LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი წყვილი, მანიკა ასათიანი და მიკი ჯეჯელავა – „ჩემზე არავინ იეჭვიანებს…“

444

მიკი ჯეჯელავა და მანიკა ასათიანი ამიერიდან ტელეწყვილია და „იმედის დილას“ გაუძღვებიან. ისინი დიდი ხნის მეგობრები არიან, ამიტომაც ერთად მუშაობა არ გაუჭირდებათ. წყვილს ერთად შევხვდით.

მანიკა:

მე და მიკი ძალიან დიდი ხანია, ერთმანეთს ვიცნობთ და „ორ ვარსკვლავში“ ძალიან დავახლოვდით. იმავე პერიოდში უკვე ჩავწერე პირველი პილოტი დილის გადაცემისთვის. მითხრეს, რომ ვიყავი დამტკიცებული და როცა გავიგე, რომ მიკი უნდა ყოფილიყო ჩემი პარტნიორი, ძალიან ბედნიერი ვიყავი. როცა ადამიანს იცნობ, შეთამაშება აღარ გჭირდება. ჩემი აზრით, ჩვენი დუეტი შედგება.

სამეგობროდან არავინ გთხოვს, ჯუდ ლოუს რომ ჰგავს, ის ბიჭი გაგვაცანიო?

(იღიმის) ჩემი სამეგობროდან მიკი თითქმის ყველას იცნობს. ზოგადად, გოგონებში ძალიან პოპულარულია… ჩემზე არავინ იეჭვიანებს, რადგან ჩაბარებული ვარ პატრონს (იცინის).

მიკი, დილის ექვს საათზე ადგომას როგორ შეეგუები?

სანამ ტელევიზიაში დილის წამყვანად დავიწყებდი მუშაობას, მანამდე ამ დროს ვიძინებდი. მერე შევეჩვიე, რადგან რეჟიმში ჩავჯექი. „იმედის“ შემოთავაზებაში ის მომეწონა, რომ ერთი კვირა მე და მანიკა ვიმუშავებთ, მეორე კვირას მეორე წყვილი, სოსო კაციტაძე და თაკო ჩორგოლაშვილი. ზოგადად, ახლა უფრო მეტად დავაფასე პარასკევის მნიშვნელობა.

მანიკა, ფორმატზე რას გვეტყვი?

დილის ფორმატი რადიკალურად ვერ ამოტრიალდება, მაგრამ საუბრობდნენ იმის შესახებ, რომ უნდა შეცვლილიყო და ახალი რუბრიკები დამატებოდა. ვფიქრობ, ჩვენს დილაში ორიგინალურობა იქნება.

როგორი დუეტი იქნებით?

მიკი:

რადგან ჩვენ ვართ წამყვანები, ე.ი. ისეთები ვუნდივართ, როგორებიც ვართ. რაც უნდა მოვინდომოთ, ვერ შევიცვლებით. ვფიქრობ, თავისუფლები ვიქნებით. მგონია, როცა წამყვანი ბუნებრივია და არ თამაშობს, მისი ყურება ეკრანზე ბევრად უფრო მისაღებია.

მანიკა:

ჩემთვისაც ბუნებრივობა პირველია. ამიტომაც პოლიტიკური ფორმატის გადაცემებზე უარი მაქვს ნათქვამი. ვგულისხმობ საინფორმაციო გადაცემის წამყვანობას. მქონდა ეს შემოთავაზება, ჯერჯერობით თავს ვიკავებ, რადგან ვფიქრობ, ასაკიდან გამომდინარე ხალისიანი გუნება-განწყობა, რაც მაქვს, ასეთ ფორმატში დაიკარგება.

რაც შეეხება ჩვენს ხუმრობას ეთერში, მომხრე ვარ, რომ წამყვანმა თავად დაწეროს ტექსტი. ჟურნალისტი ვარ და ასე მირჩევნია. როცა შენ მიერ დაწერილ ტექსტს მიჰყვები, იმპროვიზაციის მეტი საშუალებაც გაქვს. ხუმრობაც იქნება, სიცილიც და თუ საჭირო გახდება, ტირილიც (იცინის).

ვის შენიშვნებს ელოდებით პირველი ეთერის შემდეგ?

მიკი:

შენიშვნისა და კრიტიკის მიმართ ყოველთვის ადეკვატური ვარ. ეს არავის სიამოვნებს, მაგრამ განვითარებისა და ზრდისთვის საჭიროა. მაინტერესებს ყველა კომპეტენტური ადამიანის აზრი. შესაძლოა, მეგობარმაც, ოჯახის წევრმაც გვირჩიოს რაღაც და ამასაც მოვისმენთ.

მანიკა:

ჩემ მიმართ უარყოფითი ნაკლებად წამიკითხავს, თუმცა როცა საზოგადო მოღვაწე ხარ, ტელეეკრანზე ჩანხარ ყოველდღიურად, ყველას აზრი უნდა გაინტერესებდეს. იდეალური არავინაა. საკუთარი თავის საუკეთესო კრიტიკოსი თავად ვარ. არ ვამბობ, რომ საკუთარ თავს ვაკნინებ, უბრალოდ, რეალურად ვაფასებ. თუ კითხვა არასწორად დავსვი, მრცხვენია და მეორედ აღარ მინდა იმავე შეცდომის გამეორება. სასაცილო იქნება ჩემი ასაკის გოგონასგან იმის თქმა, რომ არაფერი მეშლება.

 

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები