LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახმეტაში მეტრო აშენდება? – საკრებულოს თავმჯდომარის განმარტება

419

ახმეტის საკრებულოს 22– ე დადგენილება, რომლითაც დამტკიცდა მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესი, საზოგადოების განხილვის თემა გახდა.

დადგენილებაში მეტროპოლიტენის სადგურებისთვის სახელწოდებების მინიჭების წესია დადგენილი. შესაბამისად, გაჩნდა მოსაზრება, რომ ახმეტაში შესაძლოა, მეტრო აშენდეს –ეს მოსაზრება სასაცილო და ალოგიკურიც კია, რადგან საქართველოს მასშტაბით, მეტრო მხოლოდ თბილისში ფუნქციონირებს.

„ფორტუნამ“ გადაწყვიტა გაერკვია, რატომ დასჭირდა ახმეტის საკრებულოს მეტროპოლიტენის სადგურებისა და გადასაჯდომი სადგურებისთვის სახელწოდების მინიჭების წესის დადგენა.

როგორც ჩვენთან ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა ჯუგაშვილმა განმარტა, №22 დადგენილებაში, მეტროპოლიტენის სადგურების სახელწოდების მინიჭების წესი მხოლოდ შაბლონური მაგალითის სახით არის მოყვანილი.

„კანონში შევიდა ცვლილება – ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილება იყო დამისამართება და ნუმერაცია. დამისამართება ისევ ჩვენ დაგვრჩა საკრებულოს, მაგრამ 2016 წლის იანვრიდან ნუმერაცია დაევალა საჯარო რეესტრს. დადგენილების პროექტში, კანონში როდესაც ცვლილება შევიდა, მაგალითად არის მოყვანილი მეტროპოლიტენის  სახელწოდება. საკანონმდებლო მაცნემ ჩვენ ეს დანართიც მოგვთხოვა, შესაბამისად გადავუგზავნეთ. ეს არის უბრალოდ მაგალითი, შაბლონური სახით.

სკანდალი კი იმიტომ აგორდა, რომ რეგიონული მედიასაშუალების ერთ–ერთმა წარმომადგენელმა ამ დადგენილების ავტორს ჰკითხა: ახმეტაში მეტროს აშენებას აპირებთ? მანაც უპასუხა, რომ წლების მერე, განვითარებასთან ერთად გამორიცხული არაფერია“, – განაცხადა გელა ჯუგაშვილმა „ფორტუნასთან“.

დოკუმენტის ტექსტში სხვა უამრავი უზუსტობაცაა: გვხვდება პრიმა ქვეპუნქტები, ზოგიერთი მუხლის ბოლოში მითითებულია, რომ მასში შეტანილია ცვლილება საქართველოს მთავრობის მიერ და ა.შ.

სავარაუდოა, რომ საკრებულოს წევრები არ დაინტერესებულან დოკუმენტის შინაარსით.

ახმეტის საკრებულო 30 წევრისგან შედგება, რომელთაგან 17 ყოფილი კოალიცია „ქართული ოცნებიდან“ არის, 5 პარტიიდან „ნინო ბურჯანაძე – გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“, 4 – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, 2 – „ლეიბორისტული პარტიიდან“, 2 კი დამოუკიდებელი დეპუტატია. საკრებულოში 5 მუდმივმოქმედი კომისია და 8 ფრაქციაა შექმნილი. საკრებულოს თანამდებობის პირთა შრომის ანაზღაურებაზე ყოველთვიურად 21 900 ლარი იხარჯება, რიგითი წევრები კი კომპენსაციის სახით 5070 ლარს იღებენ (თითოეული 390 ლარს), ანუ საერთო ჯამში საკრებულოს წევრების ანაზღაურება წელიწადში 323 640 ლარს შეადგენს. გარდა ამისა, ყველა თანამდებობის პირს ბიუჯეტის ხარჯზე საწვავიც ეძლევათ.