LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი სასწავლო წლიდან მოსწავლეები აგვისტოს ომის გმირების ისტორიებს შეისწავლიან

71

2018-2019 სასწავლო წლიდან სკოლების ნაწილში, მოსწავლეები აგვისტოს ომის გმირების ისტორიებს ისწავლიან. აღნიშნული ისტორიები ახალი საგნის „თავდაცვა და უსაფრთხოება“ სახელმძღვანელოში შედის, – ამის შესახებ განათლების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების სამმართველოს სამოქალაქო განათლების ექსპერტმა, შალვა მეკრავიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პროექტი პირველ ეტაპზე საპილოტე იქნება, მომდევნო სასწავლო წლიდან კი, როდესაც მე-7-მე-12 კლასებისთვის ახალი სტანდარტი უნდა ამოქმედდეს, შესაძლოა, აღნიშნული საგანი სავალდებულო გახდეს.

მისი თქმით, ამავე სახელწოდების სახელმძღვანელო „თავდაცვა და უსაფრთხოება“ განათლების და თავდაცვის სამინისტროების ერთობლივი პროექტია, სახელმძღვანელოზე მუშაობა უკვე დასრულებულია და დასაბეჭდად მზადდება.

შალვა მეკრავიშვილის განცხადებით, წიგნში 2008 წლის აგვისტოს ომი ცალკე თემადაა შეტანილი. ამასთან, დეტალურადაა მოთხრობილი საქართველოს თანამედროვე ეროვნული გმირების, მათ შორის აგვისტოს ომის გმირების შესახებ.

საგანი „თავდაცვა და უსაფრთხოება“ მეათე კლასელებისთვის იქნება განკუთვნილი.

ამ ეტაპზე, სკოლებში 2008 წლის აგვისტოს ომი მე-9 კლასში, საქართველოს ისტორიის საგნის ფარგლებში ისწავლება. ომის გმირების შესახებ კი, მასში საუბარი არ არის, თუმცა, როგორც შალვა მეკრავიშვილი განმარტავს, რომ მასწავლებელს თავად შეუძლია დაავალოს მოსწავლეებს ომის გმირების შესახებ ცნობების მოძიება.

2019-2020 სასწავლო წელს სკოლებში მე-7-დან მე-12 კლასების ჩათვლით შინაარსობრივად განახლებული წიგნები უნდა შევიდეს, რომლებიც განახლებული ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით იქნება შედგენილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები