LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანტიკორუფციულმა სააგენტომ გურჯაანში 7 საჯარო მოხელე დააკავა

105

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ 7 პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

უწყების მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით,  დაკავებულები არიან:  გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი, ამავე სამსახურის ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსი, განყოფილების მშენებლობის უფროსი სპეციალისტი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირების განყოფილების სპეციალისტი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილი პირველი მოადგილე, გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის ზედამხედველობის სამსახურის ყოფილი უფროსი და გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილი წარმომადგენელი.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ 2017 წელს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და შპს ,,მოხელეს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება ქ. გურჯაანში, სარაჯიშვილის ქუჩაზე მდებარე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობის რეაბილიტაციისა და ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოების შესრულებაზე, საერთო ღირებულებით 44 849,98 ლარი. შპს ,,მოხელემ“ ხელშეკრულების ფარგლებში შესასრულებელი 44 849,98 ლარის ღირებულების სამუშაოების ნაცვლად, ფაქტობრივად შეასრულა 29 048,11 ლარის სამუშაოები. დაკავებულებმა არაჯეროვნად შეასრულეს სამსახურებრივი მოვალეობა, სათანადოდ არ გამოიკვლიეს შესრულებული სამუშაოები,” – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

გამოძიება სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით.