LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალგარვე: ფარუ, ტავირა – რჩევები სამხრეთ პორტუგალიაში მოგზაურობის მსურველებს #ფორტუნაგიდი

portogallo-algarve-citta

თუ ლისაბონის რივიერა პირველ რიგში მდიდარია საექსკურსიოდ და შემდეგ მოდის ზღვა, ალგარვეში პირიქითაა. აქაური დროის ტარება ჯერ დასვენებაა პერიოდული საექსკურსიო გასვლებით.

ალგარვე წარმოადგენს პრაქტიკულად უწყვეტ სანაპირო ზოლს მონტე-გორდოდან ლაგუშამდე (150 კმ) და ჩრდილოეთის ქარისგან დაცულია ქედებით. სანაპიროს დასავლეთი ნაწილი განთქმულია ულამაზესი კლდოვანი პლაჟებით, აღმოსავლეთი მხარე საკმაოდ დამრეცია შესანიშნავი ქვიშის სანაპიროებით. ალგარვე აქტიური და საზღვაო დასვენებისთვის მშვენიერი ადგილია. აქ პოპულარულია გოლფი, ჩოგბურთი და საწყლოსნო სახეობები, ასევე ცხენით ჯირითი და მძლეოსნობა.

ალგარვე ერთი კონკრეტული ადგილი არ არის, ის მთელი რეგიონია, რომლის დედაქალაქია ფარუ. ძირითადი კურორტები – ალბუფეირა, პორტიმაუ, კარვოეირო, არმასაუ დე პერა, ვილამოურა, კვარტეირა, ვალე დო ლობო, კვინტა დო ლაგო, მონტე გორდო, ალვორი, ლაგუში, ტავირა.

 

 

გართობა და ღირსშესანიშნაობები

სილვეშის წითელი ქვის სასახლე, ქალაქ ლაგუშის ძველი რაიონი, რომელიც გარშემორტყმულია საციხო კედლით. ალგარვეში შესაძლებელია ზვიგენებზე ნადირობა, იახტით გასეირნება, კორიდაზე დასწრება და თუნდაც მეზობელი ესპანეთისა და მაროკოს მონახულება.

ვალე დო ლობოში ბევრია იტალიური, ფრანგული, ჩინური რესტორნები, მაღაზიები, დისკოთეკები და ღამის კლუბები. ვილამოუროს სიახლოვეს გახსნილია სამი აკვაპარკი. კურორტი თავს იწონებს ევროპაში უდიდესი იახტ-კლუბით. კვარტეირა ცნობილია ყველაზე პოპულარული დისკოთეკით „კადოკი“.

გურმანები პორტიმაუში ნახავენ კარგ და არც თუ ძვირ ზღვის რესტორნებს, ხოლო ვისაც სურვილი აქვს შეუძლიათ საზღვაო სეირნობა მოაწყონ. სხვა გასართობებს შორისაა გოლფი, დაივინგი, ოკეანეში თევზაობა.

 

 

ფარუ

 

ალგარვეში ჩასული ტურისტები ფარუში ხვდებიან, რომელიც ხშირად სამხრეთ პორტუგალიაში მოგზაურობის ათვლის წერტილი ხდება. აქ ჩამოდიან ძველი კვარტლის სანახავად, ასევე შეგიძლიათ ნახონ იშვიათი და ლამაზად მორთული ღუმლის მილები, გაეცნოთ სამხრეთ პორტუგალიურ სამზარეულოს. ფარუში შოპინგის საშუალებაც არის. კარგი პლაჟების მოსაძებნად კი ცოტა მოშორებით უნდა წახვიდეთ.

ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა ცოტა ინგლისური იციან, მაგრამ ბევრად ურჩევნიათ მშობლიურ ენაზე კონტაქტი, თუნდაც ძალიან დამტვრეული პორტუგალიურით. აი მოშორებით კი, უფრო მცირე ზომის დასახლებებში, არც ინგლისური იციან და არც ესპანური, თუნდაც ესპანეთის მოსაზღვრე რაიონებში.

აეროპორტიდან ქალაქში

ფარუს აეროპორტი ქალაქიდან სულ რაღაც 6.5 კმ-შია. ავტობუსით იაფად მიხვალთ. მარშრუტები №14 და 16 გაწყობთ, ოღონდ სწორი მიმართულებით უნდა ჩასხდეთ (ჯობია იკითხოთ). მგზავრობა 2.5 ევროა და რამდენიმე წუთი სჭირდება. ავტობუსები 5:00-დან 23:00 სთ-მდე ყოველ საათში დადიან. ბუნებრივია ტაქსიც არის (10-15 ევრო), ან შეგიძლიათ პირდაპირ აეროპორტში იქირაოთ ავტომანქანა.

 

ტრანსპორტი

ქალაქში მოსახერხებელია ავტობუსით გადაადგილება. 19 მარშრუტია, ორ საქალაქო ზონას და ერთსაც საგარეუბნო ზონას მოიცავს.

1-ელ ზონაში 1.1 ევრო ღირს, მეორეში – 1.7 ევრო.

მთელ რეგიონში მოგზაურთათვის ყველაზე ხელსაყრელია საგარეუბნო ავტობუსებით სარგებლობა. მაგალითად, 1.5 საათში მიხვალთ ალბუფეირამდე (8 ევრო), ამდენიც არ უნდა ტავირამდე, 4.5 სთ უნდა ესპანურ სევილიამდე (20 ევრო). ცალკეული მარშრუტები შეივლიან ლაგუშში, პორტიმაუში და სხვა საკურორტო ქალაქებში. რეგიონალური მატარებლები დადიან ალგარვეს მთელ ტერიტორიაზე. მაგალითად, ლაგუშამდე მისვლა 8 ევრომდე დაგიჯდებათ, ლოლეში კი 2 ევრომდე.

ტაქსი ფარუში ოფიციალურია – შავი მანქანები მწვანე სახურავით და ნიშნით taxi. გადახდა მრიცხველით. ჩასხდომა 3.25 ევროა და მერე 0.5 ევრო თითო კილომეტრზე. ღამით მგზავრობა 20%-ით იზრდება. თუ ბარგი გაქვთ ან მძღოლს ალოდინებთ, დამატება მოგიწევთ.

ფარუს პლაჟი

ფარუში არის გრძელი ქვიშის სანაპირო – „პრაია დე ფარუ“, რომელიც ცისფერი დროშითაა დაჯილდოებული (სისუფთავეს ნიშნავს). ის ბუნებრივ ლაგუნაში მდებარეობს, ამიტომ ფსკერი დამრეცია და წყალიც საკმარისად თბება. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ატლანტის ოკეანე ყველაზე მძლავრია ნებისმიერ ზღვაზე, აქ შეიძლება იყოს ძლიერი ტალღები და უკუდინება, ამიტომ თუ ბავშვებთან ხართ, უყურადღებოდ არ დატოვოთ და თქვენც ფრთხილად იყავით.

როდესაც ნაპირზე წითელი ალამი კიდია, ცურვა აკრძალულია. ყვითელი დროშა ნებას კი რთავს, მაგრამ სიფრთხილისკენ მოგიწოდებთ. აი მწვანეს შემთხვევაში იბანავეთ რამდენიც გინდათ.

პლაჟზე შესვლა უფასოა, შეზლონგი და ქოლგა კი 8-10 ევრო დაგიჯდებათ. ქვიშა იმდენად რბილია, ისე წამოწოლაც შეიძლება ან პირსახოცზე. რადგან ფარუ საპორტო ქალაქია, ბევრი ტურისტი არჩევს მეზობელ სოფლებში ან მეზობელ კუნძულ ბარეტაზე გაირუჯოს.

 

შოპინგი ფარუში

ალგარვეს დედაქალაქში ბევრი მაღაზიაა. არის მსხვილი სავაჭრო ცენტრებიც და მცირე დახლებიც ადგილობრივი ოსტატების ნაკეთობებით. ერთ-ერთი უდიდესი და ულამაზესი სავაჭრო ცენტრიაფორუმ ალგარვე“ (200-ზე მეტი მაღაზია, კინოთეატრი, რესტორნები). ის აეროპორტთან ახლოსაა. ფარუს ცენტრში ბევრი მაღაზია თავმოყრილია საფეხმავლო სანტა ანტონიუს ქუჩაზე, ასევე ძველ ქალაქში საკათედრო ტაძართან.

ფასდაკლებები აგვისტო-სექტემბერშია და მასზე წაარწერა saldos მიუთითებს. ფარუში ფასები ოდნავ მაღალია, ვიდრე ქვეყნის სხვა რეგიონებში, თუმცა ბევრად დაბალი სხვა ევროპულ ქვეყნებთან შედარებით.

 

ფარუს კაფე-რესტორნები

პორტუგალიის საზომით ფარუ დიდი ქალაქია. თუ სასოფლო დასახლებებში რესტორნები 21:00 სთ-მდე მუშაობენ, ფარუში გვიანაც შეიძლება. სადილი პირიქით, ადრეა, დაახლოებით 12:30 სთ-ზე, 14:00 სთ-ის შემდეგ ბევრი კაფე სამზარეულოს ხურავს. საუზმე 10:00 სთ-მდე მიაქვთ.

 

ფარუს სასტუმროები

ფარუსა და მის გარშემო განთავსების ყველანაირი ვარიანტია.

სეზონზე ორადგილიან ნომრებში ფასები 40 ევროდან იწყება, ხოლო ისე 25 ევროდანაც. ზაფხულში ორ კაცზე 3* სასტუმრო დაახლოებით 90 ევროა, „ოთხიანში“ – 150 ევრო. აპარტამენტები უფრო იაფია, ლუქს კატეგორიის ბინის ქირაობა 100 ევროდ შეიძლება.

 

 

ფარუში სანახავი

პირველ რიგში საკუთარი ფეხების იმედი უნდა გქონდეთ და მასზე გააკეთოთ აქცენტი. ისტორიული ცენტრი, იგივე ძველი ქალაქი, მშვენივრად შემონახულია და აქ მე-18 საუკუნის პორტუგალიას იხილავთ მოკირწყლული ქუჩებითა და ძველი შენობებით, რომლის არქიტექტურაში მავრიტანული კულტურა იგრძნობა.

ქალაქის ისტორიულ ნაწილის ერთ-ერთ შესასვლელში აღმართულია ნეოკლასიკური Arco da Vila. ის 1812 წელს ააგეს.

ფარუს ერთ-ერთი ცნობილი ღირსშესანიშნაობაა ძვლების კაპელა (Capela dos Ossos), მსგავსი რამ სულ ორია მსოფლიოში (მეორე ჩეხეთშია, კუტნა-გორაში). საგუშაგოს კედლები და კოლონები მორთულია 1200-ზე მეტი მონაზვნის ძვლებით, ხოლო შესასვლელში ამოტვიფრულია წარწერა: „ეს ძვლები ელიან თავის ძვლებს“.

სხვა ადგილებიდან აღსანიშნავია ალგარვეს უნივერსიტეტი, ლამაზი საზღვაო პორტი და იახტების და ნავების სადგომი, 30-ათასიანი სტადიონი (ევრო 2004-ის ერთ-ერთი არენა იყო). ასევე: ფარუს ციხესიმაგრე, წმინდა ფრანცისკეს მონასტერი, კაპუცინების მონასტერი, ეკლესიები, ეპისკოპოსის სასახლე, ბელმარკის კარ-მიდამო, ფარუს შუქურა, საზღვაო მუზეუმი. სანაპიროსთან ახლოს ქალაქს აქვს დასვენების პარკი.

ფარუსთან ახლოს მდებარეობს ეშტოის სასახლე. ეფექტური შენობა როკოკოს სტილში დდა ანტიკური კოლონებით, მე-17 საუკუნეს მიეკუთვნება.

ფარუს ყველაზე ცნობილ ღირსშესანიშნაობებს მიეკუთვნება Nucleo Museologico da Villa Romana de Milreu. ეს ძველი ნანგრევები ქალაქიდან 8 კმ-შია ლამაზ სასოფლო დასახლებაში.

 

ტავირა

 

ტავირა – საპორტო ქალაქია სამხრეთ პორტუგალიაში, კადისის ყურის სანაპიროზე, ფარუს ოლქის ერთ-ერთი მუნიციპალური ცენტრი. ტავირას ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა დიდი რაოდენობის ტურისტების არყოფნაა, არადა ის ალგარვეში ერთ-ერთ თვალწარმტაც ადგილად მიიჩნევა.

ტავირა 5 საუკუნე მავრების გავლენის ქვეშ იყო და ამიტომ ალაგ-ალაგ არაბულ ქალაქს გავს. სახლების უმეტესობა აქაც თეთრადაა შეღებილი, ტერასებზე კი ფინიკი და თევზი შრება. ქალაქი პალმებითა და ფორთოხლის ხეებითა სავსე, ხოლო მდინარე გილაოში, რომელიც ქალაქს ორ ნაწილად ყოფს, მკვირცხლი თევზები დაცურავენ.

ტერასა – საყვარელი ადგილია მოსასვენებლად და ურთიერთობისთვის. აქ ფინჯან ყავას მშვიდად და კომფორტულად მიირთმევთ ნამცხვარ „პასტას დე ნატასთან“ ერთად. ქალაქის ბაზარში თუ შეივლით, ისეთ და იმდენ ხილს აღმოაჩენთ, სხვაგან ალბათ ვერსად ვერ ნახავთ.

 

ფარუდან ტავირამდე ავტობუსით დაახლოებით ნახევარ საათია საჭირო (3-8 ევრო).

ტავირაში შეიძლება კერძო პანსიონში გაჩერება, საადაც დაახლოებით 40-50 ევროდ იქირავებთ ოთახს აბაზანით (ოთახში კი რამდენიმე ადამიანი თავისუფლად მოთავსდებით).

 

ტავირას გარეუბანშია დიდი სავაჭრო ცენტრი „კონტინენტი“, სადაც უამრავ ბრენდებსაც ნახავთ, გემრიელადაც დანაყრდნებით სხვადასხვა რესტორანში და საჭიროების შემთხვევაში სუპერმარკეტიც იქვეა.

 

ამინდი

ტავირაში კლიმატი კლასიკური ხმელთაშუაზღვისაა: აქ ფაქტობრივად არ არის ზამთარი, ზაფხული კი აპრილიდან იწყება. ხოლო ზაფხულში ისე ძალიანაც არ ცხელა, როგორც სხვა ქვეყნებში – ტემპერატურა +33 °C-ს იშვიათად აღემატება ატლანტიკის ოკეანის ბრიზის გამო.

 

ბუნებრივი სილამაზე

კუნძული ტავირა ადგილობრივი მარგალიტია. იქ 8 ევროდ წყლის ტაქსით Quatro Águas-ით მიგიყვანენ. კუნძული 8 კმ სიგრძის და 400 მ სიგანის თეთრ ქვიშიან ზოლს წარმოადგენს. ცხელ ზაფხულის დღეს აქ ბანაობას აბა რა ჯობია.

კიდევ ერთი სანახავი ადგილია რია-ფორმოზას ნაკრძალი, რიმელიც ტავირადან არც ისე შორსაა. ეს 17 ჰა წყალსატევი და ხმელეთის ნაწილია, სადაც ბინადრობენ ყანჩა, ფლამინგო, კუები და ქამელეონებიც კი. გარკვეულ მონაკვეთებში კიბორჩხალი და ბაყაყებსაც გადაეყრებით.

 

ტავირას ღირშესანიშნაობები

ქალაქმა არქიტექტურული იერი 1755 წლის მიწისძვრის შემდეგ ხელმეორე გაშენების შემდეგ  მიიღო. ქალაქში ახალი შენობები, მათ შორის 37 ტაძარი გაჩნდა. რა თქმა უნდა, ეს ციცქნა ქალაქი არ არის სავსე არქიტექტურული შედევრებით, მაგრამ აქ ძალიან სასიამოვნოა სეირნობა და არსებული სიტუაციით ტკბობა.

მშვენიერი პეიზაჟი იშლება მავრიტანული ციხესიმაგრის კედლებიდან, რომელიც ბორცვის მწვერვალზეა არაბულ კვარტალში. აქედან კარგად ჩანს სანტა მარია დუ კაშტელუს ეკლესიის საგუშაგე კოშკი. იქვეა 1569 წელს აგებული ნოსა სენიორა და გრასას მონასტერი.

მინი-მატარებლით შეგიძლიათ მთელი ქალაქი შემოიაროთ და ქალაქსაც გაეცნოთ.

 

 

ტავირას სიახლოვეს

კაშოპუ – 40 კმ-ის დაშორებით მდებარეობს და ყველაზე მაღალმთიანი რაიონია ოლქში. აქ ნამდვილ სოფლის ცხოვრებას გაეცნობით, სადაც ტრადიციული პროდუქტები უნდა გასინჯოთ.

სანტა ლუშია – მეთევზეთა მიწა, სადაც რვაფეხას იჭერენ. აქედან ტერა ეშტრეიტას სანაპიროზე კატერი მიგიყვანთ, ხოლო ბარილის პლაჟამდე ან ფეხით წახვალთ ან ტურისტული მატარებლით.

კაბანაშ დე ტავირა – მეთევზეთა დასახლება. ნავმისადგომიდან კატერი კაბანაშ მარის პლაჟამდე მიგიყვანთ.

კასელა  ველა – ეს ლამაზი დასახლებაა, რომელიც ჯერ კიდევ მავრებმა ააშენეს, ტავირადან 13 კმ-შია. აქ ფეხით უნდა იაროთ, რომ ლამაზი ადგილები და იქაური ატმოსფერო კარგად შეიცნოთ.

 

ვილა რეალ დი სანტუ ანტონიუ

 

ქალაქი და პორტი სამხრეთ პორტუგალიაში, რომელიც მდინარე გვადიანას ნაპირებზეა გაშენებული. ფარუდან 49 კმ-ია, ტავირადან ბევრად ახლოს.

ის ჩრდილოეთით ესაზღვრება კაშტრუ მარინს; აღმოსავლეთით ესპანურ პროვინცია უელვას, სამხრეთით – ატლანტის ოკეანეს, დასავლეთით კი ტავირას.

ვილა რეალი სარკინიგზო ხაზის ბოლო სადგურია, აქ მხოლოდ რეგიონალური მატარებლები დადიან (ფარუმდე) და ალგარვეს მთელ დასავლეთ ნაწილს გაივლის. ახლოსაა 90-იან წლებში აგებული საავტომობილო ხიდი, რომელიც პორტუგალიას და ესპანეთს აკავშირებს.

საერათაშორისო ბორანი ვილა რეალს ესპანურ ქალაქ აიამონტესთან აკავშირებს. შორიახლოსაა პოპულარული და კეთილმოწყობილი მონტე-გორდო, მსხვილი საკურორტო ცენტრი უამრავი სასტუმროთი.

სუვენირების სახით ძირითადად მიაქვთ ბამბის ქსოვილის ნაწარმი (პირსახოცი, თეთრეული, ბავშვის ტანსაცმელი და ა.შ.). ზაფხულობით ცენტრალურ მოედანზე ბაზრობები იმართება და ორკესტრიც უკრავს.

გვადიანის სანაპიროს გაყოლებაზე რამდენიმე გემი-რესტორანია, საიდანაც ხედი ესპანეთზე იშლება.

საინტერესო ადგილებია:

ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი (Iglesia de Nuestra Señora de la Asunción);
კასელას ციხესიმაგრე (Fortaleza de Cacela)

 

 

 

ალბუფეირა

ერთ დროს წყნარი მეთევზეთა დასახლება დღეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კურორტია. ლამაზი პლაჟების, ფიჭვებისა და ფორთოხლის ხეებით გარშემორტყმული კურორტი მაგნიტივით იზიდავს ათასობით დამსვენებელს. აქ არის ასობით რესტორანი, ბუტიკი, კლუბი და დისკოთეკა. სპორტის საწყლოსნო სახეობების მოყვარულებიც კარგად გაერთობიან და ისეთებიც, ვისაც განსაკუთრებული მომზადება არ სჭირდება.

 

ალბუფეირას პლაჟები

სანაპირო არის ის, რითაც იქაურები ამაყობენ. პლაჟი ბევრი და განსხვავებულია. ქალაქის ფარგლებში სამი ქვიშის პლაჟია – პენეკუ (ყველაზე პოპულარულია, ისტორიულ რაიონში მდებარეობს და კარგად აღჭურვილია), პესკადორეში (ეს „მეთევზეთა პლაჟია“, სადაც უამრავი ნავია და ექსკურსიაზე შეგიძლიათ წახვიდეთ) და ინატელი (პატარა ბუხტაშია კლდეებს შორის და ბევრი ხალხი არ ირევა).

იჯარით ავტომანქანის აღება იმის გამოც ღირს, რომ ბევრი კარგი პლაჟი ქალაქგარეთაა, თუმცა ძალიან ახლოს.

ერთ-ერთ ასეთია მთიანი სან რაფაელი. კლდემ აქ უცნაური ფორმა მიიღო, ხოლო ნაპრალებში წარმოიქმნა მცირე წყალსატევები, რაც ძალიან ლამაზია.
კიდევ ერთი პლაჟი ქალაქის მიღმა გახლავთ ევარიშტუ, რომელიც მცირე პლაჟია კლდეებს შორის და წყალქვეშა ცურვის მოყვარულებს იზიდავს, თან შეგიძლიათ ზღვის ბინადართა ცხოვრებითაც დატკბეთ.

 

ალბუფეირას სანაპირო დაახლოებით 20 მშვენიერ ქვიშის პლაჟს მოიცავს და ბევრი მათგანი ცისფერი დროშით იწონებს თავს.

 

დასვენების გარდა

სანაპიროზე კოტრიალის გარდა ალბუფეირაში სანახავიცაა. პირველ რიგში თავად ქალაქი, განსაკუთრებით ისტორიული ნაწილი, რომელიც ერთიან მავრიტანულ სტილშია. არაბულ გავლენაზე მეტყველებს ე.წ. მავრიტანული თაღი. ეს ძველი მეჩეთიდან დარჩა. ასევე ქალაქში ნახავთ პატარა მუზეუმს და სამხატვრო გალერეას, ახალ ვირტუალურ არქეოლოგიურ მუზეუმს.

კურორტიდან 15 კმ-შია სოფელი პადერნე, რომელიც ცნობილია მე-12 საუკუნის ციხესიმაგრით კასტელო დე ალმოადა, შესვლა უფასოა. ალბუფეირას გარეუბანშია პარკი „ზოო მარინი“ მინი ზოოპარკითა და ატრაქციონებით, სადაც აწყობენ დელფინების, ზღვის კატებისა და გარეული ფრინველების შოუს.
კურორტის პლუსია კარგი შოპინგის შესაძლებლობაც. აქ არის ბევრი მაღაზია ნებისმიერი გემოვნების ადამიანისთვის – თანამედროვე სავაჭრო ცენტრით დაწყებული მცირე ზომის დახლებით დამთავრებული, სადაც სუვენირებს და ათას წვრილმანს იყიდით. ხოლო ალბუფეირას გარეუბანშია დიდი სავაჭრო კომპლექსი ათობით ბუტიკით, კინოთეატრით, რესტორნებითა და სუპერმარკეტით.

 

 

დასკვნა

სამხრეთ პორტუგალია და ზემოჩამოთვლილი ადგილები ისეთი განვითარებული ვერ არის, როგორც ცენტრალური ევროპა, თუმცა აქაურობას თავისებური ხიბლი აქვს. აქ არის მზე, დიდებული პლაჟები, სიძველე და რაც მთავარია დაბალი ფასები. ბუნებრივია ვსაუბრობთ ევროპული საზომით. იაფია საკვები, ხილი, ღვინო, ნაყინი, ოდნავ ძვირია თევზი და ხორცპროდუქტები, მაგრამ არა უსაშველოდ. ძალიან იაფია ფინჯანი ყავა კაფეში (კარგ ადგილზე ხედით კაფეში 1 ევრო, ისე 60-70 ცენტი) და ა.შ.

პრობლემა არის გზა. ალგარვეს მხარეში ჩასვლაა ცოტა რთული, თორემ იქ ბევრი არ დაგეხარჯებათ. როგორც ზემოთაც ვთქვით, ფარუში არის აეროპორტი და ეს ყველაზე კომფორტულია, მაგრამ თბილისიდან ფარუმდე ჩაღწევა (გადაჯდომით) ძალიან ძვირი ჯდება. შეიძლება წასვლა ლისაბონიდან ან ესპანეთიდან. ყველაზე ახლოს მდებარე დიდი ესპანური ქალაქია სევილია, თუმცა ავიაბილეთი სევილიამდე ასევე ძვირი ჯდება. შეიძლება მადრიდში ჩასვლა, იქიდან სევილიაში და შემდეგ 15-20 ევროდ ავტობუსით გამგზავრება პორტუგალიაში (დაახლოებით 1 სთ-ზე მეტი უნდა). სევილიიდან წასვლას ის უპირატესობა აქვს, რომ ამ არაჩვეულებრივ და განუმეორებელ ქალაქსაც ნახავთ.

უშუალოდ ალგარვეში ყოფნისას კი ძალიან მოსახერხებელი იქნება ავტომანქანას თუ აიღებთ. ეს არ არის ერთი ლოკაციის ადგილი და ამიტომ ხშირი გადაადგილებისას აუცილებელიც კი ხდება მანქანის ყოლა. თან პლაჟზე მისვლა და იქიდან დაბრუნება უმანქანოდ ცოტა რთულია. მთავარ გზაზე უნდა გამოხვიდეთ, ტრანსპორტი ყოველთვის არ არის, თანაც თუ ახლო-მახლო ადგილების ნახვაც და საყიდლებზე სიარულიც დაგჭირდათ, ლამის მთავარი მეგობარი სწორედ ავტომობილი გახდება.

მოკლედ, სამხრეთ პორტუგალია არის: თან დასვენება, თან სანახავი და პლუს სიმშვიდე – ეს ისეთი ადგილია, რა ხდება სხვაგან დედამიწაზე ვერც გაიგებთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები