის მიმართ ჩადენილ დანაშაულთა სიმრავლის გამო, ჩემს მიმართ სამართლიანობის აღდგენას, საკუთარი ღირსებისა და ბიზნესის დაცვას უკვე წლებია დიდი მოთმინებით ველი.
თუმცა, გუშინ რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებულმა ცრუ ინფორმაციამ კიდევ უფრო მეტი ძალა და მოტივაცია მომცა იმისთვის, რომ ვიბრძოლო სამართლიანობის აღდგენისთვის და იმ ადამიანთა ჯგუფის უმკაცრესად დასჯისთვის, რომლებმაც თავის დროზე გაყალბებული დოკუმენტების საფუძველზე, შეცდომაში შეიყვანეს სასამართლო და მოტყუებით მიითვისეს ჩემი ოჯახის კუთვნილი წილი „მერსედესში“.

სახეზეა ამ ადამიანებისა და რუსთავი 2-ის მიზანმიმართული კამპანია, რათა ხელი შეუშალონ სასამართლოს და საგამოძიებო ორგანოებს, დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად დააყენონ სამართლიანი განაჩენი.

სწორედ ამ მიზნით, გამოვიყენებ კანონით მონიჭებულ ყველა უფლებას, რათა „რუსთავი 2“-მა პასუხი აგოს, მის მიერ ტყუილზე აგებული, მიკერძოებული და ცილისმწამებლური სიუჟეტის გამო”, – ნათქვამია მაკა ასათიანის განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები