LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკულ კომპანიებს მოგების გადასახადის ქართული რეგულაციები აინტერესებთ

156

ბიზნესგაერთიანებებთან შეხვედრების ფორმატში, დღეს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ბიზნესსექტორთან ამგვარი შეხვედრების მიზანია, საგადასახადო ადმინისტრირების გაუმჯობესება, კოდექსში არსებული ბუნდოვანი მუხლებისა და რეგულაციების დაზუსტება. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებმა დასვეს ის შეკითხვები და წინადადებები, რომელიც უკავშირდებოდა, როგორც მოგების გადასახადის რეფორმით გათვალისწინებულ ახალ რეგულაციებს, ისე კოდექსით გათვალისწინებულ სხვა ნორმებს. მხარეებმა იმსჯელეს, თუ როგორ შეიძლება უფრო გამარტივდეს და დაიხვეწოს საგადასახადო ადმინისტრირება გადასახადის გადამხდელებისთვის.

როგორც უწყებაში განმარტავენ, ამერიკის სავაჭრო პალატის მხრიდან გამოთქმულ კონკრეტული წინადადებებზე, ისე როგორც სხვა ბიზნესგაერთიანებების შენიშვნებზე, ფინანსთა სამინისტრო გააგრძელებს მუშაობას და ბიზნესიდან მიღებული მოსაზრებების გათვალისწინებით მომზადდება საგადასახადო კოდექსში ცვლილებების პროექტი.