LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანაზღაურებადი სტაჟირება – შინაგან საქმეთა სამინისტროში მიღების ახალი წესი ინერგება

63

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვისას, შსს-ში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა უწყებაში სამსახურში მიღების წესის გარდაქმნას.

გახარიას თქმით, უწყების კიდევ ერთი კომპონენტი მიმდინარე რეფორმების და ცვლილებების სამსახურში მიღების წესის ცვლილებაა, რომელიც უკვე ხელმოწერილია.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში აღარ იქნება უმაღლესი განათლების კომპონენტი და ის იქნება სრულად პროფესიული განათლების დაწესებულება. გარდა ამისა, სისტემაში მოხვედრის ერთადერთი გზა იქნება ანაზღაურებადი სტაჟირება და შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია.  ეს ნიშნავს იმას, რომ საბაზისო კურსების გავლის დროს საქართველოს თითოეული მოქალაქე, რომელიც იქნება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავლილი ტესტირების შედეგად ამორჩეული, – მისი სტაჟირების და სწავლის პერიოდი, რომელიც იქნება აკადემიაში – ანაზღაურებადი იქნება. ის პირველი 3 თვის საბაზისო კურსების გავლის პერიოდში მიიღებს მისი საშტატო სარგოს 50%-ს.  ხოლო 9-თვიანი საგამოცდო პერიოდის განმავლობაში, მიიღებს სრულ სარგოს და ეს იქნება ის ინსტიტუციონალური პროცესი, რისი საშუალებითაც თითოეული ადამიანი შეძლებს მოხვდეს შინაგან საქმეთა სამინისტროში,“ – აღნიშნა გახარიამ.

შს მინისტრობის კანდიდატის თქმით, „ვერანაირი სოციალური სტატუსი, ხელფასის ზრდა, საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესება, სოციალური დაცვის გაძლიერება,  ვერ იქნება გარანტი იმის, რომ ადამიანური რესურსი შინაგან საქმეთა სამინისტროში ხარისხობრივად გაუმჯობესდეს“.

„ამას სჭირდება ინსტიტუციონალური განათლების და პროფესიული ზრდის მექანიზმები, რომელსაც ახლა ჩვენ ვქმნით. რა თქმა უნდა, ჩვენ გვესმის და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საუკეთესო კადრები, საუკეთესო ახალგაზრდები მოდიოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროში და მათ იცოდნენ, რომ მათი სოციალური და პროფესიული ზრდის გარანტიები არის სახელმწიფოს და ინსტიტუტის მიერ.  ასევე, მინდა მოგახსენოთ, რომ ჩვენ მოვახერხეთ და 13 200 პოლიციელს გავუზარდეთ ხელფასი, თუმცა, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პირველი ნაბიჯი. ასევე მინდა ვთქვა, რომ უახლოეს პერიოდში გაგრძელდება ხელფასების ზრდა სისტემაში,“ – დასძინა გახარიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები