LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აია სოფია მოქმედი მეჩეთი გახდება?! – ტაძარში ნამაზი შესრულდა (ვიდეო)

784

სტამბულში, აია სოფიას ტაძარში, გამთენიისას პირველი ნამაზი შესრულდა. ამის შესახებ თურქული საინფორმაციო სააგენტოები წერენ.

ყოფილ ბიზანტიურ მართლმადიდებლურ ეკლესიაში, რომელსაც ახლა მუზეუმის სტატუსი აქვს, 85 წლის შემდეგ, მლოცველებს პირველად მოუწოდეს და ისლამური წმინდა წერილიდან, ყურანიდან ციტატები წაიკითხეს.

ლოცვას ესწრებოდნენ თურქეთის ხელისუფლების წარმომადგენლები.

ტაძარში ნამაზის ჩატარების ცნობას მართლმადიდებელ საზოგადოებაში უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა. საბერძნეთმა სპეციალური განცხადებაც გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ეს ქმედება სხვა რელიგიების უპატივცემულობაა.

“მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლში, მუსლიმური რიტუალები გაუგებარია, რეალობას აცდენილია და პატივისცემის ნაკლებობის ერთ-ერთი გამოვლინებაა. უფრო მეტიც, ასეთი ქმედებები არ შეესაბამება თანამედროვე დემოკრატიულ საზოგადოებას”, – ნათქვამია განცხადებაში.

ამ განცხადებას გამოხმაურება მოჰყვა თურქეთის მხრიდანაც. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, საბერძნეთის კრიტიკა აია სოფიასთან დაკავშირებით მიუღებელია.

“თურქეთის ტერიტორიაზე არსებულ ტაძარში რაიმე ქმედების აკრძალვა, ჩვენს შიდა საქმეებში ჩარევაა. გვინდა გაგახსენოთ, რომ თანამედროვე საზოგადოების ღირებულებებში, სხვა რელიგიების მიმართ პატივისცემაცაა გათვალისწინებული”, – აღნიშნა მან.

მედიაში ასევე, გავრცელდა ცნობა, რომ მუზეუმში ნამაზის ჩატარება, შესაძლოა მისი სტატუსის გადახედვის მანიშნებელი იყოს. ზოგიერთი სააგენტო ასევე წერს, რომ 16 აპრილს, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აპირებს შეკრიბოს მთავრობა და სიმბოლური აქტით გამოაცხადონ აია-სოფიას მუზეუმის მოქმედ მეჩეთად გადაკეთება.

ისტორიულ ბაზილიკას, რომელიც ახლა სტამბულის ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობაა, 1935 წლიდან, თურქეთის პირველი პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, მუზეუმის სტატუსი აქვს. აია სოფიას  მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დიდებულ შენობად მიიჩნევენ და ხშირად მსოფლიოს მერვე საოცრებადაც მოიხსენიებენ.

 

თამთა უთურგაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები