LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აიკრძალება თუ არა საქართველოში ფრენისას თვითმფრინავებში ლეპტოპების შეტანა

ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ კომპიუტერულ მოწყობილობებში აეროპორტის სკანერისთვის უხილავ ასაფეთქებელ მოწყობილობებს ამონტაჟებს.

ასაფეთქებელი მოწყობილობების დამონტაჟების ახალ მეთოდოლოგიაზე ეჭვი ამერიკის სპეცსამსახურებსაც ჰქონდათ, საიდუმლოს ფარდა ისრაელის დაზვერვამ ახადა, რომლებმაც  ISIS-ის ინტერნეტ ქსელში  შეაღწიეს.

ტერორისტული დაჯგუფება ასაფეთქებელ მოწყობილობას კომპიუტერის ბატარეებში ამონტაჟებდა.  

მომხდარის გამო, ამერიკის ხელისუფლებამ რამდენიმე ქვეყნის მოქალაქეებისთვის თვითმფრინავის სალონში მობილურზე დიდი ზომის ელექტრონული მოწყობილობების ატანა აკრძალა. აკრძალვას მალევე შეუერთდა დიდი ბრიტანეთიც.

შეზღუდვა შეეხო  ეგვიპტის, იორდანიის , ქუვეითის, მაროკოს,  ყატარის,  საუდის არაბეთისა და თურქეთის მოქალაქეებს.

ამერიკის კონტრტერორისტული ორგანიზაციის ხელმძღვანელების განმარტების ახალი წესები  სადაზვერვო ინფორმაციას ეფუძნება და ტერორისტული აქტების თავიდან ასაცილებლად თვითმფრინავის სალონში აკრძალული ნივთების სიას ემატება: ლეპტოპები, ტაბლეტები , კამერები და მობილურზე დიდი სათამაშო მოწყობილობები. შეზუდვა არ ეხება თვითმფრინავის ეკიპაჟს.  

საჰაერო ხომალდის სალონში  აკრძალული ნივთების ჩამონათვალს  „სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია“ (ICAO )განსაზღვრავს,  თუმცა ფრენის უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, წევრ სახელმწიფოებს უფლება აქვთ, ICAO-ს მიერ დადგენილი ნივთების გარდა,  დამატებით დააწესონ აკრძალვები.   ერთადერთი მთავარი კრიტერიუმი, რითაც  აკრძალული ნივთების ჩამონათვალი დგინდება,  ფრენის უსაფრთხოებაა.

საქართველოს  სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ბოლო პერიოდში აქტუალური გახდა ე.წ. ლითიუმის ელემენტების საჰაერო ტრანსპორტით გადატანის საკითხი და  ICAO-მ   წევრ სახელმწიფოებს  2016 წელს  ლითიუმის ელემენტების გადაზიდვა ტვირთის სახით, სამგზავრო საჰაერო ხომალდზე აუკრძალა.

უშუალოდ ნოუთბუქების, პლანშეტების და ფოტოკამერების თვითმფრინავის ბორტზე ატანასთან დაკავშირებით ჯერჯერობით  რაიმე ამკრძალავი რეგულაცია არ დაწესებულა. თუმცა, როგორც  „ფორტუნას „  სამოქალაქო ავიაციის  სააგენტოში განუცხადეს,  რამდენიმე სახელმწიფომ ფრენის უსაფრთხოების და უშიშროების მიზნით,  თვითმფრინავის სალონში დიდი ზომის ელექტრონული მოწყობილობების ხელბარგის მეშვეობით ატანა დროებით აკრძალა.

 

თამუნა გოგუაძე 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები