LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკული SSA Marine ანაკლიის პორტის ოპერირებას იწყებს

55

მსხვილი ამერიკული კომპანია SSA Marine ანაკლიის პორტის ოპერირებას იწყებს. სახელმწიფო კანცელარიაში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ოპერირების შესახებ ხელმოწერის ცერემონია გაიმართება.

”ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” პრესსამსახურის ინფორმაციით, ხელმოწერის ცერემონიას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრება. ის ანაკლიის პორტის ტერმინალ-ოპერატორის, მსხვილი ამერიკული კომპანიის SSA Marine-ის ვიცე-პრეზიდენტთან და “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებლებთან შეხვედრასაც გამართავს და აშშ-სა და საქართველოს შორის ეკონომიკურ ურთიერთობებსა და ანაკლიის პორტის გეგმებს განიხილავს.

შეხვედრა კანცელარიაში 12:30 -ზე, ხოლო ხელმოწერის ცერემონია „ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა“ და SSA Marine-ს შორის 13:15-ზე დაიწყება.

”ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” პრესსამსახურის ცნობით, SSA Marine ანაკლიის პორტის ტერმინალ-ოპერატორად „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ 2017 წლის ივნისში დაასახელა.

„კონტი ჯგუფის“ შემდეგ SSA Marine მეორე მსხვილი ამერიკული კომპანიაა, რომელიც ანაკლიის პორტის მშენებლობასა და განვითარებაში მნიშვნელოვან ინვესტიციას ახორციელებს. მათივე ცნობით, მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ოპერატორი SSA Marine ხუთ კონტინენტზე, 250-ზე მეტ სტრატეგიულ ტერმინალზე ოპერირებს და წლიურად 27.2 მილიონ კონტეინერს (TEU) ემსახურება.

შეგახსენებთ, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის განხორციელება 2016 წელს დაიწყო. იგი ანაკლიის მიმდებარედ, 340 ჰექტარის ფართობის ტერიტორიაზე აშენდება. პორტის მშენებლობისა და განვითარების ღირებულება 2.5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. ანაკლიის პორტი აშენდება რამდენიმე ეტაპად, მოიცავს 9 ფაზას და, საბოლოო ჯამში, მისი გამტარუნარიანობა წელიწადში 100 მილიონ ტონას მიაღწევს. პროექტი საქართველოში ათასობით ახალ სამუშაო ადგილს შექმნის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები