LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აიდას“ პრემიერამ ანშლაგით ჩაიარა – „მადლობა ამ გამართლებისა და აღმაფრენისთვის…“

356

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში 4 მარტს „აიდას“ განსაკუთრებული ვერსიის პრემიერა სრული ანშლაგით შედგა. ფრანკო ძეფირელის დადგმის თბილისურ პრემიერას თანამედროვეობის ერთ-ერთმა უდიდესმა დირიჟორმა, მსოფლიოში ვერდის საუკეთესო ინტერპრეტატორად აღიარებულმა მაესტრომ, დანიელ ორენმა უდირიჟორა.

მთავარი პარტიები შეასრულეს მოწვეულმა ქართველმა სოლისტებმა: იანო ალიბეგაშვილმა, ანიტა რაჭველიშვილმა, გია ონიანმა, გიორგი გაგნიძემ, რამაზ ჩიკვილაძემ, გიორგი ანდღულაძემ.

სპექტაკლში მონაწილეობდნენ: თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის გუნდი, ბალეტი და ორკესტრი. სპექტაკლი ოპერაში ფრანკო ძეფირელის ასისტენტმა სტეფანო ტრესპიდიმ დადგა.

ქართველმა მაყურებელმა „აიდა“თბილისში, პირველად, ზუსტად 140 წლის წინ, 1877 წელს იხილა. „აიდას“ ეს ვერსია ფრანკო ძეფირელიმ, თავდაპირველად, 2001 წელს, ვერდის მშობლიურ ბუსეტოში, კომპოზიტორის გარდაცვალებიდან 100 წლისთავთან დაკავშირებით შექმნა და პრემიერაც ვერდის ფესტივალზე გაიმართა.

„აიდას“ პრემიერას განსაკუთრებული გამოხმაურება მოჰყვა სოცქსელში. ოპერის მომღერალი თამარ ივერი წერს:

„რამხელა ვულკანივით მიძინებულმა პოტენციამ ამოხეთქა გუნდის, ორკესტრის, სოლისტების სახით!!!!

სულ სხვა ჟღერადობა და ჩვენი პირველხარისხოვანი მომღერლები, რომელთა ხმაც თეატრში აქამდე აქ არ ჟღერდა, მისი სათანადო დონის არარსებობის გამო!!

მადლობელი ვარ ღმერთის, რომ ამ დიდ დღესასწაულში პატარა აგური ჩვენმა, რამდენიმე მომღერლის მონდომებამაც შეიტანა და ჩვენმა თავგამოდებულმა ბრძოლამ თეატრის უკეთესი მომავლისთვის დიდი ნაყოფი გამოიღო!!

მადლობა, ბადრი მაისურაძე, ამ გამართლებისა და აღმაფრენისათვის!“

ფოტო: ლადო ვაჩნაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები