LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამ ქვეყანაში ორი მილიარდერის ოჯახი ცხოვრობდა და ორივეს ჩემი დიპლომით ვემსახურებოდი – შალვა თადუმაძე

51

ამ ქვეყანაში ორი მილიარდერის ოჯახი ცხოვრობდა და ორივე მილიარდერის ოჯახს ჩემი დიპლომით ვემსახურებოდი, – ამის შესახებ მთავარი პროკურორის პოსტზე წარდგენილმა შალვა თადუმაძემ “ქართული ოცნების“ დეპუტატ ენძელა მაჭავარიანის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც თადუმაძის განათლების საკითხით დაინტერესდა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე თადუმაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მასზე, როგორც იურისტზე, ყოველთვის იყო მოთხოვნა და არ არსებობდა არც ერთი დღე, როცა ის, როგორც იურისტი, დასაქმებული არ იყო.

“ადვოკატი ექვსი წლის წინ ვიყავი. ექვსი წელი მთავრობის საპარლამენტო მდივანი ვიყავი და ორი მოწვევის პარლამენტთან ვმუშაობდი. შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ვიყავი. ამდენად ის საფრთხე თუ როგორ შეიძლება ადვოკატი პროკურორი იყოს, არ ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით რაიმე პრობლემაა – როგორც მთავარი პროკურორი საადვოკატო საქმიანობიდან არ მოვდივარ, არამედ მოვდივარ სახელმწიფო სამსახურიდან. არც ერთ შემთხვევაში არ ვაპირებდი ჩემს განათლებაზე და დიპლომზე საუბარს, რომ არა ქალბატონი ენძელას მიმართ ჩემი ღრმა პატივისცემა. მე, 1992-2000 წლებში ის უმაღლესი სასწავლებლები დავამთავრე, რომელიც ლეგალურად კანონმდებლობით საქართველოში არსებობდა და განათლების დამადასტურებელი ის დოკუმენტები მივიღე, რა დოკუმენტებსაც ეს უმაღლესი სასწავლებლები გასცემდა. არც ერთი წუთით არ ვნანობ, რადგან დიპლომი არის არამატერიალური აქტივი და იმის მიხედვით ფასდება, თუ რამდენად შეძლო განათლებამიღებულმა პირმა თავის რეალიზება. ამ ქვეყნაში, როგორც ადვოკატი, რამდენიმე ათეულ გენერალს ვემსახურებოდი. ამ დიპლომით შევძელი, რომ საკანონმდებლო ინიციატივებზე მემუშავა მთავრობის ნაწილში და ექვსი წლის განმავლობაში ყველა პოლიტიკურ გუნდს ჰქონდა შესაძლებლობა, მონაწილეობა მიეღო იმ საკანონმდებლო ინიციატივების განხილვაში, რომელსაც ან პირადად მე ვწერდი ან მე ვიღებდი მის დაწერაში მონაწილეობას. ამიტომ, არ მესმის, ჩემს განათლებასთან დაკავშირებით რატომ გაჩნდა კითხვები,“ – განაცხადა თადუმაძემ ენძელა მაჭავარიანის პასუხად.

პარლამენტში წარდგენილი ბიოგრაფიული მონაცემების მიხედვით, შალვა თადუმაძე 1994 – 1998 წლებში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამთო ინჟინრის პროფესიას დაეუფლა, ხოლო 1994 – 1999 წლებში, იურისტის განათლება თბილისის ჰუმანიტარულ ინსტიტუტში მიიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები