LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანგელა მერკელი და ვლადიმერ პუტინი სოჭში არიან, „იქნებ შავი ზღვის მზემ უშველოს, ცდად ღირს”

87

ანგელა მერკელი სოჭში იმყოფება, გერმანიის კანცლერი რუსეთის პრეზიდენტს ხვდება. გერმანული მედია ვარაუდობს, რომ მერკელისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა მარტივად არ ჩაივლის, რადგან გერმანიის კანცლერისთვის რთული იქნება დაბალანსებული პოზიცია შეინარჩუნოს რუსეთის პრეზიდენტის მიმართ, რომელსაც უკვე ორი წელია, არ შეხვედრია.

„იყო სატელეფონო ზარები, საერთაშორისო კონფერენციები, თუმცა არანაირი კონფიდენციალური შეხვედრა პირისპირ. ახლა კანცლერს აქვს საშუალება, შეასუსტოს რუსეთის ბლოკადა, იმის მიუხედავად, რომ უკრაინის საკითხთან დაკავშირებით  პროგრესი ძალიან მცირეა,“ – წერს გაზეთი Berliner Zeitung.

გაზეთი აღნიშნავს, რომ მერკელი, როგორც შემდეგი „დიდი ოცეულის“ ორგანიზატორი ვიზიტით ჩადის ყველა მონაწილე ქვეყანაში. ამიტომ, მას შეუძლია, სოჭში ვიზიტი მსოფლიოს წარუდგინოს როგორც საერთაშორისო პროგრამის ნაწილი და ამტკიცოს, რომ არანაირ პრინციპულ კომპრომისზე წასვლას არ აპირებს.

Berliner Zeitung, ასევე, ვარაუდობს, რომ ვიზიტმა ანგელა მერკელს, შესაძლოა, დივიდენდები საკუთარ ქვეყანაშიც მოუტანოს, მოახლოებული არჩევნების გათვალისწინებით. რუსეთში ვიზიტი მერკელისთვის გახდება არგუმენტი მოწინააღმდეგებთან კამათისას, რომლებიც კანცლერს მოსკოვის მიმართ „ზედმეტად მკაცრი პოზიციის“ გამო აკრიტიკებენ.

 

სარგებელი პუტინს

პუტინი კი მერკელის ვიზიტს საკუთარი პიარისთვის გამოიყენებს.

„პუტინი, რომელიც არის ეკონომიკური პრობლემების მქონე ქვეყნის პრეზიდენტი და ასევე, აქვს გასაღები სირიის პრობლემების გადასაჭრელად, კმაყოფილი იქნება მსოფლიოს ყურადღებით. შესაძლოა, სირიის პრობლემის გადაჭრას ცოტა მივუახლოვდეთ, რადგან, ბოლოს და ბოლოს, პოლიტიკოსებისთვის „სასარგებლოა“ ერთმანეთთან საუბარი. თუმცა, არც ის არის გამორიცხული, რომ სიტუაცია კიდევ უფრო მეტად გართულდეს,“ – წერს გაზეთი.

 

ბიზნესინტერესები

ფინანსური წრეების გამოცემა Handelsblatt კი გერმანულ ბიზნესში რუსეთის ინტერესებზე წერს.

„სანქციების მიუხედავად, გერმანია-რუსეთის ურთიერთობა სულ უფრო უმჯობესდება,“ – წერს გაზეთი და აღნიშნავს, რომ თებერვალში, ორ ქვეყანას შორის, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, ვაჭრობა 37%-ით გაიზარდა.

Handelsblatt-თან ინტერვიუში რუსეთთან მომუშავე სავაჭრო ასოციაციის ხელმძღვანელმა ვოლფგანგ ბიუხელემ იმედი გამოთქვა, რომ მერკელის ვიზიტი ორ ქვეყანას შორის უფრო აქტიური დიალოგის დასაწყისი იქნება.

„ევროპა კონფრონტაციის გასაგრძელებლად ძალიან ძვირს იხდის. მხარეებს ერთმანეთი სჭირდებათ ფუნდამენტური საკითხების გადასაჭრელად, რომელიც ევროპის და მსოფლიოს წინაშე დგას,“ – ამბობს ბიუხელე, თუმცა, აქვე აღნიშნავს, რომ რუსეთი „დროებით არის სტაბილური“, რადგან ჯერ კიდევ დამოკიდებულია ბუნებრივ რესურსებზე, ჰყავს სუსტი საშუალო კლასი და ქვეყანაში ქონება არასათანადოდ არის გადანაწილებული.

 

ძველი “მეგობრები” – პუტინი და მერკელი

 

ტაბლოიდი Bild ხაზს უსვამს მერკელსა და პუტინს შორის დიდი ხნის ურთიერთობას. გაზეთი წერს, რომ ორი ქვეყნის ლიდერი საუკეთესოდ იცნობს ერთმანეთს.

„მერკელი კარგად იცნობს პუტინის სტილს, კატეგორიულად უარყოს ფაქტები („რუსეთი არ მონაწილეობს უკრაინულ კონფლიქტში“) და მის გამოსვლებს დასავლეთის საწინააღმდეგოდ. პუტინმა კი იცის მერკელის ტაქტიკური სვლები, როგორ უმკლავდება თავდასხმებს, სთავაზობს თანამშრომლობას და არასოდეს იხევს უკან.

პუტინი ყველა კრიზისში „გაიჭედა“. სირიაში არაფერი იძვრის, პროგრესი არ არის უკრაინაში, რუსეთი ზარალდება ევროპული სანქციებისგან,  პრეზიდენტ ტრამპისგან მოსალოდნელი აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობის დათბობა კი ჯერ-ჯერობით, კვლავ არ ჩანს.“

Bild წერს, რომ არის საშუალება, შეხვედრისას დაძაბულობა მოიხსნას და პრობლემების გადაჭრის მხრივ ყინული დაიძრას.

„იქნებ, შავი ზღვის მზემ უშველოს, ცდად ღირს,“ – წერს გაზეთი.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები