LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აკაკი ზოიძე – დავით ჭიჭინაძის უმრავლესობიდან გარიცხვას ამ ეტაპზე მხარს არ დავუჭერ

57

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის განცხადებით, თუ დავით ჭიჭინაძეს სურვილი აქვს, რომ „ქართულ ოცნებაში“ დაბრუნდეს, მას ამის შესაძლებლობა უნდა მიეცეს.

აკაკი ზოიძე დავით ჭიჭინაძის მხრიდან პოლიტსაბჭოსადმიმიმართვას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პოლიტსაბჭოზე არგუმენტების მოსმენის საშუალება იქნება. თუ წევრები მიიჩნევენ, რომ არგუმენტები არასაკმარისია, პოლიტსაბჭო სამდივნოს გადაწყვეტილებას დაადასტურებს.

„ყოველთვის ყველაფრის შანსი არსებობს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების მექანიზმს აზრი არ ექნებოდა. პოლიტსაბჭოს ხუთმა წევრმა გარიცხვის გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა და მიიჩნია, რომ დავით ჭიჭინაძის პარტიიდან გარიცხვისთვის საკმარისი არგუმენტაცია არსებობს. ეს ყველაფერი არასასიამოვნო ფაქტი იყო, თუმცა პოლიტსაბჭო სწორედ იმის საშუალებაა, რომ ეს საქმე გაირკვეს, საკითხის ირგვლივ გარემოებები დაზუსტდეს და პასუხები მოვისმინოთ, როგორც გადაწყვეტილების მიმღებთაგან, ასევე ჭიჭინაძისგან – რა უნდოდა, რა გამოუვიდა, როგორ და რამდენად სწორად იქნა მისი განცხადება აღქმული. ერთმანეთის მოსმენისა და სამდივნოს გადაწყვეტილების დაზუსტების საშუალება არის. თუ დავით ჭიჭინაძეს სურვილი აქვს, რომ პარტიაში დაბრუნდეს, პარტიის წევრს შანსი მაქსიმალურად უნდა მივცეთ, რომ ეს გააკეთოს. ზოგ შემთხვევაში, დავით ჭიჭინაძის მოსაზრებები შეიძლება ჩემსას ემთხვეოდა, მაგრამ მისი გამოთქმის ფორმას ზოგჯერ ვერ ვეთანხმებოდი“, – აღნიშნავს ზოიძე.

კითხვაზე – დაუჭერს თუ არა მხარს საპარლამენტო უმრავლესობის რიგებიდან დავით ჭიჭინაძის წასვლას, აკაკი ზოიძე პასუხობს, რომ ამ ეტაპზე აღნიშნულს მხარს არ დაუჭერს.

„თუ ფასეულობებში განსხვავება იკვეთება, უმრავლესობის წევრმა უმრავლესობა თავად უნდა დატოვოს. თუ ადამიანი უმრავლესობის საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებს, თამაშის წესებს არ ემორჩილება და ძირითად თემებს ეწინააღმდეგება, მაშინ სურვილიც არ უნდა ჰქონდეს, რომ პარტიაში დარჩეს.

დავით ჭიჭინაძის გარიცხვის არგუმენტაციას მოვისმენ, რატომ უნდა დარჩეს და გადაწყვეტილებას ამის მიხედვით მივიღებ. რასაც დღეს ამბობს, ამ ეტაპზე, უმრავლესობიდან მის გარიცხვას მხარს არ დავუჭერ. უმრავლესობიდან თითოეული ადამიანის გარიცხვა გვაზარალებს“, – დასძენს აკაკი ზოიძე.

„ქართულმა ოცნებამ“ დავით ჭიჭინაძის პარტიიდან გარიცხვის გადაწყვეტილება 18 ივლისს მიიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები