LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ამ ფონზე, ჩამოშალოთ ივანიშვილის მთავრობა, მოვშალოთ მისი ფეოდალური საკარმიდამო”

31

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობას“ ამსტერდამიდან მიმართავს.

სააკაშვილის თქმით, პარტია ხელისუფლებაში 2018 წელს უნდა დაბრუნდეს.

ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, რომ ამ ძალას ის ბოლომდე გვერდში დაუდგება და მათგანაც მხარდაჭერას ელის.

“ჩვენი დატოვებული ფული ბოლომდე შეიხრა და უპასუხისმგებლოდ გაიფლანგა. ჩვენი შექმნილი სახელმწიფო ინსტიტუტები მორყეულია და იქ დაბრუნდა კორუფცია. კრიმინალი ისევ მძლავრობს. უსაფრთხოების სიტუაცია მკვეთრად გაუარესდა. ასეთი უიმედობა არ ყოფილა შევარდნაძის დროსაც კი.

ამ ყველაფრის ფონზე ასობით ათასმა ყველაზე შრომისუნარიანმა ჩვენმა თანამემამულემ ან უკვე დატოვა საქართველო, ან წასვლაზე უჭირავს თვალი.

რეალურად, საქართველო არის განადგურების საფრთხის წინაშე.

ამ პირობებში, ივანიშვილმა ფაქტობრივად გამოაცხადა კასტინგი, მთავარი ოპოზიციური ძალის წოდებაზე. ის გვიბიძგებს, რომ ვიბრძოლოთ იმისთვის, თუ ვინ იქნება მეორე ადგილზე, ყველა შემდგომ არჩევნებში და დავკმაყოფილდეთ ამ თითქოს საპატიო პრიზით.

ნურას უკაცრავად, ჩვენი ამოცანაა, საქართველოს ხელისუფლებაში დაბრუნება და ჩვენ უნდა დავბრუნდეთ საქართველოს ხელისუფლებაში 2018 წელს.

უნდა მოვიგოთ საპრეზიდენტო არჩევნები და ამ ფონზე, ჩამოშალოთ ივანიშვილის მთავრობა, მოვშალოთ მისი ფეოდალური საკარმიდამო.

ეს სრულიად რეალისტური ამოცანაა. ივანიშვილი ასეთი სუსტი ბოლო წლებში, არასდროს ყოფილა. ხალხს ის ბოლომდე სძულს. ყველა ყველაფერს მიხვდა. საზოგადოების ყველა ნაწილს აეხილა თვალი. ყველამ დაინახა განსხვავება იმას შორის, რაც იყო და რაც ამათ მოშალეს და გაანადგურეს. რაც მთავარია, ყველა ხედავს, რომ ჩვენ გვაქვს პოზიტიური პროგრამა და ჩვენ ვართ ერთადერთი ძალა, ვისაც შეუძლია ქვეყნის ამ უბედურებიდან, ამ ჭაობიდან ქვეყნის ამოყვანა.

ამიტომ, ახლა ჩვენ უნდა მოვემზადოთ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის. პრაიმერისის გზით ყველა არგაყიდულ ოპოზიციურ ძალასთან ერთად უნდა შევარჩიოთ ღირსეული კანდიდატი და უნდა ჩავატაროთ ისეთი კამპანია, როგორიც არასდროს ჩაგვიტარებია: ახალი მეთოდებით, თანამედროვე ტექნოლოგიების გათვალისწინებით… ჩვენ უნდა დავინახოთ და დავანახოთ ყველას მომავლის პერსპექტივა და ეს აუცილებლად გამოგვივა”, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები