LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ანაკლია სითი“ უმსხვილესი ყაზახური ეკონომიკური ზონის პარტნიორი გახდა

73

ღრმაწყლოვანი პორტის, ქალაქ ანაკლიისა და ეკონომიკური ზონის პროექტის წარმომადგენლები ყაზახეთში პორტების, სატრანსპორტო სექტორისა და სხვადასხვა კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავენ.

ვიზიტის ფარგლებში, „ანაკლია სითიმ“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა ხორგოსის ეკონომიკურ ზონასთან, რომლის შემადგენლობაშიც მსოფლიოში უდიდესი მშრალი პორტი შედის.  რამდენიმე ათას ჰექტარზე გაშენებული ხორგოსის ეკონომიკური ზონა ჩინეთის და ყაზახეთის საზღვართან მდებარეობს. ის მოიაზრება, როგორც მნიშვნელოვანი კვანძი აბრეშუმის გზაზე და სტრატეგიული წერტილი ჩინეთისა და ევროპის ბაზრების დასაკავშირებლად.

ანაკლიის პროექტის წარმომადგენლებმა ხორგოსში ეკონომიკური ზონა და მშრალი პორტის ტერმინალი მოინახულეს, ადგილობრივ გამოცდილებას გაეცნენ, მომავალი თანამშრომლობა განიხილეს და ღრმაწყლოვანი პორტის, ქალაქ ანაკლიისა და სპეციალური ეკონომიკური ზონის პროექტები წარადგინეს. ორ ეკონომიკურ ზონას შორის გაფორმებული  ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: პროექტების ხელშეწყობა, პოპულარიზაცია და ერთობლივი პროექტების განხორციელება.

ცნობისთვის, ხორგოსი უკვე მეორე მსხვილი ეკონომიკური ზონაა, რომელთანაც „ანაკლია სითიმ“ თანამშრომლობა დაიწყო – სამხრეთ კორეის ინჩეონთან პარტნიორობის შემდეგ.

ყაზახეთში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის, ქალაქისა და ეკონომიკური ზონის წარმომადგენლების ვიზიტი 18 იანვარმდე გაგრძელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები