LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი სასწავლო წელი 17 სექტემბერს დაიწყება

205

2018-2019 სასწავლო წელი 17 სექტემბერს დაიწყება, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა პირველკლასელთა რეგისტრაციის შესახებ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ლია გიგაურის განმარტებით, თბილისის მასშტაბით 18 330 პირველკლასელის მიღებაა შესაძლებელი, ხოლო საქართველოს მასშტაბით ჯამში – 74 606 მოსწავლის. მინისტრის მოადგილე ვარაუდობს, რომ წელს პირველ კლასში 55 000-მდე მოსწავლე შევა.

ლია გიგაური მშობლებს მიმართავს, სკოლები სახლთან ახლოს შეარჩიონ.

„თბილისში გამოყოფილი ლიმიტების რაოდენობა არის 18 330, რაც 3 000-ით მეტია თბილისში რეგისტრირებულ მოსწავლეებზე. საქართველოს მასშტაბით გამოყოფილი ლიმიტების რაოდენობა არის 74 606. ჩვენ ველოდებით სავარაუდოდ, 55 000-მდე მოსწავლეს. ასე რომ არც ერთი მოსწავლე არ იქნება სკოლის გარეშე. მშობლებს ვთხოვთ, სახლთან ახლოს შეარჩიონ სკოლა“, – განაცხადა ლია გიგაურმა.

ლია გიგაურის განმარტებით, წელსაც, ისევე როგორც გასულ წლებში, სკოლებში რეგისტრაციას შეძლებენ ის მოსწავლეები, რომლებსაც 2018 წლის 17 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ 6 წელი.

2018-2019 სასწავლო წლისათვის პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება. რეგისტრაცია განხორციელდება 3 ეტაპად. დღეს, 14:00 საათიდან სკოლები პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპის დასაწყებად მზად იქნებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები