ანი კავლელიშვილი „ბლექ სი არენას“ და ანაკლიაში დაგეგმილი პროექტის შესახებ

427

ანი კავლელიშვილი „ბლექ სი არენას“ დირექტორად, დაახლოებით, ერთი წლის წინ დაინიშნა. ანი მანამდეც მუშაობდა შეკვეთილში მდებარე დარბაზში, სადაც ღონისძიებების ნაწილს ხელმძღვანელობდა.

2017 წელის სეზონი ქალი ხელმძღვანელის ხელში არენისთვის საკმაოდ საინტერესო და მრავალფეროვანი იყო. განსაკუთრებული გახლდათ 20 მაისს სეზონის გახსნაზე ჩატარებული ლეგენდარული როკჯგუფის „აეროსმიტის“ კონცერტი, რომლის მენეჯმენტმაც, საქართველოს დატოვების შემდეგ, „ბლექ სი არენას“ შესანიშნავ კოლექტივს მადლობა გადაუხადა მაღალი პროფესიონალიზმისთვის, თავად არენის შესაძლებლობებით კი ძალიან მოიხიბლა.

ახლახან ანი კავლელიშვილის გუნდს ანაკლიაში მუსიკალური ღონისძიებების მენეჯმენტიც დაავალეს. „ბლექ სი არენას“ დირექტორი მიიჩნევს, რომ ეს კიდევ ახალი და საინტერესო გამოწვევაა. ანაკლიაში „ბლექ სი არენას“ გუნდი საინტერესო რამდენიმე უიკენდს გეგმავს…

ანი კავლელიშვილი:

ამ პოზიციაზე გასულ წელს დავინიშნე და არაერთხელ ავღნიშნე, რომ უდიდესი გამოწვევა იყო. ნდობა, რომელიც გამომიცხადეს, უთუოდ უნდა გამემართლებინა. რთული სეზონი გავიარეთ, თუმცა ვფიქრობ, წარმატებით. დიდი შრომა გასწია ჩემმა გუნდმა და დამსახურებული არაერთი მადლობა მიიღო.

2018 წლის ზაფხულის დაგეგმვა გასული წლიდან დავიწყეთ. ამ ეტაპზეც მიმდინარეობს მოლაპარაკებების პროცესი, რომელიც ძალიან დიდ დროს მოითხოვს. უკვე ყველასთვის კარგად გახდა ცნობილი, რომ როცა ესაუბრები ვარსკვლავის მენეჯმენტ ჯგუფს, სანამ მათგან არ მიიღებ ნებართვას, არ შეგიძლია არტისტის სახელის გაჟღერება. პრიორიტეტი ისევ მაღალი ხარისხი და მრავალფეროვნებაა. ჩვენი წლევანელი პროგრამა საინტერესო და მაღალი დონის პროექტებითაა შედგენილი.

წელსაც დიდი ყურადღება მიექცევა ქართველ შემსრულებლებსა და ქართულ პროექტებს. ერთის მხრივ, ტურისტებს ვაცნობთ ქართულ კულტურასა და ესტრადას და მეორე მხრივ, ქართულ შოუბიზნესის განვითარებას მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს.  ვფიქრობთ, ამას ხელს უწყობს უცხოელ არტისტბთან კოლაბორაცია. წელსაც იქნება ამ მხრივ ძალიან საინტერესო ღონისძიებები.

„ბლექ სი არენა“ 2018 წლის სეზონი მაისში გაიხსნება და გპირდებით, რომ ეს დაუვიწყარი საღამო იქნება (იღიმის).

თქვენთვის, ალბათ, განსაკუთრებული იყო წინა წელს „აეროსმიტის“ დადებითი შეფასებები არენის მისამართით…

საერთოდ, როცა „ბლექ სი არენაზეა“ საუბარი, ხშირად მომისმენია ასეთი კომენტარი, რა მარტივი სამსახური გაქვთო. დამერწმუნეთ, რომ ამ ძალიან სასიამოვნო და საინტერესო საქმეს უამრავი სირთულე, ბარიერი და ღელვა ახლავს. ნებისმიერ საქმეს თან ახლავს შეცდომებიც, თუმცა ჩვენ შემთხვევაში ეს შეცდომა შესაძლოა, მოხდეს 10 000 მაყურებლის წინაშე.  თუკი რომელიმე კომპანია შეცდომას უშვებს, ის შესაძლოა, საზოგადოებისთვის უხილავი დარჩეს, რაც ჩვენ შემთხვევაში, თითქმის შეუძლებელია. ჩვენი საქმე მოითხოვს საიუვილერო მუშაობას.

ჩვენ ორი მნიშვნელოვანი შემფასებელი გვყავს: ჩვენი მაყურებელი და არტისტები, ვინც გვსტუმრობს.

როცა ჩვენ წელს მოლაპარაკებები დავიწყეთ სხვადასხვა არტისტთან, წინ დაგხვდა ეს არაჩვეულებრივი რევიუები. არტისტის მენეჯერები და აგენტები უზიარებენ ერთმანეთს კარგ და ცუდ გამოცდილებასაც. ეს არის ძირითადი მომენტი, რის გამოც ჩვენ კიდევ უფრო მეტად ვართ დაინტერესებულნი, რომ „ბლექ სი არენა“ სათანადოდ იყოს წარმოჩენილი და საქმეს გვიმარტივებს.

„ბლექ სი არენა“ ძალიან საინტერესო ისტორია ახლა იწერება, ასე რომ, ყველა ნაბიჯი ზედმიწევნით მნიშვნელოვანია. ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ დადებითი შეფასებებით  მივიწევთ წინ. უცხოელები თუ ქართველები კომფორტულად მუშაობენ გუნდთან და შედეგიც არის. „აეროსმიტმა“ გამოსამშვიდობებლი ტურნეს 18 ქვეყნის  18 მუსიკალური არენა მოინახულა და ჩვენი საკონცერტო დარბაზით აღფრთოვანებული დარჩა.  მას „გასაოცარი“ უწოდეს და შავი ზღვის ბრილიანტად მოიხსენიეს. არენების უმრავლესობა სპორტული მიზნებისთვის შენდება და შემდეგ ცდილობენ, საკონცერტო წარმოდგენებს მოარგონ. „ბლექ სი არენა“  სწორედ მუსიკალური და თეატრალური წარმოდგენებისთვის არის აშენებული და ისეა დაგეგმარებული, რომ კიდევ უფრო მეტად გვიადვილებს ამ რთულ სამუშაოს.

ყველაზე დიდი მოტივაცია და ჯილდო კულისებს მიღმა მიღებული უამრავი მადლობა და კომპლიმენტია, რომელსაც ეს პროფესიონალების გუნდი ნამდვილად იმსახურებს.

დიდი არტისტები გვესტუმრებიან წელს?

რასაკვირველია. საერთოდ, ძალიან რთულია იმის განსაღვრა, ვინ არის დიდი არტისტი. არ არსებობს კონკრეტული საზომი, შეიძლება ვთქვათ, რამდენი ჯილდო აქვს აღებული ამა თუ იმ შესმრულებელსა თუ ჯგუფს, მაგრამ ეს მაინც ვერ განსაზღვრავს არტისტის მასშტაბს და ხშირად პირობითია ამით განსაზღვრაც. საზომი, ალბათ, ხალხის სიყვარულია, ზოგადად კი, ყველაფერი მაინც გემოვნებამდე მიდის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ არენის სცენა ლეგენდარულმა მუსიკოსებმა დაიკავონ. უკვე მესამე წელია, რაც „ჩექ ინ ჯორჯიას“ ფარგლებში საქართველოში ასეთი მასშტაბის არტისტებმა დაიწყეს ჩამოსვლა. დიდი ნაბიჯია გადადგმული „ჩექ ინ ჯორჯიას“ მიერ ამ მიმართულებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის და ამ კუთხით ტურიზმის განვითარებისთვის. ვფიქრობთ, წინ კიდევ დიდი გზაა და მრავალი საინტერესო კონცერტი…

ჩვენ ბევრ დიდ არტისტს შევხვდებით, მაგრამ აქცენტს ლეგენდებზე ვაკეთებთ და ამ პრინციპმა აშკარად გაამართლა (იღიმის).

„ბლექ სი არენას“ წარმატებამ განაპირობა, ალბათ, რომ შენ და შენს გუნდს დაგევალათ ანაკლიაში მუსიკალური ღონისძიებების მოწყობა…

ანაკლია კიდევ ერთი დიდი გამოწვევაა ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის. ეს ძალიან საინტერესო თემაა. „ბლექ სი არენამ“, გარდა იმ მიზნისა, რაც უკვე განახორციელა, კიდევ ერთი კარგი ფუნქცია შეასრულა, დაასაქმა უამრავი ადამიანი, საქართველოს გაუზარდა ამ სფეროს არაერთი პროფესიონალი, ფაქტობრივად, რეგიონში ამ მიმართულების ბევრი სპეციალისტია. ეს დააფასა კიდეც დღევანდელმა ხელისუფლებამ და ჩვენ მოგვცა საშუალება, მივიღოთ ანაკლიის საზაფხულო სეზონის მართვაში მონაწილეობა.

ჩვენ წელს მივდივართ ანაკლიაშიც. მჯერა, რომ ჩემი გუნდი მოახერხებს, ეს ზაფხული სამეგრელოსთვის საინტერესო გახადოს. რადგანაც ანაკლია პოზიცინიორებულია, როგორც ელექტრონული მუსიკის ფესტივალებისთვის სასურველი ნიშა, ჩვენ კი ამის ხელშეწყობას ვაპირებთ და ამ ნიშას აუცილებლად შევინარჩუნებთ, გვინდა გავაკეთოთ რამდენიმე უიქენდზე გათვლილი მუსიკალური საღამოების სეტი ელექტრონული მუსიკის მოყვარულებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ეს ღონისძიებები ამ კურორტის გაცოცხლებაში მიიღებს მონაწილეობას, თავს მოუყრის ელექტრონული მუსიკის მოყვარულებს, რეგიონი მეტ ტურისტს უმასპინძლებს. თქვენ იცით, რამდენად მნიშვნელოვანია ანაკლია საქართველოსთვის თავისი გეოგრაფიით, მდებარეობით, ამიტომაც „ჩექ ინ ჯორჯიას“ ის არავითარ შემთხვევაში არ გამორჩებოდა თვალსაწიერიდან.

თუმცა ჩვენ წლევანდელ ზაფხულს ანაკლიაში გარდამავალ პერიოდს ვეძახით. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ბატონმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დააანონსა, არის მრავალწლიანი მხარდაჭერის პროგრამა. ჩვენ წელს უკვე დავიწყეთ მუშაობა ამ მხრივ და ვეძებთ ისეთ კომპანიებს, ჯგუფებსა და პრომოუტერებს, რომლებიც შემოიტანენ საინტერესო პროექტებს, სახელმწიფო კი ხანგრძლივი პერიოდით დაუდგება მხარში. ეს ფესტივალი უშუალოდ იქნება ანაკლიის კურორტისთვის და წარმატებით გაგრძელდება ამ მიმართულებით მსოფლიოს ბაზარზე ანაკლიის პოზიციონირება.

არ შეიძლება, რომ არ დაინახო ადგილობრივების მზადება და განწყობა, ამიტომ არ შეიძლებოდა, ანაკლია უყურადღებოდ დარჩენილიყო და ჩვენ ამისთვის მაქსიმუმს ვაკეთებთ.

რაც შეეხება არტნაწილს, აქ დაგვჭირდა პროფესიონალების ჩართულობა, ძალიან მნიშვნელოვანია სფეროს სპეციალისტების აზრი, ამიტომაც დავუძახეთ გამოცდილ ადამიანებს, მათგან შეიკრა ჯგუფი, ისინი მუშაობენ ამ საღამოების დაგეგმვაზე. ისინი გვერდით დაუდგნენ სახელმწიფოს და ასევე კურორტს, სადაც ეს ღონისძიებები გაიმართება. ვფიქრობ, ამდენი ადამიანის კეთილგანწყობა აუცილებლად გამოიღებს შედეგს.

როდის გახდება ცნობილი ანაკლიის ლაინაფი?

როგორც იცით, ამ ღონისძიებებს აქვს სპეციფიკა, დღეების დატვირთვა ნიშნავს, რომ გყავდეს უამრავი არტისტი, შეიძლება, სათვალავიც აგერიოს, იმდენი დიჯეი უნდა ჩამოვიდეს შენს ქვეყანაში და იმდენმა ქართველმა არტისტმა უნდა დაიკავოს სცენა. ვფიქრობ, ჩვენ მაისის ბოლოს გვექნება უკვე ზუსტი სურათი, მოლაპარაკებები თითქმის დასრულებულია და ლაინაფსაც ამ დროისთვის გამოვაცხადებთ.

ფოტო: დათუნა აგასი

გადაღების ადგილი: სასტუმრო „ამბასადორი“

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები