LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალგაზრდა ქართველმა გამომგონებლებმა, ვაშინგტონის ყურადღება მიიქციეს

114

ახალგაზრდა ქართველმა გამომგონებლებმა, ვაშინგტონში გამართულ რობოტიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე, First Global-ზე, მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს და 160-ზე მეტ მონაწილეს შორის, მე-14 ადგილი დაიკავეს.

ქართველი გამომგონებლების მიერ შექმნილმა რობოტმა ჟიურის მხრიდან დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა.

რობოტიკის საერთაშორისო კონკურსი, რომელიც ახალგაზრდა, ნიჭიერ გამომგონებლებს აერთიანებს, წელს პირველად გაიმართა და მასში მონაწილეობას მსოფლიოს 160-ზე მეტი ქვეყანა იღებდა. გუნდები 15-18 წლამდე ახალგაზრდა გამომგონებლებით იყო დაკომპლექტებული.

წლევანდელი First Global-ის თემა იყო მსოფლიოს უზრუნველყოფა სუფთა წყლის მარაგით. მონაწილე გუნდებს საკუთარი დიზაინით რობოტები უნდა შეექმნათ, რომლებიც წყლის ბინძური და სუფთა ნაწილაკების ერთმანეთისგან განცალკევებას და სხვადასხვა რეზერვუარში გადანაწილებას შეძლებდნენ. ქართველმა გამომგონებლებმა ასეთი ფუნქციებით აღჭურვილი რობოტი შექმნეს, რომელზეც სკოლის მოსწავლეები დაახლოებით სამი თვის განმავლობაში მუშაობდნენ.

წელს საერთაშორისო შეჯიბრზე საქართველოს სახელით გ. ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის, ვ. კომაროვის ფიზიკა-მათემატიკის სკოლისა და ი. ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის N42 საჯარო სკოლის მოსწავლეები იღებდნენ მონაწილეობას.