LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აგრესიას შეწირული ქართველი სამხედროები – გმირებზე ისტორიებს “ფორტუნასთან” ყვებიან

ძალიან ვამაყობ, რომ გმირი მამის შვილი ვარ, კლასელებიც ამაყობენ ჩემით, ყველას სჯერა, რომ მამასნაირი კაცი გამოვალ, – ამბობს 11 წლის ლევან ანწუხელიძე. მამაზე ბევრი რამ იცის, მაგრამ გადმოცემით. ლევანი 10 თვის იყო, როცა მამა გმირულად დაიღუპა.

საქართველოს ეროვნული გმირი გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის 9 აგვისტოს, ერთ-ერთი შეტაკების დროს ტყვედ ჩაუვარდა მოწინააღმდეგეს, წამებისა და დაკითხვის შემდეგ კი, ცხინვალის მე-5 სკოლასთან, ძმათა სასაფლაოზე ცემით მოკლეს. მისი წამების ამსახველი ვიდეო მალევე გავრცელდა და ვიდრე ოფიციალურად მიენიჭებოდა ეროვნული გმირის წოდება, სწორედ ამ კადრების მეშვეობით ის უკვე იქცა ხალხისთვის გმირად. კადრები, რომელმაც მთელი ქვეყანა მოიარა, ვერ ნახა მეუღლემ მაკა ჩიკვილაძემ. ამბობს, რომ მისი წამების ამბავი გადმოცემით იცის და ამ კადრების ნახვას ალბათ, ვერასდროს გაბედავს. ამბობს, რომ გმირის ოჯახის წევრობა ძალიან რთულია.

განსაკუთრებით მაშინ, როცა ის შენი მეუღლეა, ეს განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა. გიორგის დიდი ხანი ვიცნობდი, ერაყიდან იყო ახალი ჩამოსული, რომ დავახლოვდით და 2 თვეში გავიპარეთ. გაპარვაც შემთხვევით მოხდა, ტაქსით სახლში მაცილებდა და უცბად გადაწყვიტა, რომ დეიდამისთან წავეყვანე.

არაჩვეულებრივი მეუღლე იყო, კარგი ადამიანი. ძალიან რთულია ჯარისკაცის მეუღლეობა, ორი წელი ვიყავით ერთად და ნახევარზე მეტი თითქმის სამსახურში აქვს გატარებული,“ – ყვება ფორტუნასთან მაკა ჩიკვილაძე.

2008 წლის ომის დაწყება მაკამ გიორგიზე ადრე გაიგო და სამსახურში გამოძახების ამბავიც თავად შეატყობინა. 6 აგვისტოს გიორგიმ მაკა შვილთან ერთად გორის რაიონში დასასვენებლად გაუშვა და რამდენიმე დღეში თავადაც გეგმავდა ჩასვლას.

„ვთხოვე მალე ჩამოდი მეთქი, შვებულბაში იყო და კვირის ბოლოს უნდა ჩამოსულიყო, ჩვენი სოფელი ცხინვალთან ახლოს არის. ღამე საშინელი სროლები ატყდა, გარედან ყვიროდნენ შუქები არ აანთოთო, მერე დამირეკეს ცოტა ხანში, გიორგის ვერ უკავშირდებოდნენ, განგაში იყო ნაწილში და უნდა გამოცხადებულიყო. დავურეკე გიორგის მამიდას და ვთხოვე, რომ გაეღვიძებინა, რომ წასულიყო, მაშინ ველაპარაკე, რომ გიძახებენ მეთქი, მგონი ომი დაიწყო და ფრთხილად იყავი მეთქი, აქეთ დამამშვიდა,“ – იხსნებს მაკა ჩიკვილაძე.

ამის მერე მაკას გიორგი აღარ უნახავს. ჯარისკაცები 11-ში დაბრუნდნენ, თუმცა, გიორგი ჯერ უგზო-კვლოდ დაკარგულად ითვლებოდა.

„ხან ცოცხალი გვეგონა, ხან იმედი აღარ გვქონდა, მაგრამ გიორგი იმდენად ძლიერი იყო, ბოლომდე მეგონა, რომ გადარჩენილი იყო.  დნმ-ის ანალიზით გავიგეთ, რომ ნოემბერში გადმოსვენებული 10 მიცვალებულიდან ,ერთ-ერთი გიორგი იყო,“ – ამბობს მაკა ჩიკვილაძე.

გიორგი ანწუხელიძის გარდაცვალებიდან 6 თვეში ქვეყანას მისი მეორე შვილი ანა მოევილნა. ორსულობის დროს მიღებული სტრესი ბავშვზე აისახა, დაბადებიან 2 თვის განმავლობაში ანა იაშვილის კლინიკაში იწვა. მაკა ჩიკვილაძე ამბობს, რომ მომხდარი ტრაგედიის შემდეგ სწორედ ანამ და მასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა გამოაფხიზლა.

„გიორგი არ დამვიწყებია და არც არასოდეს დამავიწყდება, მაგრამ გადავერთე ანას პრობლემაზე, იმ წუთას მას სჭირდებოდა ყურადღება. დღესაც ასე ვაგრძელებთ, გიორგის გარეშე ქვია, მაგრამ არ ვართ მის გარეშე, იმიტომ რომ ყოველ დღე მისი სახელი ისმის. იმ სიცარიელეს ვერაფერი შეავსებს, მაგრამ მისი სახელი არ მოკვდება და ყოველთვის ცოცხალი იქნება,“ – ამბობს მაკა.

გიორგი ანწუხელიძის გარდა, 2008 წელს ტყვეობაში სხვა ბიჭებიც აღმოჩნდნენ. ერთ-ერთი შმაგი სოფრომაძეა.

„ჩემი ძმა ბირჟიდან ბირჟაზე გადაჰყავდათ, სცემდნენ, ქართველ ჯარისკაცებს დროშას უშლიდნენ მიწაზე, ჩემი ძმა ამ დროშაზე ფეხით არ შედგა. დროშას ვერასდროს აღიქვამდა უბრალო ნაჭრად,“ – გვიყვება მისი და სოფო სოფრომაძე, რომელმაც ძმის გარდაცვალების შემდეგ 2 წელიწადში თავადაც სამხედრო ფორმა ჩაიცვა. ამბობს, რომ სამხედრო სამსახური რთულია, თუმცა იმასაც გრძნობს, რომ ბევრი სტერეოტიპის დარღვევა შეუძლია. 2-ჯერ იყო ავღანეთის მისიაში. მარტოხელა დედაა და ახლა 12 წლის შვილი ჰყავს.

„3-4 წლის იყო, სამსახურში რომ არ დამგვიანებოდა, ბაღში დარაჯს ვუტოვებდი, ადრე რომ მიმყავდა, არ იყო არც მასწავლებელი, დამლაგებელიც კი არ იყო, ასე მყავს გაზრდილი. იცნობს ამ სტრუქტურას და დღეს, 12 წლისამ უკვე იცის, რა არის ჯარი, ომი და იცის, მისი დედა რამდენად ძლიერია. ვარ სამხედრო ექიმი და ურთულესი საქმე გვაკისრია, მართლა საამაყოა ეს და ამ ყველაფრის გარეშე, ალბათ, ვერ ვიცხოვრებ,” – ამბობს სოფო სოფრომაძე.

ძმასთან დაკავშირებით ბევრი მოგონება აქვს, სწორედ ამიტომ არ უყვარს, როცა ამბობენ, რომ მოგონებებიც იცრიცება. იხსენებს, რომ მის ძმას სამხედრო ინტერესი ბავშვობიდან ჰქონდა, თვითონ კი მუდმივად მისი დაკარგვის შიში.  

„ტყუპებს რომ განცდა აქვთ, ზუსტად ასე ვიყავით ორივე. მქონდა განცდა, რომ თუ ჩემს გარეშე სადმე იყო, რამე დაემართებოდა, სულ ამის შიში მქონდა, რომ არ დამეკარგა და 2008 წელი იყო ყველაზე საშინელი წელი ჩემს ცხოვრებაში. მიუხედავად იმისა, რომ 2004 წელსაც მიიღო მონაწილეობა წვერიახლოსთან, სწავლება დაარქვეს მერე, მაგრამ ეს არ იყო ჩემთვის სწავლება, იმიტომ რომ ჩემი ძმა იქ იბრძოდა და იქ იბრძოდნენ სხვა ბიჭებიც. რომ ჩამოვიდნენ ამბობდნენ, რომ ყველანი აკოფებში რომ ვიმალებოდით, შაკო ტყვიების წვიმაში იბრძოდაო და არავის გვეგონა, რომ გადარჩებოდაო. რომ ჩამოვიდნენ, სიამაყით საუბრობდნენ ჩემს ძმაზე. მერე იყო 2008 წელი, როცა სოფელში ჩაიყვანა დედა და ცოლ-შვილი და მეორე დღესვე გამოიძახეს. რომ დამირეკა დედამ და მითხრა შაკო წავიდაო, მაშინ მივხვდი, რომ დავკარგე. საშინელი განცდა მქონდა. ყველაზე ცუდი ის იყო, რომ სახლში დარჩა ტელეფონი. ვერ ვუკავშირდებოთ, მერე მისმა მეგობარმა დაგვირეკა და გვითხრა, რომ შაკო არ ჩანდა და ვეძებდით, მაგრამ ვერ ვაგნებდით ვერანაირ კვალს. შემდეგ ინტერნეტში ვნახეთ ტყვეობის კადრები, თუმცა, მანამდე ჩემი ნათესავები, რომლებიც აქტიურად იყვნენ ამაში ჩართული, იცოდნენ, რომ ტყვეებთან გასაუბრების შემდეგ ჩემი ძმა დახვრიტეს,“ – გვიყვება სოფო სოფრომაძე.

 

ამბობს, რომ იცის აბსოლუტურად ყველა დღე, რომელიც მისმა ძმამ ტყვეობაში გაატარა და მიიჩნევს, რომ იმსახურებს ეროვნული გმირის სახელს.

„ეს ტკივილი მაქვს, უნდა იბრძოლო იქ, სადაც არის სამართლიანობა, უსამართლობაში ცოტა რთულია ეს ყველაფერი. მის გამო მაცვია ფორმა, რომ მისი ისტორია გავაგრძელო, ორი ვაჟკაცი ეზრდება და მისი შვილების წინაშეც ვარ ვალდებული, რომ მისი ისტორია ლამაზად შევინახოთ.

ჩემ ძმას სცემდნენ, თითები დაუწვეს, კაპრონის ძაფები წაუჭირეს, მე მინდა თბილისში არსებობდეს თუნდაც, მისი სახელობის ქუჩა, მაგრამ მკვდარსაც პატრონი სჭირდება ამ ქვეყანაში,“ – ამბობს სოფო სოფრომაძე და დასძენს, რომ საქართველოს კიდევ ბევრი გმირი ჰყავს, რომელსაც ხალხი უნდა იცნობდეს – „ბევრი ლამაზი ისტორიაა ასეთი და მთავარი არაა კადრები. ყველა უნდა გაიცნოს სამშობლომ, რომელსაც ყავს ბევრი გარდაცვლილი და ცოცხალი გმირი“.

აგვისტოს ომში შეიარაღებული ძალების 169 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და თითოეულს თავის ისტორია აქვს. მათ სახელებსა და გვარებს გმირთა მემორიალზე ამოიკითხავთ. მემორიალთან ასაკოვანი ქალბატონი მიდის და ყვავილებს აწყობს – ეს ლეილა თანდაშვილია, კაპიტან ალექსანდრე თანდაშვილის დედა. ისტორიას გვიყვება და ამბობს, რომ ხანდახან ჰგონია სხვის ამბავს ჰყვება.

ალექსანდრე თანდაშვილი დედას ცოცხალი 9 აპირილიდან, აფხაზეთის ომიდან და ერაყის მიისიდან დაუბრუნდა. მტრის ტყვიას აგვისტოს ომში ვეღარ გადაურჩა.

მისი სიკვდილი ოჯახმა 4 თვის შემდეგ, დნმ-ის ანალიზის შედეგად გაიგო. ამის მერე ლეილა თანდაშვილს მალე მეორე შვილიც დაეღუპა.

„თავის ძმის ამოცნობაზე ცინკის კუბოებიდან ხის კუბოებში გადაიტანა სააკშვილმა და ჩემმა შვილმა გახსნა, გინდა თუ არა უნდა ვნახო ვის ვგლოვობ, ჩემი ძმა არის თუ არაო და ეს მიცვალებულები იყვნენ ქიმიური ნივთიერებებით დამუშავებული. ეს შეისუნთქა და სისხლი მოეწამლა, 2012 წელს დამეღუპა. დავრჩი სულ მარტო,“ – ამბობს ლეილა თანდაშვილი და დასძენს, რომ ახლა შვილიშვილებით განაგრძობს არსებობას.

ახლა კიდევ ერთი საკითხზე დარდობს, 32- ე სკოლას, რომელიც მისმა შვილმა დაამთავრა, სურს მისი სახელი მიენიჭოს.

„ხან რა მითხრეს, ხან რა, ბოლოს მითხრეს, აფხაზეთის ომშია დაღუპული კივილაძე, ღმერთმა გაანათლოს მისი სული, ისიც ამ სკოლის კურსდამთავრებულია და ორივეს სახელს ხომ ვერ დავარქმევთო,“ – ამბობს ლეილა თანდაშვილი და აღნიშნავს, რომ ამ მოთხოვნით სასამართლოსაც მიმართავს და ახალ მინისტრსაც.

ალექსანდრე თანდაშვილმა ოკუპანტისგან პირველი ჭრილობა 9 აპრილს მიიღო, მაშინ რუსი ჯარისკაცის ნიჩაბი მხარში მოხვდა. „სპორტულმა ჩანთამ გადაარჩინა, გადაჭრილი ჰქონდა ჩანთა შუაზე და მხარი გადასერილი,“ – ყვება ქალბატონი ლეილა.

ამის მერე იყო აფხაზეთის ომი, საიდანაც მძიმედ დაჭრილი დაბრუნდა სახლში.

„ჩემი შვილი პირველი დაჭრილი იყო აფხაზეთის ომის დროს, წინა ხაზზე მოხვდნენ. ქუთაისის კლინიკაში ვიწექით თვენახევარი, მარცხენა ხელი და ფეხი ჰქონდა დაცხრილული, ღმერთის მადლით გადარჩა მაშინ, მაშინ მთელი ცხოვრება გავყიდე, მშენებარე სახლი მქონდა, ახლა რომ ეხმარებიან, მაშინ ასე არ იყო, სახლი იმ ფასად გავყიდე, რომ შვილისთვის 2 ოპერაცია გამეკეთებინა,“– ამბობს ლეილა თანდაშვილი.

 

მერე იყო ერაყის მისია, დაბრუნებიდან 3 თვეში კი აგვისტოს ომი დაიწყო. თანდაშვილის დედა იხსენებს, რომ მის შვილს 19 წლის ასაკიდან საკუთარ საწოლში ფაქტიურად არ სძინებია.

„7-ში დამირეკა, დედა მივდივარო, მეგონა პოლიგონზე მიყავდათ ჯარი, მე რა ვიცოდი, რომ ომი დაიწყო, კი შვილო, დამირეკე ხოლმე – მე ვუთხარი, გეგონება თავის თავი ენანებოდა – დაგირეკავ, აბა რას ვიზამო. ეს იყო ბოლო ჩვენი სატელეფონო საუბარი. 8-ში დაღუპულა, მაგრამ ჩვენ არ ვიცოდით. წინა ხაზზე იყო, ოცეული ჰყავდა და ოცივე დაბომბვას გადაარჩინა და გამოიყვანა ნიქოზამდე. ნიქოზში უთხრეს, ყულოშვილი ერეკლე მოკლეს, შენი ამხანაგიო, ეს ბიჭები იქ დაუტოვებია, მარტო იარაღი აუღია და ისევ შესულა უკან, სნაიპერის ტყვიამ დააკლა ზედ ყულოშვილს – თავის მეგობარს,“ – გვიყვება ლეილა თანდაშვილი.

ერეკლე ყულოშვილი საავიაციო დაბომბვის დროს დაიღუპა. არსებული ცნობებით, აგვისტოს ომში მან თავის დაქვემდებარებაში მყოფი საარტილერიო დივიზიონი ხეთაგუროვისა და ტყვიავის მხარეს ბოლომდე მიიყვანა. განახორციელა ზუსტი საარტილერიო დარტყმები და დროულად უზრუნველყო საცეცხლე წერტილების ჩახშობა.

„8 აგვისტოს თემები, სიმართლე რომ გითხრათ, ბუნდოვნად მახსოვს, იმიტომ რომ ალბათ ფსიქოლოგიურად არ მინდა დავიმახსოვრო, რთულად გასახსენებელი დღეებია. ეს ინფორმაცია ერეკლეს შესახებ, მოგეხსენებათ, მეთაური იყო საარტილერიო დივიზიონის და წარმატებული და პერსპექტიული არტილერიის მიმართულებით სამხედრო მოსამსახურე, ოფიცერი და რა თქმა უნდა, იყო იქ, სადაც უნდა ყოფილიყო. ინფორმაცია დიპლომატიურად მოგვაწოდეს, რომ ერეკლე იყო დაჭრილი, ჩაკეტილი იყო გზები, ვერ ხერხდებოდა მისი გადმოყვანა და სანამ მოხერხდებოდა, არ ვიცით რა მოხდებაო. მერე, რა თქმა უნდა, ეს ვერ დაიმალებოდა და გავიგეთ,“ – გვიყვება ერეკლეს და ნინო ყულოშვილი.

ოჯახმა ერეკლეს ცხედარი ვერ ნახა და ეს ტრაგედია დიდ ხანს იყო დაუჯერებელი. ცხედრების გადმოსვენების შემდეგ, დნმ-ის ანალიზმა მისი დაღუპვა დაასტურა. ერეკლე ყულოშვილი მუხათგვერდის სამხედრო სასაფლაოზეა დაკრძალული.

„როცა გმირის ოჯახის წევრი ხარ, ერთდროულად არის სიამაყის გრძნობა და ტკივილიანი განცდა, ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ნიშნავს. პასუხისმგებლობას თვითონ ამ ადამიანის წინაშე, ვინც არა მარტო ჩვენი ოჯახის წევრია, არამედ უკვე არის ქვეყნის კუთვნილება.

ფსიქოტიპს თუ დავხატავთ, ერეკლე იყო ძალიან კეთილშობილი ადამიანი, ვიზუალურად სიმპათიური, სხვათაშორის და ყველას ძალიან უყვარდა, ამის თქმა ნამდვილად შემიძლია იმიტომ, რომ დღესაც მხვდებიან მისი მეგობრები, რომლებიც ძალიან დიდი გულისტკივილით, სიყვარულით იხსენებენ ერეკლეს და გულისწყვეტა აქვთ, მაგრამ იმავდრიულად ამაყობენ,“ – ამბობს ნინო ყულოშვილი.

მისი დაღუპვიდან 2 თვის თავზე მისი შვილი ნიკოლოზ ყულოშვილი დაიბადა. „ომიდან ათი წელი გავიდა და ნიკოლოზი დღეს ათი წლის არის, რა თქმა უნდა, ამაყობს მამით,“ – ამბობს ნინო ყულოშვილი.

წელს 2008 წლის აგვისტოს ომიდან 10 წელი გავიდა. რუსეთ-საქართველოს შორის აგვისტოს ხუთდღიან ომში საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 14 პოლიციელი და 169 სამხედრო. 8 ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა. დაიჭრა 1 747 ადამიანი. საკუთარი სახლი დატოვა თითქმის 150 000-მა ადამიანმა, მათგან დღემდე დევნილობაში რჩება 30 000-მდე ადამიანი.

 

თაკო ივანიაძე

პოპულალურები