LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი სასწავლო წელი დაიწყო – მოსწავლეები განათლების სფეროს სიახლეებს ითვისებენ

534

დღეს თბილისის სკოლებში სასწავლო პროცესი დაიწყო. დილიდან სკოლის მოსწავლეებს, მათ მშობლებსა და პედაგოგებს სწავლის დაწყებას არაერთი პოლიტიკოსი თუ საზოგადოებისთვის ცნობადი პირი ულოცავს.

სწავლას მიაწექით, ამართლებს“, – ამ ფრაზით განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ 143-ე სკოლის მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და დასძინა გამოცდილია, ცხოვრებაში ყველაზე მეტად განათლება გამოგადგებათ“. 

დარცხვენილი პირველკლასელები, აღელვებული მშობლები და უფროსკლასელები, რომლებსაც მინისტრთანაც არ დაუმალავთ, რომ დიდად არ გაუხარდათ სწავლის დაწყება. ასეთი სურათი იყო დღეს თბილისის 143-ე საჯარო სკოლაში.

განსხვავებული სურათი დაგვხვდა თბილისის 166-ე საჯარო სკოლაში. სკოლის ეზოში მოსწავლეები, მათი მშობლები და მასწავლებლები მოუთმენლად ელოდნენ 2017 სასწავლო წლის პირველი ზარის დარეკვას. ახალი სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებს და განსაკუთრებით პირველკლასელებს მამა რევაზ სიხარულიძემ მიულოცა და დალოცა ისინი.

მე ვცდილობ, რომ ყველა დავლოცო, წარმატებული განათლება ვუსურვო, ღმერთი იყოს მათთან. თან წელს 166-ე სკოლაში ჩემი შვილიშვილი პირველად მიდის. მინდა, ჩემი პატარა მიქაელიც დავლოცო,“ – ასე დალოცა მამა რევაზმა მოსწავლეები.

განსაკუთრებული მოლოდინი პირველკლასელებს ეტყობოდათ. 6 წლის ლაშა ნანობაშვილი სკოლაში წელს პირველად მიდის. სკოლაში შესვლისას მისი მთავარი მოტივაცია არის ის, რომ მეგობრებად ყოფილ ბაღის ჯგუფელებს და აწ უკვე კლასელებს ელის.

„ჩემი აზრით, სკოლა კარგია.  წერა არ ვიცი, ცოტა თვლა ვიცი, მაგრამ სკოლაში უფრო კარგად ვისწავლი. სკოლაში მისვლა იმიტომ მიხარია, რომ ბაღში რომ დავდიოდი, ჩემმა მეგობრებმა მითხრეს, 166-ე სკოლაში უნდა შევიდეთო და აქაც მეგობრები ვიქნებითო,“ – გვითხრა ლაშამ.

სანდრო ხვედელიძეც ერთ-ერთი პირველკლასელია. მას სკოლაში შესვლა იმიტომ უხარია, რომ მისი დაც სკოლაში დადის.

„ჩემი დისგან ვიცი, რომ სკოლა კარგია. მათემატიკა მიყვარს ძალიან, ბაღში ციფრები გვასწავლეს და ცოტა წერა ვიცი,“ – ამბობს სანდრო.

სანდროს და, ელენე, მეხუთე კლასში გადავიდა. ისიც დიდი ენთუზიით ელის სასწავლო წლის დაწყებას.

სკოლის დაწყება იმიტომ მიხარია, რომ ჩემი კლასელები მომენატრა, სწავლაც მომენატრა. თან ჩემთვის ჩემი დამრიგებელი იგივე დარჩება, რადგან მეოთხე კლასში მასწავლებელი უკვე შეგვეცვალა, ამიტომ ახლანდელი დამრიგებელი მე-12 კლასის ჩათვლით გვეყოლება,“ – თქვა ელენე ხვედელიძემ.

მაშო ყურაშვილი მეორეკლასელია. მისი თქმით, დილით გაღვიძება ცოტა ძნელია, მაგრამ მაინც უნდა კლასში, მერხთან. მაშოს თქმით, ზაფხულის მერე მეცადინეობა არ გაუჭირდება.

წელს მოსწავლეებს სიახლეები სკოლის ბუფეტებშიც ელით. მოსწავლეების უმეტესობამ ამ სიახლის შესახებ უკვე იცის. მერვეკლასელი სალომე ბუფეტებიდან კოკა-კოლის, ჩიფსების და ტკბილეულის აკრძალვას მომზადებული ხვდება, მისი თქმით, ეს მოსწავლეების ჯანმრთელობისთვის ძალიან კარგი წამოწყებაა.

„მთელი ზაფხულის განმავლობაში ველოდი ახალი სასწავლო წლის დაწყებას, ძალიან მიხარია. მომწონს ახალი იდეები, ვაშლის დარიგებასთან დაკავშირებით, ასევე, ბუფეტში რომ კოკა-კოლა არ გაიყიდება. ვაშლის დარიგება სწავლისთვის წამახალისებელია. სკოლაში, მგონი, არ არის საჭირო კოკა-კოლის, ჩიფსის და ტკბილეულობის გაყიდვა, რადგან ბავშვების ჯანმრთელობას აზიანებს“, – ამბობს სალომე.

 

დილიდან ჟრიამული იყო ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის 42-ე საჯარო სკოლაში. აქ განსაკუთრებული შეგრძნებით იყვნენ ის მოსწავლეები, რომლებმაც წელს ჩააბარეს და ახალ გამოწვევებს უნდა შეეჭიდონ.

“ძალიან გახარებული ვარ, რომ ვეკუაში ჩავაბარე. გუშინ მთელი ღამე არ მეძინა, ვნერვიულობდი. სწავლას და ახალ მეგობრებს მოუთმენლად ველოდები. თუმცა მიხარია, რომ ჩემი ძველი მეგობრებიც არიან აქ. ვიცი, რომ სწავლა მარტივი არ იქნება, მაგრამ ისიც ვიცი, რომ აქედან კარგი მომავალი შეიძლება მოიწყო”, – აჟიტირებული იყო 13 წლის დაჩი.

ადვილი შესამჩნევია სკოლის დერეფნებში მოსიარულე მშობლებიც. ისინი, როგორც თავად ამბობენ, მოსწავლეების მსგავსად არიან აჟიტირებულნი. ერთ-ერთი მოსწავლის მშობელი, თამარ მგალობლიშვილი, „ფორტუნასთან“ ამბობს, რომ შვილების სასკოლოდ მომზადება საკმოდ ძვირი უჯდება, თუმცა იმასაც უსვამს ხაზს, რომ განათლების სამინისტროს მიერ მოსწავლეების წიგნებით აღჭურვა მისი ოჯახისთვის დიდი დახმარებაა.

„ჩემი 2 შვილი სკოლის მოსწავლეა, ერთი მეშვიდე კლასშია, მეორე – მეოთხეში. საქართველოს პირობებიდან გამომდინარე,  ჩემი შვილების სკოლისთვის მომზადება საკმაოდ ძვირი მიჯდება. თუ გინდა ნორმალურად იმ სტანდარტებს აკმაყოფილებდე, რასაც, ზოგადად, სკოლა მოითხოვს და მშობლის სურვილიცაა, მომზადება თითო ბავშვზე, საშუალოდ, 100-150 ლარი მაინც ჯდება, თუ სასკოლო ჩანთებს არ ჩავთვლით“, – გვითხრა თამარ მგალობლიშვილმა.

„ჩემი შვილი მესამეკლასელია. განათლების სამინისტრო ყველა საგანში წიგნს გვაძლევს, რაც ძალიან კარგი ნაბიჯია. წიგნების ნაწილი ახალია, ნაწილი – მეორადი მოხმარების. ვცდილობთ, მოვუფრთხილდეთ, რომ წლის განმავლობაში შევძლოთ ამ წიგნებით სარგებლობა. სამუშაო რვეულების ნაწილს, მშობლები საკუთარი ინიციატივით, თავად ვყიდულობთ, საბაზისო საკანცელარიო ნივთებით განათლების სამინისტრო გვამარაგებს,“ – ამბობს ჩვენთან ნინო მერაბიშვილი.

მშობლებისთვის ცალკე საკითხია სკოლაში დარიგებული წიგნებისა და საკანცელარიო ნივთების ხარისხი და გამძლეობა. მგალობლიშვილი ამბობს, რომ წიგნები ისეთი უხარისხოა, რომ წლის განმავლობაში ძალიან რთულია ამ წიგნებში მუშაობა: ზოგი დახეულია, ზოგი – დაწებებული, რაღაცები წაშლილია, სამუშაოდ ზოგჯერ სხვა წიგნებსაც იყენებენ.

რაც შეეხება განათლების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას, მიერ შემუშავებულ ინიციატივას, სკოლაში ბავშვებისთვის ვაშლების დარიგებაზე,  მშობელთა ნაწილი ფიქრობს, რომ  სკოლებში სხვა ბევრად პრობლემური საკითხები არსებობს, რომელთა მოგვარება, წესით, უფრო პრიორიტეტული უნდა იყოს.

„ბევრი ისეთი რაღაც არის შესაცვლელი, რომ ისინი უფრო პრიორიტეტული უნდა იყოს, წესით. რაც შეეხება ბუფეტებში ტკბილეულის აკრძალვას, ვფიქრობ, რომ ეს ძალიან კარგი იდეაა, თუ ასე იქნება, მაგრამ ეჭვი მეპარება იმიტომ, რომ, როდესაც რაღაც ახალი შემოდის, თავიდან მოქმედებს, მაგრამ შემდეგ იცვლება. ვიცი, რომ რაღაც-რაღაცები ისე არ იქნება, როგორც თქვეს. თუ ბუფეტი ჯანსაღი კვების ობიექტს დაემსგავსება, მაშინ მხოლოდ მივესალმებით ამას“, – თქვა თამარ მგალობლიშვილმა.

ახალი სასწავლო წელი ახალ გამოწვევებთან ასოცირდება სკოლის მასწავლებლებისთვისაც. 166-ე საჯარო სკოლის პედაგოგი, მაია ლასხიშვილი, მათემატიკას ასწავლის. ისიც უერთდება მოსწავლეებისთვის ახალი სასწავლო წლის მილოცვას.

„წელს მესამე კლასი მყავს, ჩვენ საგნობრივი სწავლება გვაქვს, მე მათემატიკის პედაგოგი ვარ. სასწავლო წლის დაწყებისას მოსწავლეებს, რა თქმა უნდა, წარმატებებს ვუსურვებ, ისედაც ძალიან წარმატებული და კარგი ბავშვები არიან და, მემგონი, იგივე შემართებით გააგრძელებენ,“ – გვითხრა მაია ლასხიშვილმა.

განათლების მინისტრის ბრძანებულებით დადგინდა, რომ საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო წლის დაწყების თარიღად 15 სექტემბერი განისაზღვრა , ხოლო  დასრულების თარიღად  – 15 ივნისი.

 

თათია კაკიაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები