LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ანა ნათესავს ეხვეწებოდა, იატაკზე დავწვები, ოღონდ თქვენთან დამტოვეთო” – სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები

312

19 წლის ანა ხელაძეს, რომელიც რამდენიმე დღის წინ დეიდის სახლში ყელგამოჭრილი იპოვეს, საკუთარ ბიძაშვილთან, რობერტ ახალაიასთან ერთად ცხოვრება არ უნდოდა, ამის შესახებ „პრაიმტაიმი“ წერს.

გამოცემას ფოთში ხელაძის მეზობლებმა უთხრეს, რომ ანას რობერტთან არც ისე იდეალური ურთიერთობა ჰქონდა.

„ნათესავს ეხვეწებოდა, იატაკზე დავწვები, ოღონდ თქვენთან დამტოვეთ, იმასთან არ მინდაო. აკონტროლებდა თურმე ეს ბიჭი, უკრძალავდა თავისუფლად სიარულს და ანას მასთან ცხოვრება არ უნდოდა“, – ჰყვებიან მოკლულის ფოთელი მეზობლები.

სასტიკი მკვლელობა უზნაძის ქუჩაზე 16 ივნისს დაახლოებით 17:00-ზე მოხდა. ამ დროს, რობერტ ახალაია და ანა ხელაძე სახლში მარტო იმყოფებოდნენ. საქმის პროკურორის გრიგოლ ბიბილაშვილის ინფორმაციით, ბინის პატრონი, რომელიც ანა ხელაძის დეიდა იყო, ხოლო რობერტ ახალაიას მამიდა, ფოთში საკუთარ მცირეწლოვან შვილებთან ერთად იყო წასული.

ექსპერტიზის წინასწარი დასკვნით, ანა ხელაძეს 8 ჭრილობა აქვს მიყენებული.

პროკურორის ინფორმაციით, რობერტ ახალაიამ გოგონას ყელის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, სისხლიანი ტანისამოსი აბაზანაში გამოიცვალა, ბინა დატოვა, მობილურის სიმბარათი შეცვალა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. უფრო კონკრეტულად კი – ფოთში წავიდა.

ანა ხელაძე მკვლელობიდან მეორე დღეს მეგობრებმა აღმოაჩინეს.

ბრალდების მხარის ცნობით, რობერტ ახალაია ბრალს აღიარებს, ადვოკატი კი ამბობს, რომ ის დუმილის უფლებას იყენებს და ბრალს არ აღიარებს.

„თავიდან, სანამ დავფიქრდებოდი ჩემ მიერ ჩადენილ ქმედებაზე, არ მქონდა განზრახული პოლიციაში გამოცხადება. თუმცა, როდესაც ყველაფერი გავიაზრე, გადავწყვიტე, გამოვცხადებულიყავი. ფოთში ვიყავი ზღვაზე, როდესაც სამართალდამცველები მოვიდნენ და მითხრეს, რომ პოლიციაში ვიყავი დაბარებული. მე მათ ჩემი ნებით წავყევი“, – განაცხადა რობერტ ახალაიამ სასამართლო სხდომაზე.

მკვლელობის ვერსიებზე ოჯახის წევრები ვერ საუბრობენ და მკვლელობის მოტივად ვინმესთან კონფლიქტს გამორიცხავენ. ერთ-ერთ მოტივად სექსუალური ძალადობა განიხილება. ბრალდებისა და დაცვის მხარეც ამ მოტივს გამორიცხავს და აღნიშნავენ, რომ საქმეში მსგავსი  ფაქტები არ ფიგურირებს, თუმცა ფიზიკური ძალადობა ნამდვილად სახეზეა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები