LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანაკლიის პორტის მშენებლობა პირველ ფაზაში შევიდა

ანაკლიის პორტის მშენებლობა პირველ ფაზაში შევიდა. პორტის ასაშენებლად სულ 9 ფაზის სარემონტო სამუშაოები იგეგმება. ანაკლიის განვითარების კონსორციუმში განმარტავენ, რომ მშენებლობამდე დაახლოებით, 200 კვლევა ჩატარდა, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში გრძელდებოდა.

„ჩვენ ჩავატარეთ კვლევა, რომლის ფარგლებშიც მიმოვიხილეთ გარემოზე ზემოქმედება, სოციალური ზემოქმედება, გრუნტთან, ამინდთან, რეგიონთან შესაბამისობა. კვლევა ჩატარდა როგორც ხმელეთზე, ასევე ზღვაში. მკვლევარები ჩადიოდნენ ზღვის სიღრმეში და ნიმუშებს იღებდნენ. ამ ყველაფრის შეჯამებით, ჩამოყალიბდა კონკრეტული ზომები, ბაზრის მოთხოვნების და კომერციის გათვალისწინებით, ჩამოყალიბდა ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტი,“ – ამბობს ადრეული სამუშაოების პროექტის ხელმძღვანელი, ვლადიმერ ჯიქია. 

ადგილზე ამ ეტაპზე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც კონსორციუმში აცხადებენ, პორტი მოემსახურება 10 000 კონტეინერის ტევადობის გემებს, რომლის მსგავსიც საქართველოში ჯერჯერობით არ შემოსულა, ვინაიდან ჩვენს ქვეყანაში მოქმედ სხვა პორტებს ამის საშუალება არ აქვთ. არხი, რომლის მშენებლობაც პირველი ფაზის სამუშაოებშია გათვალისწინებული, ზღვაში 1კმ და 600 მეტრის სიგრძეზე შევა. ვლადიმერ ჯიქია ამბობს, რომ ამ დროის მონაცემებით, მსგავსი პორტი ბევრ ქვეყანას არ აქვს.

 

 

ისტორიულად, ანაკლიის პორტის მშენებლობა გასული საუკუნის შუა პერიოდიდან იგეგმებოდა. შესაბამისად, ეს ინიციატივა ახალი არ არის, თუმცა, როგორც მშენებლობის ორგანიზატორები განმარტავენ, სამშენებლო სამუშაოები სწორედ ახლა მიმდინარეობს.

 

„ეს პროცესი არა მხოლოდ სახელმწიფოს ხარჯებით მიმდინარეობს, არამედ დიდი წვლილი ანაკლიის განვითარების კონსორციუმსაც მიუძღვის. პროცესში ჩართულია არა ერთი საერთაშორისო კომპანია, მათ შორის არის ამერიკული და ჰოლანდიური მხარეები. ეს გაცილებით მასშტაბური პროექტია, ვიდრე წარსულში ხშირად ნახსენები “ლაზიკის” პროექტი. იმ პროექტის ფარგლებში გათვლა სპეციალურ ეკონომიკურ ზონაზე არ ყოფილა, დატვირთვა თვითონ ქალაქზე იყო,“ – აცხადებენ კონსორციუმის წევრები.

ანაკლიის პორტის პირველი ფაზის განმავლობაში აშენებული არხის მთავარი დანიშნულება გრუნტის წყლისგან ტერიტორიის დაცვა-დაშრობა იქნება.

თათია კაკიაშვილი