LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აკაკი ზოიძე ფარული ჩანაწერების საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას არ გამორიცხავს

110

საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე არ გამორიცხავს, რომ ფარული ჩანაწერების საქმეზე, რომელშიც სავარაუდოდ, პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი ფიგურირებს, პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნას.

როგორც ზოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პარლამენტი ყველა ბერკეტს გამოიყენებს კითხვებზე პასუხის გასაცემად, მათ შორის, საპარლამენტო საათს და მინისტრების დაბარების ფორმატებს.

“უმრავლესობასთან ერთად და ჩამოვყალიბდებით. ეს არ იქნება ერთჯერადი თემა, სანამ ბოლომდე არ ამოვწურავთ.

არაფერს გამოვრიცხავ, მთავარია ჩვენ მოვისმინოთ კითხვებზე პასუხები ეს არის საზოგადოების ყველაზე მაღალი ინტერესის საგანი,” – განაცხადა ზოიძემ.

მისივე თქმით, გამორიცხული არ არის შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას პარლამენტში დაბარება.

„თუ რაიმე მტკიცებულება აქვს სუბელიანს, რაღაც ტერაბაიტებზე რომ არის საუბარი, წარმოადგინოს. ჩვენი მხრიდან პარლამენტი გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ბოლო დეტალამდე ჩავიდეთ ამ საქმეში. ეს არის პრინციპული საკითხი ჩვენი ქვეყნის, ჩვენი შვილების მომავლისათვის, რომ ამ ქვეყანაში არასდროს განმეორდეს ის, რასაც ჩვენს ისტორიულ დანაშაულს ვხედავდით და ამ კოშმარში გვიწევდა ცხოვრება,” – განაცხადა ზოიძემ.

გარდა ამისა, ზოიძემ კომენტარი ჩანაწერებთან დაკავშირებითაც გააკეთა და აღნიშნა, რომ ის რაც გავრცელდა “ძალიან შემაშფოთებელი ინფორმაციაა”.

“ჩვენ გვაქვს საქმე ერთი ადამიანის მონაყოლთან, რომლის ავთენტურობაც დასადგენია. თუმცა, ავთენტურიც რომ იყოს, მაინც ერთი ადამიანი ამტკიცებს, რომ მას აქვს მონაწილეობა მიღებული ორგანიზებული, მართლაც სისტემური დანაშაულის ნიშნების მატარებელ ქმედებებში, რაც ძალიან შემაშფოთებელია და ყველა კითხვაზე პასუხი უნდა იყოს გაცემული. ჭეშმარიტების პატარა მარცვალიც რომ იყოს მთელ ამ საუბარში, საზოგადოებისთვის ეჭვის ნატამალი არ უნდა დარჩეს საერთოდ, ასეთ ფაქტს ჰქონდა ადგილი თუ არა. შესაბამისად, აუცილებელია, “საქმენი საგმირონი” იყოს გამოძიებული ბოლომდე,” – აღნიშნა ზოიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები