LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამიერიდან საბავშვო ბაღებში აღმზრდელები კონკურსის შედეგად შეირჩევიან

101

საბავშვო ბაღებში აღმზრდელები კონკურსის შედეგად შეირჩევიან. როგორც “ფორტუნას” თბილისის საბავშვო ბაგა-გაღების მართვის სააგენტოში განუცხადეს, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებისათვის (ბაგა-ბაღები) კვალიფიციური საკადრო რეზერვის შესაქმნელად კონკურსი იყო გამოცხადებული, რომელიც უკვე დასრულდა. ასეთი კონკურსი პირველად ჩატარდა. ბაღების სააგენტოში აცხადებენ, რომ აღმზრდელებს შეხება აქვთ უშუალოდ ბავშვებთან, ამიტომ აუცილებელია ამ საკითხისადმი სერიოზული მიდგომა. კონკურსი აღმზრდელის გარდა, აღმზრდელის თანაშემწესა და საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორსაც (მეთოდისტი) ეხებოდა.

კონკურსი 3 ეტაპად ჩატარდა: განცხადების გადარჩევა, ტესტირება და გასაუბრება. ტესტირება 2016 წლის 10 იანვარს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ჩაატარა. კონკურსის მესამე  ეტაპი – გასაუბრება ჩატარდა კომისიური წესით, რომლის შემადგენლობაში შედიოდა სააგენტოს ადამიანური რესურსების მართვის და კოორდინაციის სამსახურის ორი თანამშრომელი და მოწვეული სპეციალისტი (ფსიქოლოგი).

საკადრო რეზერვში ჩასარიცხად სამივე პოზიციას (ჯამურად) ესაჭიროებოდა შესაბამისი ქულები: აღმზრდელის თანაშემწეს  – 60; აღმზრდელს – 70; საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორს – 85 ქულა.

კონკურსის საბოლოო შედეგები ასეთია: მონაწილეობა მიიღო 1014 მოქალაქემ. აქედან მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა – 509 -მ, ხოლო გადალახა 505-მა. აღმზრდელის თანაშემწის პოზიციაზე გავიდა – 291; აღმზრდელის პოზიციაზე – 210; საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორის პოზიცია დააკმაყოფილა 4-მაკანდიდატმა.

ინფორმაცია კონკურსის მესამე ეტაპის შესახებ კონკურსანტებს ეცნობებათ მოკლე ტექსტური  შეტყობინების სახით.

მოქალაქეები, რომლებიც მოხვდნენ საკადრო რეზერვში, ზემოთხსენებულ სამ პოზიციაზე დასაქმდებიან თბილისის სხვადასხვა ბაღში.

რაც შეეხება ბაღებში არსებულ სხვა პოზიციებს, მათ შორის, ადმინისტრაციულს, მათზე დასაქმების მსურველებმა უნდა შეავსონ ელექტრონული განაცხადი სააგენტოს ვებ-გვერდზე. შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, შერჩეულ კანდიდატებს სააგენტოს საკადრო სამსახური დაუკავშირდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები